Accessibility links

logo-print

იდენტობა - შენი აღმნიშვნელი ნიშანი სამყაროში


ონლაინ გამოცემა ”იდენტობა"

ონლაინ გამოცემა ”იდენტობა"

განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის ასოციაციის (DRCCA) მიერ ორი თვის წინ დაარსებულ ონლაინ გამოცემა ”იდენტობას” (www.idmag.info), რომელიც სექსუალობისა და იდენტობის თემასთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს, უკვე 10 000 უნიკალური მნახველი ჰყავს. ჟურნალის რედაქტორები და ავტორები ამბობენ, რომ ამ გამოცემის შექმნით ქართულ მედიასივრცეში ცარიელი ნიშა შეივსო და ეს იქნება ადგილი, სადაც ადამიანები გახსნილად ილაპარაკებენ საკუთარ სექსუალობაზე, ლგბტ თემის წევრების უფლებებსა და, ზოგადად, ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიაზე.

”დედამ მითხრა, ვილოცებ ეს არ მოხდესო, თუმცა ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეუცვლია, ცოტა უფრო თბილი გახდა. ერთმა ბიჭმა მეგობარმა, ჩემთვის ყოველთვის აჩიკოდ დარჩებიო, ხოლო ერთმა დეიდაშვილმა, სამკუთხედად რომ გადაიქცე, მაინც მეყვარებიო. ზოგჯერ, როცა დეპრესია და სუიციდური აზრები იმძლავრებს ჩემში, როცა ვფიქრობ, რომ არაფერი გამიკეთებია და უაზრო იყო ჩემი ცხოვრება, მანუგეშებს იმ ორმოცდაათ თუ ას ადამიანზე ფიქრი, რომლებმაც ჩემთან ურთიერთობის შედეგად შეცვალეს დამოკიდებულება ლგბტ ადამიანების მიმართ და, ზოგადად, მათი მსოფლმხედველობა უფრო ფართო და მეგობრული გახდა. დიახ, მე მგონია, რომ ქამინგ აუთი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ჰომოფობიის დასაძლევად”, - ეს ციტატაა აჩიკო მამისაშვილის წერილიდან, რომელიც ონლაინ გამოცემა „იდენტობაში“ გამოქვეყნდა და ამ წერილით მისმა ავტორმა საჯაროდ თქვა თავის სათქმელი.

”როდესაც ასეთ საჯარო ქამინ აუთს აკეთებ, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა ონლაინ ჟურნალის საშუალებით და შენს სახელს და გვარს პირდაპირ აცხადებ და წერ, შენ თვითონაც ამზადებ ამისათვის თავს და დრო გჭირდება. და დიდ რისკზეც მიდიხარ. მაგრამ ამ ადამიანებისათვის ეს არის ტყუილისგან, ორმაგი ცხოვრებისგან გათავისუფლება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ“, – გვიხსნის განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის ასოციაციის პროექტების კოორდინატორი, გენდერის სპეციალისტი თამთა მელაშვილი.

ონლაინ გამოცემა ID – „იდენტობა“ (www.idmag.info) მხოლოდ ლგბტ (ლესბოსელი,გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ჯგუფის წევრებზე არ წერს.

„არც ერთ შემთხვევაში არ არის ეს ჟურნალი მხოლოდ ლგბტ თემის წევრებზე, პირიქით, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვისაა და ფართო საზოგადოებაზე გათვლილი, რადგან ჩვენი მიზანია ჰომოფობიის აღმოფხვრა და ამ კონკრეტული თემის და არა მხოლოდ მათ მიმართ სოლიდარობის გაზრდა.“

გენდერისადმი მიძღვნილი გამოცემა, სადაც პოპულარული ენით იქნებოდა მიწოდებული საზოგადოებისათვის ინფორმაცია და შესაძლებელი იქნებოდა მათი დისკუსიებში ჩართვა, არ არსებობდა...
ჩავხედოთ ცალკეულ რუბრიკებსა და გამოქვეყნებულ მასალებს. ერთი ჰომოფობიის ამბავი, გამოკითხვა ჰომოფობიის შესახებ, კვლევები, ინტერვიუები, დისკუსია, ნამდვილი ამბები. განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, რომ იდენტობის პრობლემა ყველა დისკრიმინირებული სოციალური ჯგუფის წინაშე დგას:

„თვითგამორკვევის უფლება ხშირად არის დარღვეული და ეს არ ეხება მხოლოდ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, ეს ეხება უმცირესობათა ყველაზე დიდ ჯგუფს – გენდერული ნიშნით დისკრიმინირებულ უმცირესობას - და აქ მხოლოდ ლგბტ ადამიანებს არ ვგულისხმობ. ქალებსაც ეხებათ ეს. ძალიან ხშირად ადამიანებს უჭირთ თავიანთი იდენტობის გამოკვეთა და მისი დაცვა.“

მაინც რატომ გახდა საჭირო მსგავსი გამოცემის არსებობა, ვეკითხებით ირაკლი ვაჭარაძეს. ის ამბობს, რომ „იდენტობა“ დანარჩენი მედიისთვისაც ერთგვარი ინფორმაციის წყარო უნდა გახდეს, ადგილი, სადაც სექსუალური უმცირესობების პრობლემებს გამოკვეთენ, რაც შესაძლოა გახდეს ბიძგი სხვა გამოცემებისათვის - მათაც ილაპარაკონ ამაზე.

„გენდერისადმი მიძღვნილი გამოცემა, სადაც პოპულარული ენით იქნებოდა მიწოდებული საზოგადოებისათვის ინფორმაცია და შესაძლებელი იქნებოდა მათი დისკუსიებში ჩართვა, არ არსებობდა. ჩვენ არ ვახდენთ რაღაც თემის ადვოკატირებას, არამედ ვცდილობთ ადამიანებს მივაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ეს თემა იყოს მანამ ყურადღების ცენტრში, სანამ არ დაიძლევა ჩვენს საზოგადოებაში ისეთი სერიოზული პრობლემები, რაც ბევრ ადამიანს უბიძგებს დეპრესიისკენ, თვითმკვლელობისკენ. ეს არის სიძულვილის ენა, ჰომოფობია, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, იქნება ეს სასკოლო სისტემა თუ პოლიტიკა“...

აკადემიური ხასიათის სტატიების, კვლევებისა და დისკუსიების გარდა გამოცემას ლიტერატურული ნაწილიც ახლავს:

„შევეცდებით გვქონდეს ისეთი ლიტერატურა, რომელიც სხვაგან, უბრალოდ, არ გამოქვეყნდება. რამდენიმე დღეში დაიდება სწორედ მსგავსი თემატიკის მოთხრობა ლესბოსელების შესახებ.. „

„იდენტობის“ ერთ-ერთი რედაქტორი, შოთა დიღმელაშვილი, მიიჩნევს, რომ ადამიანებმა ღიად უნდა წერონ საკუთარ სექსუალობაზე:

„სადაც არსებული რაღაცების მიჩქმალვა ხდება, ის კიჩის სამყაროა. ყველაფერი ზედაპირზე უნდა იყოს და სხვადასხვა ხმა ისმოდეს საზოგადოებისგან.“

ამ ხმის უფლებას „იდენტობა“ ყველა დაინტერესებულ ადამიანს სთავაზობს. ონლაინ გამოცემა ღიაა თემასთან დაკავშირებული მხატვრული ტექსტებისა თუ პუბლიცისტური წერილებისათვის.
XS
SM
MD
LG