Accessibility links

logo-print

ფოტოკორესპონდენტების გათავისუფლების და ”ევროპული გზის” კვირა


კვირის მთავარი მოვლენა, რომელიც საზოგადოების დიდი ინტერესისა და პროტესტის ფონზე ვითარდებოდა, ფოტორეპორტიორების საქმეს უკავშირდება. მართალია, სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის მიხედვით დაკავებულები ჯაშუშებად ცნო, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე მათგანი 22 ივლისს პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 22 ივლისის სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა ”ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე.” სასამართლოს გადაწყვეტილებით ზურაბ ქურციკიძეს 3-წლიანი, გიორგი აბდალაძეს 4-წლიანი, ირაკლი გედენიძეს ასევე 4-წლიანი, ხოლო ნათია გედენიძეს 1,5-წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდათ. პირობითი სასჯელის ვადებში მათ ქვეყნის დატოვების უფლება არა აქვთ.

ფოტორეპორტიორების გათავისუფლებას საზოგადოების მხრიდან გამოხატული აქტიური პროტესტის შედეგად მიღწეულ გამარჯვებად მიიჩნევს ”ალია-ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი, სოლიდარობის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი დიმიტრი ტიკარაძე, თუმცა მას ეს შედეგი ბოლომდე მაინც არ აკმაყოფილებს:
”ჩვენ არ ვთვლით გამარჯვებად იმას, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ როგორც დამნაშავეები. მე დღესაც მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები.”

დიმიტრი ტიკარაძის მსგავსად, მედიასივრცის კიდევ ბევრი წარმომადგენელი, ისევე როგორც არაერთი უფლებადამცველი, მე-3 სექტორის წარმომადგენელი, ექსპერტი თუ პოლიტიკოსი ეჭვის თვალით უყურებს საქართველოს პროკურატურის მიერ 22 ივლისს გამოქვეყნებულ დამატებით მტკიცებულებებს, რომ აღარაფერი ვთქვათ აღიარებით ჩვენებებზე, რომლებიც, მათი აზრით, გამოძიებამ ფოტორეპორტიორებისგან დიდი ზეწოლის შედეგად მოიპოვა. თუმცა, როგორც 22 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს პროკურატურა დარწმუნებულია, რომ ”ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე წარსულში გადაიბირა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ. საქართველოში რუსეთის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებთან საიდუმლო კავშირში მყოფი ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე სისტემატურად, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისაგან მიღებული მითითება-დავალებების შესაბამისად, უკანონოდ მოიპოვებდნენ და აწვდიდნენ მათ საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. ირაკლი და ნათია გედენიძეები, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, დახმარებას უწევდნენ ამ უკანასკნელებს.”

დაკავებულმა ფოტორეპორტიორებმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება 21 ივლისს მოითხოვეს. მათ ამგვარ ნაბიჯს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ადვოკატების ერთი ნაწილი. მაგალითად, ადვოკატი ეკა ბესელია, რომლის აცილებაც გიორგი აბდალაძემ 22 ივლისს, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე მოითხოვა, დარწმუნებით აცხადებდა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რომელსაც აღარ მოჰყვება საქმის არსებითი განხილვის სასამართლო პროცესი, ხელისუფლებას დაუსაბუთებელი ბრალდების მისაჩქმალად დასჭირდა:

”მათ შეეშინდათ საზოგადოებას არ ენახა ღია სასამართლო სხდომაზე ის, თუ რა მტკიცებულებებს ეყრდნობოდა ეს ხმაურიანი საქმე, რომელსაც საერთაშორისო მონიტორინგი ახლავს დღემდე, რა არგუმენტებით ცდილობდა ხელისუფლება ჯაშუშობის დამტკიცებას და რის თქმას აპირებდა თუნდაც გიორგი აბდალაძე სასამართლო სხდომაზე, როდესაც ამბობდა, რომ ყველაფერს მოყვებოდა მაშინ, როდესაც საქმის არსებითი განხილვა შედგებოდა.”

ამგვარი კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა იტყობინება, რომ საპროცესო შეთანხმების თაობაზე სასამართლოსთან მის შუამდგომლობას საფუძვლად დაედო ”ბრალდებულების მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობის განსაკუთრებული გარემოებები”. 22 ივლისს გამოქვეყნებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ ”ბრალდებულებმა ადვოკატების თანდასწრებით არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ დროულად მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მნიშვნელოვანი დეტალური ინფორმაცია, როგორიცაა რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების საქართველოში არსებული საიდუმლო თანამშრომლებისა და მათთან კავშირზე მყოფი პირების ვინაობა, ამ სამსახურების საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული გეგმები და ამოცანები, ინფორმაციის მიღების, მოპოვების და გადაცემის მეთოდები და აქამდე არსებული წესები (პრაქტიკა), ასევე მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციების შესახებ.”

ფოტოკორესპონდენტების დაკავების შემდეგ ქართველი ჟურნალისტების ნაწილმა სულ სხვა თვალით შეხედა სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლს. მაგალითად, როგორც გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ამბობს, 314-ე მუხლის მეორე ნაწილი იმდენად ბუნდოვანია, რომ ამ მუხლით შესაძლოა ნებისმიერი ჟურნალისტი გასამართლდეს. ექსპერტთა ჯგუფმა უკვე დაასრულა სარჩელზე მუშაობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსგან სისხლის სამართლის კოდექსის ხსენებული მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
ფოტოკორესპონდენტების საქმეზე არაფერი უთქვამს, თუმცა 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებული მოვლენების დამატებითი გამოძიების აუცილებლობაზე ილაპარაკა კომისარმა ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ, რომელიც მე-8 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სტუმრობდა ბათუმს. „ვიცი, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდა, თუმცა მიმაჩნია, რომ შემდგომი გამოძიების ჩატარებაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან გადაჭარბებული ძალის გამოყენების და ადამიანთა სიცოცხლის დაკარგვის გამო, პასუხი აგონ“, - განაცხადა შტეფან ფულემ 22 ივლისს, როცა ის სიტყვით გამოდიოდა კონფერენციაზე, სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა“.

ევროკომისარი თვლის, რომ საქართველომ ბოლო წლების მანძილზე „უზარმაზარ პროგრესს“ მიაღწია; თუმცა 22 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე შტეფან ფულემ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სარბიელზე არსებული განსაკუთრებით საყურადღებო 4 საკითხი გამოყო:

„პირველი - დემოკრატიის კონსოლიდაცია; მეორე - პოლიტიკური პლურალიზმი, მათ შორის, მედიაპლურალიზმი; მესამე - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მეოთხე – ქვეყანაში უფრო ინკლუზიური გარემოს შექმნა და რეფორმების განხორციელების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა.“

მასთან ერთად 22 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარდგა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე. მისი თქმით, საქართველო ყოველმხრივ ”განუხრელად ადგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას”:

”საქართველოს აქვს შესანიშნავი საშუალება სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განახორციელოს რეფორმები ყველა იმ სფეროში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის და ელემენტარულად აუცილებელია ნორმალური, დემოკრატიული განვითარებისათვის.”

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და ვიცე–პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული, შეეხებოდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივებს. ევროკომისრის განცხადებაზე დაყრდნობით, ბარამიძემ თქვა, რომ ძალიან მალე - სავარაუდოდ, სექტემბერში - გახდება ცნობილი, თუ როდის დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.

მიმოხილვა მიმდინარე კვირის სხვა მოვლენებით განვაგრძოთ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 22 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან 35 წლის შოთა მახარაშვილი და 26 წლის ოთარ ჯავახი. ისინი ოსურ სოფელ დმენისთან დააკავეს, რომელიც ქართულ სოფელ მერეთს ესაზღვრება. მახარაშვილი და ჯავახი მერეთელები არიან. დმენისის მილიციის განყოფილების უფროსის ავედიკ კაჩმაზოვის ინფორმაციით, დაკავებულები ოსურ სოფელში ნათესავის მოსანახულებლად იყვნენ ჩასულები. დაკავებისას მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ჩხრეკისას კი მხოლოდ მობილური ტელეფონები აღმოაჩნდათ.

სოფელ მერეთის რწმუნებულმა ვასილ თევდორაშვილმა თანასოფლელების დაკავების ფაქტი რადიო თავისუფლებას 22 ივლისს დაუდასტურა. მისი თქმით, არავინ იცის, რისთვის გადავიდნენ დმენისში მახარაშვილი და ჯავახი. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების შესაძლო გათავისუფლების შესახებ, თუმცა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი მსგავს შემთხვევებში დაკავებული პირების უპრობლემო გათავისუფლებას ითვალისწინებს.
მიმდინარე კვირის კიდევ ერთი ხმაურიანი მოვლენა თბილისში სამარშრუტო ტაქსების გაძვირებას უკავშირდება. 19 ივლისიდან მგზავრობის საფასური 80 თეთრამდე გაიზარდა თბილისში თითქმის ყველა ძველ სამარშრუტო ხაზზე მოძრავ მიკროავტობუსებში. როგორც კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" ვარაუდობენ, მძღოლებმა ფასი თვითნებურად გაზარდეს, რადგან მგზავრობის ღირებულება ოფიციალურად უკვე გაიზარდა ახალი სამარშრუტო ტაქსების #4 ხაზზე. თავად მძღოლების ერთი ნაწილის განცხადებით კი, ტარიფის გაზრდა კომპანიის დავალებაა, თუმცა მათ ასეთი გადაწყვეტილება სულაც არ აკმაყოფილებთ.

”არ გვაწყობს გაძვირება... მერე ავტობუსს გაჰყვება ის ჩვენი მგზავრი... ჩვენ არ დაგველოდება და ჩვენ ცარიელებმა უნდა ვიაროთ”, - ამბობენ მძღოლები.

სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: "სამარშრუტო ტაქსებზე ფასები რეგულირებად სფეროს არ წარმოადგენს. ფასებს ბაზარი არეგულირებს და, შესაბამისად, თბილისის მერიასა და საკრებულოს მისი განსაზღვრა არ შეუძლია.” თუმცა ყველა, ვინც ამ ფაქტს აპროტესტებს, პასუხისმგებლობას სწორედ თბილისის მერიას აკისრებს და ამბობს, რომ მერიამ, რომელიც ფასების შენარჩუნების პირობას დებდა, თბილისელები მწარედ მოატყუა. მგზავრობის საფასურის გაზრდას მთელი კვირის მანძილზე არაერთი საპროტესტო აქცია თუ კრიტიკული განცხადება მიეძღვნა.
XS
SM
MD
LG