Accessibility links

კვირას ბათუმში ისტერპრომოუშენის ჯაზ-ფესტივალი დაიხურება. წლევანდელ ფესტივალში, რომელიც 6 დღე გაგრძელდა, 11 ქვეყნის მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა. ჯაზის ამ დღესასწაულის კულმინაცია იქნება ამერიკელი სოულ-მომღერალი მეისი გრეი, რომელიც 24 ივლისს დახურავს ფესტივალს.

როგორც ჩანს, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალმა წელს ფორმა შეიცვალა - უფრო მასშტაბური გახდა და, ასე ვთქვათ, უფრო დემოკრატიულიც. ფესტივალი ოთხ სხვადასხვა სივრცეში მოეწყო - მათ შორის, ბულვარზე, სადაც უფასო კონცერტებიც გაიმართა. შეიცვალა რეპერტუარიც - ფაქტობრივად, ყველა ჟანრის მუსიკა ჟღერდა და, შესაბამისად, სრულიად განსხვავებული გემოვნების მსმენელი მიიზიდა.

წარსულ დროში ვსაუბრობთ, თუმცა ფესტივალის მთავარი მოვლენა კვირისთვისაა დაგეგმილი - 24 ივლისს ბათუმში მეისი გრეი იმღერებს. ამერიკელი მომღერალი, რომელსაც ბევრი კრიტიკოსი ”თანამედროვე ბილი ჰოლიდეის” უწოდებს, ბათუმში 17 მუსიკოსთან ერთად ჩამოვიდა და დახურავს შავი ზღვის ჯაზის ფესტივალს.

გაგახსენებთ, რომ 44 წლის მეგა-ვარსკვლავი, მომღერალი და მსახიობი მეისი გრეი, რომელმაც გასულ წელს თავისი მეხუთე დისკი გამოუშვა,ორი გრემის და 'MTV'-ის ორი მუსიკალური ჯილდოს მფლობელია.

პირველი გრემი მან 2001 წელს მოიპოვა სიმღერებისთვის, რომლებიც მის პირველ ალბომში შევიდა. ცოტა ხნით ადრე კი ”ემტივის” ლაურეატი გახდა. იმხანად მას ჯერ კიდევ პოპ-მომღერლად იხსენიებდნენ. თუმცა მომდევნო წლებში გრეიმ უფრო მრავალფეროვანი გახადა რეპერტუარი და უფრო გაართულა კიდეც, რაც ბუნებრივია - მისი საშემსრულებლო ტექნიკა დაიხვეწა და ხმის დიაპაზონიც გაფართოვდა. პარალელურად, მას კინოში იღებენ - მაგალითად, ფილმში ”ადამიანი-ობობა” - და იგი თვითონაც წერს მუსიკას ფილმებისთვის.

მეისი გრეის ბოლო დისკს არ ჰქონდა ისეთი წარმატება, როგორც წინა ალბომებს. თუმცა, როგორც მუსიკალური კრიტიკოსები აღნიშნავენ, ამას არ უმოქმედია უარყოფითად მომღერლის კარიერაზე. მისი თაყვანისმცემლები ამტკიცებენ, რომ მეისი გრეის ნიჭი რომ დააფასო, მომღერალს არა მარტო უნდა უსმინო, არამედ უნდა უყურო კიდეც - ჯერ ერთი, მისი პლასტიკით დატკბე და, მეორეც, იმპროვიზაციის განსაკუთრებული ნიჭით - როგორც ამბობენ, ის არასდროს ასრულებს ერთსა და იმავე სიმღერას ერთნაირად. მით უფრო საინტერესო უნდა იყოს კონცერტი, რომელიც 24 ივლისს გაიმართება ბათუმში, პიაცაზე. ეს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ყველაზე ძვირად ღირებული კონცერტი იქნება - ბილეთი 90 ლარი ღირს.
XS
SM
MD
LG