Accessibility links

დევნილები ”სახელმწიფო ინტერესების” სადარაჯოზე


დევნილთა დასახლება

დევნილთა დასახლება

დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის მთავარ მიზნად ოფიციალურად მოხსენიებულია დევნილთა ინტეგრაცია არსებულ სოციუმებში. რამდენად ემსახურება დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის პრაქტიკული განხორციელება ამ მიზანს?

…”სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა”…

…”დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეულად ცხოვრების
პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა.”…

ეს ფრაგმენტებია დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან და სამოქმედო გეგმიდან. სტრატეგიის მიხედვით, სწორედ ესაა დევნილთა უპირველესი არჩევანი და სურვილი. სტრატეგიაში წერია, რომ ამ სტრატეგიის შემუშავებამდე, წარსულში, დევნილების აზრის გათვალისწინება არ ხდებოდა:

”დევნილთა პრობლემების გადაჭრის დაგეგმვისა და განხორციელების დროს ხშირად არ ხდებოდა მათი ინტერესებისა და საჭიროებების სათანადოდ გათვალისწინება, მათთან არ იმართებოდა დიალოგი.”

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ სტრატეგია ამჯერად დევნილთა მონაწილეობით და მათი ჩართულობით იქმნება და ის მათ მიზნებს და მოთხოვნებს პასუხობს. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის სათაურში სიტყვა ’სახელმწიფოა’ ნახსენები, თავად დოკუმენტისვე შინაარსის მიხედვით, ეს არის სტრატეგია, პირველ რიგში, დევნილ მოქალაქეთა მომავლის დაგეგმარებისა, მომავლისა, რომელიც, დოკუმენტის მიხედვით, თავად დევნილთა მონაწილეობით იქმნება…

უბრალო შეკითხვა კი, რომელიც აქ ჩნდება, არის: რატომ უწევენ დევნილები საკუთარი მონაწილეობით შექმნილი და შემუშავებული სტრატეგიის განხორციელებას წინააღმდეგობას? ხშირად კი - არა უბრალოდ წინააღმდეგობას, არამედ იმდენად მძაფრ წინააღმდეგობას, რომ ეს ძალოვან სტრუქტურებს გადაჭარბებული ძალის გამოყენებისკენ უბიძგებს? ერთ-ერთ ბოლო განცხადებაშო ამაზე წუხილს ივნისის თვეში გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია ”ამნესტი ინტერნეიშენალი” გამოთქვამს:

ფრაგმენტი განცხადებიდან: ” ‘ამნესტი ინტერნეიშენალი’ გამოთქვამს წუხილს ეფექტური გამოძიების ნაკლებობაზე ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა მიერ დევნილთა მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემთხვევებში და ხაზს უსვამს დევნილების უფლებას, ჰქონდეთ ადეკვატური საცხოვრებელი ფართები, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა…”

ის, რომ სახელმწიფო სტრატეგია დევნილთა ჩართულობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა, ერთ-ერთმა პირველმა სწორედ „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ დააყენა ეჭვის ქვეშ 2010 წელს, უშუალოდ თავის მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნაზე დაყრდნობით.

ნიკოლა დაკვორთი: ძალიან ხშირად გვესმოდა დევნილთაგან, რომ მათი აზრის სათანადო გათვალისწინება არ ხდება მათი ამჟამინდელი მდგომარეობის თუ მათი მომავლის განხილვისას…

არადა, სტრატეგიასა და მის თანმხლებ სამოქმედო გეგმაში რამდენჯერმე ცალსახადაა აღნიშნული, რომ:

ფრაგმენტი სამოქმედო გეგმიდან: ”განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღებას და თავისუფალ არჩევანს.”

ინფორმირებული გადაწყვეტილებების ხელშესაწყობად კი, სამოქმედო გეგმის მიხედვით, დევნილებში იწარმოება აქტიური საინფორმაციო კამპანიები:

ფრაგმენტი სამოქმედო გეგმიდან:”საინფორმაციო კამპანია დაეხმარება დევნილებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.”

დევნილთა გამოსახლების პროცესი

ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია, რომელიც დევნილებამდე, მაგალითად, ვარკეთილში, საბავშვო ბაღის შენობაში, მივიდა, განსახლების დოკუმენტი იყო… ვადების დაცვით ამ დოკუმენტს აღსასრულებლად მალე პოლიციაც მოჰყვა.... დევნილები ძალოვან უწყებებს ტრანსპარანტებით დახვდნენ, წარწერით ”SOS”… დევნილებმა განსახლებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად შენობა შიგნიდან ჩაკეტეს. ძალოვნებს დევნილების გამოსაყვანად და კარების შესამტვრევად ჩაქუჩის გამოყენება დასჭირდათ…. გამოსახლების პროცესში ადგილზე სამინისტროს წრმომადგენელი, ვალერი კოპალეიშვილი, მოვიდა, რომელიც ევროკავშირის დამკვირვებლებს უხსნიდა, რომ ყველაფერი დევნილთა აზრისა და მათი ინფორმირებული გადაწყვეტილების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ფონს შიგადაშიგ შენობიდან ბავშვების გაბმული ყვირილიც ახლდა: გ ვ ი შ ვ ე ლ ე თ!..

აქ კი, ალბათ, სტრატეგიის კიდევ ერთ დეტალზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მოდით, ისევ სტრატეგიაში ჩავიხედოთ, სადაც ვნახავთ, რომ სტრატეგიის მიზანია:

ფრაგმენტი სტრატეგიიდან: ”დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა.”

ეს მხოლოდ მეორე პუნქტია სტრატეგიის მიზნებისა, პირველ პუნქტში კი ვკითხულობთ, რომ სტრატეგიის უპირველესი მიზანი არის:

ფრაგმენტი სტრატეგიიდან:”პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის.”

ანუ სტრატეგიის ნომერ პირველი მიზანი დევნილთა დაბრუნებაა. „ამნესტი ინტერნეიშენალი“ 2010 წელს ჩატარებულ კვლევაში არაპირდაპირ მიუთითებდა იმის საშიშროებაზე, რომ დევნილები სახელმწიფოს ხელში შეიძლება გამოყენებული ყოფილიყვნენ როგორც ”იარაღი” სახელმწიფო ინტერესების განსახორციელებლად“, ისეთი ინტერესისა, როგორიც არის, მაგალითად, ’ქვეყნის გამთლიანება’... ამავე კონტექსტში ორგანიზაცია ეჭვის თვალით უყურებდა დევნილთა განსახლების პროცესს, რომელიც, მათი თქმით, ხშირად არა ინტეგრაციას, არამედ დევნილთა იზოლაციას იწვევდა. ერთ-ერთ დასახლებაზე საუბრისას ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის ხელმძღვანელი ნიკოლა დაკვორთი ამბობდა:

ნიკოლა დაკვორთი: ეს უფრო დასახლებაა, რომელიც რაღაც დონეზე მათ იზოლაციაში ამყოფებს.

რატომ იზოლაცია და რატომ არა ინტეგრაცია? იქნებ ინტეგრაციის პირობებში დევნილი მოსახლეობის ”დევნილობის” კვალი ნელ-ნელა საერთოდ გაქრეს… რაც ასეთ პირობებში გაართულებს საერთაშორისო დონეზე სახელმწიფოსთვის მტკიცებას, რომ: ’აგერ, აი იმ ჩასახლებებში ცხოვრობენ ადამიანები, ვინც უნდა დავაბრუნოთ და ამიტომაც…’

თუმცა ეს ჰიპოთეზური შეკითხვაა და მასზე გადაჭრით და პირდაპირ არც „ამნესტი ინტერნეიშენალი’ საუბრობს. ორგანიზაცია უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ მთელი ეს პროცესი დევნილების ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს და შედეგად ხშირად არა მათ ინტეგრაციას, არამედ მათ იზოლაციას ვიღებთ…

ასეა თუ ისე, როგორც აღვნიშნეთ, თავად დევნილები ამ პროცესს წინააღმდეგობას უწევენ, ხოლო ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დევნილები ხშირად ათწლეულებია განსახლებებში ცხოვრობენ, რაც ნიშნავს, რომ განსახლებებში გაიზარდნენ თაობები, რომლებსაც ის ტერიტორია, საიდანაც მათი მშობლები წამოვიდნენ, არც კი უნახავთ. ამას ემატება ის, რომ ხშირად დევნილთა ჩასახლება მძიმე პირობებში, მიწების გარეშე ხდება და, რაც მთავარია, დევნილები გადასახლების პროცესში პირობებს უფრო ხშირად კი არ იუმჯობესებენ, არამედ, პირიქით, იმასაც კარგავენ, რაც ჰქონდათ - კარგავენ სოციალურ მდგომარეობას სოციუმებში, რომლებშიც ზოგიერთ შემთხვევაში თითქმის ორი ათწლეულია ცხოვრობენ… კარგავენ სამსახურებს, ბავშვები -სკოლებს, სტუდენტები - უნივერსიტეტთან წვდომის საშუალებას….რამაზ გერლიანი, წარმომადგენელი „კოალიციისა დევნილი სამოქალაქო საზოგადოებისათვის“, ერთ-ერთი გამოსახლების პროცესის დროს ჩვენთან საუბარში აღნიშავდა:

რამაზ გერლიანი: „თუ სახელმწიფო სტრატეგია არის მიმართული დასაქმებისკენ, ამ დროს არ უნდა ცდილობდე საკუთარ მოქალაქეებს ძალით დააკარგვინო სამუშაო ადგილები და გახადო სოციალურად დაუცველი. მოგეხსენებათ, მარტო ჩასახლება არ კმარა, მაგას სჭირდება შესაბამისი ფაქტორები, შესაბამისი რესურსი მიწის სახით, განსაკუთრებით რეგიონში.“

გარდა იმისა, რომ ხშირად სტრატეგიის განხორციელება დევნილთა იზოლაციას იწვევს, სტრატეგია ასევე არ პასუხობს კითხვებს, თუ რას ნიშნავს ”დევნილთა დაბრუნება”: ტერიტორიის დაბრუნებას? ნეიტრალურ სტატუსებს? აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას? შესაძლო ძალისმიერი თუ მშვიდობიანი მეთოდით პრობლემის მოგვარებას? და, რაც მთავარია, დოკუმენტი ცალსახად არ განსაზღვრავს ამ მიზნის განსახორციელებელ ვადებს. ნიკოლა დაკვორთი, „ამნესტი ინტერნეიშენალიდან“, 2010 წელს ამბობდა:

ნიკოლა დაკვორთი: ეს მთავრობა და წინა მთავრობები ცალსახად ამბობენ, რომ ადამიანებს აქვთ უფლება საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ. ეს არის ცალსახა უფლება ადამიანისა ყველა საერთაშორისო კანონმდებლობით და ამას მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ამას გარდა, ეს თავად დევნილთა მისწრაფებაცაა. ამ ყველაფრის ტესტი ხომ სწორედ ესაა - რა უნდა რეალურად თავად ხალხს. ბევრს მართლაც, პირველ რიგში, სახლში დაბრუნება უნდა. ანუ ამ მხრივ ის, რასაც მთავრობა ამბობს, გამოხატავს იმას, რაც ხალხს უნდა. თუმცა არიან ასევე ბევრნი, ვინც ფიქრობს, რომ დაბრუნება საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა ან საერთოდაც მოუგვარებელი პრობლემაა. ამ პირობებში მათ უნდათ ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრება თავიანთთვის და თავიანთი შვილებისთვის, მათ, ბუნებრივია, უნდათ ისარგებლონ ყველა იმ ბენეფიტებით და არჩევანით, რომელიც სხვა მოქალაქეებს აქვთ. მათ უნდათ ჰქონდეთ მისაწვდომობა ამ რესურსებთან და არ უნდათ თავს გრძნობდნენ განყენებულ ჯგუფად.

აქ კი, ალბათ, ჩნდება ყველაზე მთავარი შეკითხვა: რა სურთ თავად დევნილებს? თუმცა ამ შეკითხვაზე საპასუხოდ, სულ მცირე, უფრო ღია კომუნიკაცია უნდა არსებობდეს მათსა და თუნდაც დევნილთა სამინისტროს შორის, სამინისტროსა, რომელთან კომუნიკაცია არა მარტო დევნილებს, არამედ მედიასაც უჭირს, სამინისტროს,რომელიც ხშირად, დევნილებთან საუბრის ნაცვლად, თავს შეგვახსენებს ხოლმე დევნილთა ამოკერილი პირებით ან ეზოში დადგმული კარვებითა და შიმშილობით. ეს კი არა სტრატეგიაში ნახსენებ ინფორმირებულ თანამშრომლობას, არამედ უფრო უკვე გაწერილი და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ჰგავს, აღსრულებას, რომელიც ხშირად არც კი ემთხვევა სტრატეგიაში გაწერილ ნორმებსა თუ დებულებებს.
XS
SM
MD
LG