Accessibility links

რუსეთი ფიქრობს, რომ ვმო-ს საკითხზე საქართველოსთან შეთანხმება შესაძლებელია


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე ჟენევაში გამართული რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. ეს ფოტორეპორტიორების სკანდალის გარდა იმანაც განაპირობა, რომ საქართველოს დელეგაცია მოლაპარაკებათა შესახებ საჯარო საუბარს ერიდება. რა წინსვლას მიაღწიეს მხარეებმა 9-10 ივლისს გამართულ მოლაპარაკებებზე?
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მესამე რაუნდი ტრადიციულად ჟენევაში შვეიცარიის შუამავლობით გაიმართა. შვეიცარიამვე შესთავაზა მხარეებს დოკუმენტი, რომელიც მოსკოვსს თბილისის თანხმობის მიღების საშუალებას აძლევს ისე, რომ არც საქართველოს მოთხოვნა რჩება უგულებელყოფილი.
ვისურვებდით, რომ თუნდაც რომელიმე საერთაშორისო საჯარო ორგანიზაცია (იქ კი დიდი არჩევანია) აკონტროლებდეს საქონლის მოძრაობას საქართველოს იმ საზღვრებზე...
შეგახსენებთ, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას საქართველოსთან მოუგვარებელი საკითხი აფერხებს. საკითხი კი ჯერ კიდევ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე რამდენიმე წლით ადრე გადაუჭრელ პრობლემად ჩამოყალიბდა. საქმე ისაა, რომ მოსკოვს არ სურდა იმჟამად მის მიერვე ოფიციალურად აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვაჭრობის სფეროში გაემყარებინა. საქართველო მოითხოვდა და ახლაც მოითხოვს როკის გვირაბისა და მდინარე ფსოუს საბაჟო პუნქტების ლეგალიზებას. ამ მოთხოვნის მნიშვნელობას მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ კოვზირიძე განმარტავს:
”ჩვენ რუსეთის წინაშე ვაყენებთ ერთ ძირითად და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - ეს არის საბაჟო გამშვები პუნქტების ლეგალიზება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივ გაკონტროლებაზე, როდესაც ვსაუბრობთ ლეგალიზებაზე. შესაძლოა ეს მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მონიტორინგის თანხლებით.”
ეს გამჭვირვალობა ისე შეიძლება მოგვარდეს, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს...
ეს განცხადება თამარ კოვზირიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში 2006 წელს გააკეთა და ეს პოზიცია დღესაც უცვლელია. საქართველოს პოზიციის ახსნას შეეცადა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჟენევის მოლაპარაკებათა წინ, 8 ივლისს, რადიო “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში:
”ჩვენ კონკრეტულად ვამბობთ, რომ არ გვინდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ხარჯზე გადავჭრათ ყველა ჩვენი პრობლემა. შესანიშნავად გვესმის, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების დროს ურთიერთობაში სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ და, მით უმეტეს, ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაციას მანამ, სანამ ჯერ კიდევ, მინიმუმ, ეს განწყობაა კრემლში, მაგრამ, როგორც მინიმუმი, ვისურვებდით, რომ თუნდაც რომელიმე საერთაშორისო საჯარო ორგანიზაცია (იქ კი დიდი არჩევანია) აკონტროლებდეს საქონლის მოძრაობას საქართველოს იმ საზღვრებზე, რომლებიც აღიარებულია მთელი პასუხისმგებელი საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ყველა ჩვენი მეზობლისა (რუსეთის გარდა) და ევროკავშირის ყველა წევრის მიერ. ყოველივე ამასთან, ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის ეს მინიმალურ ფასია იმისთვის, რასაც იღებს.”
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადების ზუსტად მეორე დღეს ჟენევაში რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები დაიწყო, ხოლო ორიოდე დღის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვაშინგტონში ”სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში” გამოსვლისას განაცხადა, რომ შვეიცარიის მიერ შეთავაზებული ”დოკუმენტი ლოგიკურია და კონცეპტუალურად სწორია, რადგანაც ის არ უხვევს ვმო–ს დღის წესრიგის პრობლემიდან“:
"საბაჟო კონტროლი რუსეთის საზღვრებზე შეიძლება გამჭირვალე იყოს. სწორედ ეს შემოგვთავაზა შვეიცარიულმა მხარემ. და ეს გამჭვირვალობა ისე შეიძლება მოგვარდეს, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს. არ მინდა დეტალებში შესვლა. მაგრამ, დიახ, თუ პოლიტიკა არ გაერევა, ამის გაკეთება ძალიან რთული არ არის“, – განაცხადა ლავროვმა.
ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთისთვის მისაღები გახდა ის მოდელი, რომელსაც საქართველო ჯერ კიდევ 2005 წლიდან სთავაზობდა, როდესაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას თანხმობა მისცა, საბაჟო გამშვები პუნქტების ლეგალიზების პირობით. როგორ შეიძლება მოხერხდეს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საბაჟო პუნქტების ლეგალიზება, როდესაც მოსკოვი ამ საზღვარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარს უწოდებს? ამ კითხვაზე პასუხს იძლევა ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ კოვზირიძე:
”პრეცედენტი არსებობს ჩვენს რეგიონში. ამგვარი რამ ხორციელდება უკრაინისა და მოლდავეთის საზღვარზე, უფრო კონკრეტულად, უკრაინისა და დნესტრისპირეთის საზღვარზე, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემატიკას. და ამ შემთხვევაში არის ევროკავშირის სასაზღვრო მისია, რომელსაც აკისრია მონიტორინგის ფუნქცია.“
რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონიტორინგის მექანიზმი შემდგომ მოლაპარაკებებზე ჩამოყალიბდება. მაგრამ როგორც აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლები აღნიშნავენ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე რუსეთმა უნდა მოაგვაროს სატარიფო, საექსპორტო და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მხრივ არსებული პრობლემებიც.
XS
SM
MD
LG