Accessibility links

logo-print
ფოტოკორესპონდენტების დაკავებისა და მათთვის სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით ჯაშუშობის ბრალდების წაყენებამ ქართველ ჟურნალისტთა ნაწილი დააფიქრა. გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, 314-ე მუხლის მეორე ნაწილი იმდენად ბუნდოვანი აღმოჩნდა, რომ ამ მუხლით შესაძლოა ნებისმიერი ჟურნალისტი გასამართლდეს. ექსპერტთა ჯგუფმა უკვე დაასრულა სარჩელზე მუშაობა, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოსაგან ჯაშუშობის ბრალდების განმსაზღვრელი 314-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. რას ემყარება მედიასამართლისა და მედიაექსპერტთა არგუმენტები და წარმოადგენს თუ არა 314-ე მუხლი ჟურნალისტური საქმიანობისთვის საფრთხეს?

რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ ფოტოგრაფების დაკავების შემდეგ სულ სხვაგვარი დატვირთვა შეიძინა 314-ე მუხლის შინაარსმა.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლში ვკითხულობთ:

მუხლი 314. ჯაშუშობა

ეს ნაწილი ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის თავისუფლად მოგროვების, გავრცელების უფლებას...
1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა, ანდა გამოძალვა, ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
2. ჯაშუშობა, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან რამაც საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.

ელისო ჩაფიძის თქმით, მის და მისი კოლეგებისთვის გაუგებარია განსაზღვრებები: საქართველოს ინტერესის საზიანოდ და სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა. ჟურნალისტის საქმიანობა ხომ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელებაა, დაუზუსტებელი ტერმინები კი ამ ყველაფრის შემდეგ მათ შეშფოთებას იწვევს:

ელისო ჩაფიძე

”მე რომ ისეთი ტიპის ინფორმაცია გავავრცელო, რომელიც აბსოლუტურად სიმართლეს შეესაბამება და თან არის ღია, მაგრამ ის, გარკვეულწილად, აყენებდეს საფრთხეს, დავუშვათ, პრეზიდენტის იმიჯს, ფოტო იყოს საჯარო ადგილზე გადაღებული, არსებობს საშიშროება, რომ ამ მუხლის მიხედვით დაგაპატიმრონ.”

ამ მუხლის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების იდეა გაზეთ „რეზონანსის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ტუღუშს გაუჩნდა. ჟურნალისტების ინიციატივას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე და ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე გამოეხმაურნენ. მათი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი (არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. ), კონსტიტუციის 24-ე მუხლი (1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლი ხელისუფლებას ავალდებულებს კანონი მაქსიმალურად ზუსტი და მკაფიო იყოს.

”ეს ნაწილი ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის თავისუფლად მოგროვების, გავრცელების უფლებას და ასევე იმ უფლებას, რომ ჩვენ გვაქვს უფლება გავეცნოთ სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციას, თუ ეს არ არის სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება”, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

სარჩელზე მომუშავე მედიასამართლის ექსპერტი და ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე მათ მიერ შედგენილი სარჩელის მეორე მოთხოვნაზეც საუბრობს, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით გათვალისწინებულ სასჯელს ეხება. ბარამიძის თქმით, ჯაშუშობისთვის თავისუფლების აღკვეთა 8 -12 წლამდე და 12- 20 წლამდე მეტისმეტად მკაცრია:

”მით უმეტეს, რომ არსებობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1551, რომელიც ევროსაბჭოს ქვეყნებს მოუწოდებს, რომ რადგანაც ჯაშუშობასთან დაკავშირებული ბრალდების საქმეები ასევე ეხება გამოხატვის თავისუფლებას, ამიტომ სანქციები უნდა იყოს ნაკლებად მკაცრი და თანაზომიერი.”

ავტორები საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავენ. ისინი იმედოვნებენ, რომ სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს და კანონმდებლებს რეკომენდაციებს მისცემს, უფრო მკაფიო გახადონ რას გულისხმობს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG