Accessibility links

logo-print
დასაქმება საქართველოში ჯერაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად. ეს პრობლემა ვრცელდება სეზონურ დასაქმებაზეც. სეზონურ დასაქმებაზე პრეტენზიას უმთავრესად გამოთქვამენ სტუდენტები, რომელთა ერთი ნაწილი დასვენების შრომასთან შეთავსებას ძირითადად კურორტებზე ცდილობს. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტმა ლაშა ქავთარაძემ სამსახურის მოძებნა დედაქალაქშივე სცადა:

”ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ, მაგალითად, ისეთ უბრალო სამსახურშიც კი, როგორიცაა მიმტანობა, საკმაოდ რთულია დაიწყო მუშაობა. პირადად მე ამ ზაფხულს დავიარე ბარები და კაფეები ჩემს მეგობართან ერთად, მიმტანად რომ მემუშავა, მაგრამ ვერ ვიშოვე სამსახური. როგორც წესი, ითხოვენ გამოცდილებას და თან არც არის ადგილები ბევრგან.”

მე ვერ გეტყვით, რომ ამ ზაფხულში განსაკუთრებით საინტერესო შემოთავაზებები იყო სტუდენტებისთვის. არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი ამას...
ლაშა ამბობს, რომ კიდევ უფრო რთულადაა საქმე, როდესაც სტუდენტი პროფესიული ნიშნით დასაქმებას მოინდომებს. ამ დროს, ჩვენი რესპონდენტის აზრით, მეტი რესურსი, უნარი და ნაცნობებია საჭირო.

განათლებისა და პროფესიული უნარების მნიშვნელობის გაზრდასთან ერთად, ბოლო წლებში დასაქმების პროცესში პროტექციის წილი რადიკალურად შემცირდა, ნაცნობ-მეგობრობა აქტუალური დაახლოებით 10 წლის წინ იყო, -აღნიშნა ლაშას პასუხად ჩვენთან საუბარში ვებგვერდ ”JOBS.GE”-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ლექსო ხუბულავამ. დამსაქმებლისთვის სასურველი კანდიდატის მოძებნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა დასაქმების სპეციალური ვებგვერდებია. ამ ბაზარზე საქართველოში დღეს 4-5 აქტიური მოთამაშეა. მათ შორის ყველაზე ეფექტური და ქმედითი საინფორმაციო ბაზა აქვს “JOBS-GE”-ის, რომელიც 13 წლის წინათ შეიქმნა. ამ მომენტისთვის ბაზაში 600-მდე განცხადება ირიცხება. რა თავისებურებებით ხასიათდება ზაფხულის სეზონი და შეინიშნება თუ არა სტუდენტების გააქტიურება? ამ შეკითხვით ლექსო ხუბულავას მივმართეთ.

”ზოგადად ზაფხულის პერიოდში შედარებით ნაკლები ვაკანსიები ცხადდება. მე ვერ გეტყვით, რომ ამ ზაფხულში განსაკუთრებით საინტერესო შემოთავაზებები იყო სტუდენტებისთვის. არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი ამას. რაც შეეხება თვითონ კანდიდატების აქტივობას, სამწუხაროდ, არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სეგმენტი აქტიურდება წლის ამა თუ იმ პერიოდში ჩვენს ვებგვერდზე.”

დასაქმების ხელშემწყობი ვებგვერდების მომსახურებით საქართველოში წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი სამუშაოს მაძიებელი და დამქირავებელი სარგებლობს, მათ შორის - სახელმწიფო სამსახურებიც. ახალგაზრდების დასაქმების სახელმწიფოს პოლიტიკის არარსებობის პირობებში, გასულ წლებში სტუდენტთა დიდი დაინტერესება გამოიწვია თბილისის მერიის სტუდენტთა დასაქმების საზაფხულო პროექტმა, რომელშიც ათასობით სტუდენტი ჩაება. გამწვანება, მშენებლობა, მუნიციპალური ტრანსპორტი, ბავშვთა სახლები... სპეციალურ მაისურებსა და კეპებში გამოწყობილი სტუდენტები სამი კვირის განმავლობაში საშუალოდ150 ლარის გასამრჯელოდ მუშაობდნენ. პროექტი თბილისის ბიუჯეტს არცთუ მსუბუქ ტვირთად დააწვა. შესაბამისად, თავად სტუდენტებში არსებობს მოსაზრება, რომ მერიამ წელს აღნიშნული პროექტის განხორცელებაზე უარი სწორედ წამგებიანობის გამო თქვა. ეს მოსაზრება კატეგორიულად უარყო თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა თორნიკე ხუციშვილმა:

”არა, არა, მე ვერ დაგეთანხმებით. იმ მიზანმა, რა მიზნისთვისაც განხორციელდა მსგავსი აქტივობები გასულ წლებში, თავიდან ბოლომდე გაამართლა, იმიტომ რომ დასაქმება არ იყო სტუდენტებისთვის რაიმე მუდმივი დასაქმების შესაძლებლობა. ეს იყო, გარკვეულწილად, პოპულარიზება ახალგაზრდებში შრომისა. მე შემიძლია გითხრათ სტატისტიკა. პირველ წელს, როდესაც მსგავსი დასაქმების შესახებ იყო ინფორმაცია, ძალიან ცოტა ადამიანმა გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო, მაგრამ მეორე წელს უკვე აქტივობა გაიზარდა დაახლოებით 20-ჯერ. ”

თუმცა სტუდენტთა ასეთი აქტივობის პირობებშიც კი ჩვენს შემდგომ რესპონდენტს, ანი ჭანკოტაძეს, ამ პროგრამაში მონაწილეობა ორი მიზეზის გამო არ მიუღია: ინფორმაციამ მასთან გვიან მიაღწია და, ამას გარდა, არ მოსწონს პიარაქციები, რომლის გამოხატულებად ამ პროგრამასაც მიიჩნევს. დასაქმება - უფრო ზუსტად, გრძელვადიანი დასაქმება - ახლა ძალზე აქტუალურია მისთვის. ანიმ წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა.

ამ მომენტისათვის ორი სტუდენტია დასაქმებული. ერთი მიმტანად მუშაობს და მეორე ბარმენად. სურვილი გამოხატეს, რომ ზაფხულის სეზონზე ემუშავათ...
”დასაქმებული ამწუთასაც ვარ, მაგრამ ეს არის დროებითი სამსახურები, რამდენიმეთვიანი ხელშეკრულებები და მაინცდამაინც მთლად ბოლომდე არ უკავშირდება ჩემს პროფესიას. ჩემი პროფესიული ნიშნით დასაქმების საკითხზე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მით უმეტეს, რომ მხოლოდ ბაკალავრიატის საფეხურის განათლება მაქვს ამ ეტაპზე. და, პრინციპში, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბაზარი რომც იყოს დასაქმების და სჭირდებოდეთ კადრები, შენ ამ ბაზარზე გახვიდე. მით უფრო, ეს ბაზარი სოციოლოგებისთვის არ არსებობს.”

დასაქმების ბაზარზე გასვლა არ უჭირთ ცალკეული კერძო უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის, ”თავისუფალი უნივერსიტეტის” სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

” წლის ნებისმიერ დროს გვაქვს თანამშრომლობა სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებსაც სჭირდებათ კადრები და ამ შემთხვევაში ჩვენ ვთავაზობთ ჩვენი სტუდენტებიდან მათთვის ყველაზე მისაღები კადრების აყვანას სამსახურში. ეს არ არის სეზონური, მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს”, გვითხრა ”თავისუფალი უნივერსიტეტის” ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა ალექსანდრე შელიამ.

დაბოლოს, კვლავ დავუბრუნდეთ თემას, რომლითაც სიუჟეტი დავიწყეთ. სეზონურ დასაქმებას სტუდენტები, უმთავრესად, კურორტებზე ცდილობენ და სასიამოვნოსა და სასარგებლოს, შრომასა და დასვენებას ერთმანეთს უთავსებენ. სტუდენტთა დასაქმების ადგილები ზღვის სანაპიროზე, მაგალითად, შეიძლება ითქვას, ძირითადად კაფეები და რესტორნებია. ”კარგია, როცა სტუდენტი დასაქმებულია და საკუთარი შრომით ახერხებს შემოსავლის მიღებას”, -ეს უკვე დამსაქმებლის შეფასებაა. დამსაქმებელი კი ამ შემთხვევაში ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია.”

”ამ მომენტისათვის ორი სტუდენტია დასაქმებული. ერთი მიმტანად მუშაობს და მეორე ბარმენად. სურვილი გამოხატეს, რომ ზაფხულის სეზონზე ემუშავათ და დაეგროვებინათ თანხა იმისათვის, რომ სწავლის საფასური გადაეხადათ შემდგომში. გამოცდილება აქვთ, პერიოდულად ზაფხულობით მუშაობდნენ.”

ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” გამგეობის თავმჯდომარემ ასლან ჭანიშვილმა გვითხრა ისიც, რომ პრესკაფეში სეზონურად დასაქმებულმა სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან უკვე მიიღეს მუდმივი დასაქმების შეთავაზებაც. ადმინისტრაცია მათთვის სპეციალურ გრაფიკს გაწერს, რათა სტუდენტებმა სწავლისა და შრომის შეთავსება შეძლონ.
XS
SM
MD
LG