Accessibility links

logo-print
ამ კვირაში საქართველოს პრეზიდენტი, შეიძლება ითქვას, ისევ ხელოვნების კრიტიკოსის როლში მოგვევლინა. მიხეილ სააკაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ჟურნალ ”ცხელ შოკოლადში” დაბეჭდილი წერილისთვის ”პოლიტიკური არქიტექტურა თუ არქიტექტურული კიტჩი”. სტატიის ავტორი ამტკიცებდა, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ქალაქები ნელ-ნელა კარგავენ ავთენტურობას. რესტავრაცია-აღდგენა იმ ფორმით, რომლითაც ხდება, კულტურულ მემკვიდრეობას კიტჩად აქცევს. პრეზიდენტის ასეთი მძაფრი რეაქცია ცოტა არ იყოს უცნაურიცაა. ჯერ კიდევ 2004 წელს, ერთ-ერთი თავისი გამოსვლის დროს, პრეზიდენტი შენობების იმხანად დაწყებულ გადაღებვას შეეხო და თავის ოპონენტებს ასე მიმართა:

მართლმადიდებლური კიტჩი. ახლა უკვე კინოში

“რა არის ცუდი იმაში, ფარშევანგი თუ იქნა და ფრთები გაშალა. რა, აუცილებლად ყვავი უნდა იყოს და ჩხაოდეს? კიტჩი ზოგჯერ არის კარგი.“

კიტჩი ზოგჯერ კარგიაო, ბრძანა პრეზიდენტმა და ქართული კულტურის კიტჩიზაციის პროცესიც დაჩქარდა - წერეთლის წმინდა გიორგის ქანდაკება დაიდგა ქვეყნის მთავარ მოედანზე და ამის მერე ყველაფერი ოქროსფერი გახდა... ოქროსი -არა... ოქროსფერი... ქვეყანას ესტუმრნენ კარგი და ცუდი მუსიკოსები, მაგრამ მათი გამოსვლები - ოქროსფერ ფონზე, ”პიაცად” წოდებულ ოქროსფერ მოედნებზე, თუნდაც პოსტრევოლუციური ეპოქის მთავარ ვარსკვლავთან, სოფო ნიჟარაძესთან ერთად - ასევე იქცა კიტჩად... ფაქტობრივად, თანამედროვე ქართული კულტურის სახე გახდა ეს ოქროსფერი და მეტისმეტად ძლიერად განათებული, რაც შეიძლება ავხსნათ ”90-იანი წლების კომპლექსით” - სინათლის და ფერის ნოსტალგიით, მაგრამ შეიძლება ავხსნათ მოდელირებული რეალობის შექმნის სურვილითაც - მოვინდომოთ, გავერთიანდეთ (როგორც ჩანს, ხელისუფლების გარშემო) და ოცნება რეალობად იქცევა - მთელი საქართველო გაფერადდება, ფარშევანგი ფრთებს გაშლის!

თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კულტურის ”კიტჩიზაციის” პროცესი ვარდების რევოლუციის შემდეგ არ დაწყებულა და ეს პროცესი არ უკავშირდება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სახელს (როგორც ამას ზოგჯერ ამტკიცებენ ხოლმე). კინოში, მაგალითად, კიტჩის ნიშნები გაჩნდა საბჭოთა კავშირის დანგრევისთანავე - სექსი და რელიგია, გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის გაშიშვლებული მსახიობი ქალი და წმინდანების ხატები ეკრანზე, საწოლი და სანთელი 90-იანი წლების ქართული კინოს მთავარი ატრიბუტი გახდა. მომდევნო ათწლეულში ეს პროცესი გაგრძელდა და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა როგორც სტილი, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ ქართულ ფილმში დაგვირგვინდება - ფილმში წმინდა ნინოს შესახებ,


არა, ამ ფილმში, რომლის კასტინგი კი ახლა დაიწყო, მაგრამ - საოცარია, მაგრამ ასეა - ტრეილერი უკვე გავრცელდა ინტერნეტში, სექსი არ იქნება. ხუმრობა ხომ არ არის, ამ კვირაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილმს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იღებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფილმის რეჟისორის ასისტენტმა ხატია ჩიქოვანმა განუცხადა, ფილმის სახელწოდება იქნება „ნინო“. ფილმის შინაარსის დეტალების შესახებ საპატრიარქოსთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

წმინდა ნინოს როლის შემსრულებელზე გამოცხადდა კასტინგი. ფილმის გადამღები ჯგუფის მოთხოვნით, დაინტერესებული გოგონები მაკიაჟის გარეშე უნდა გამოცხადებულიყვნენ. ქართულმა ტელეარხებმა უკვე გვიჩვენეს კასტინგის ამსახველი კადრები. გოგონების შერჩევა სილამაზის კონკურსს ჰგავდა - უბრალოდ, გოგონები მაკიაჟის გარეშე მოვიდნენ. რეჟისორი მათ სთხოვდა ეთამაშათ დრამატული სცენა - და ისინიც თამაშობდნენ: დახუჭული ან ფართოდ გახელილი თვალებით გამოხატავდნენ ემოციას.

ფილმის რეჟისორია გია კერესელიძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1990 წლიდან მოღვაწეობს. ”ნინო“ მისი დებიუტი იქნება, მანამდე მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია გადაიღო. ინტერნეტპორტალ imdb.com- ზე დევს მისი ანიმაცია ”ჰოუფი” - ფილმი იმაზე, თუ როგორ ანადგურებს ბუნებას თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი. ერთი ტექნიკურად მარტივი და შინაარსის თვალსაზრისით სწორხაზოვანი ანიმაციაა, თუმცა ქართული საინფორმაციო საშუალებები მთელი კვირის მანძილზე გვარწმუნებდნენ, რომ რეჟისორი არაერთი ანიმაციური ფილმის ავტორია და არაერთი ჯილდოს მფლობელი შეერთებულ შტატებში. უფრო მეტიც, მისი სურათი 2007 წელს კანის ფესტივალზეც ყოფილა წარდგენილი.

მოხვდება თუ არა კანის ფესტივალზე ფილმი წმინდა ნინოზე, ჯერ არ ვიცით. ვიცით მხოლოდ, რომ ავტორები საპატრიარქოს ყველა რჩევას ითვალისწინებენ. თუკი ტრაილერით ვიმსჯელებთ, ეკლესიისა და ამერიკიდან ჩამოსული რეჟისორის ეს ერთობლივი პროდუქტი ეგრეთ წოდებული ”ექშენის” ჟანრის ჰოლივუდურ პროდუქციას დაემსგავსება - იქნება დაძაბულობა და ლოცვა, სასპენსი და სანთელი, ციდან გამოანათებს მზის სხივი და საქართველოც, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, გაბრწყინდება.

შეიძლება თუ არა ამ ყველაფერს ”მართლმადიდებლური კიტჩი” ვუწოდოთ?” ცხადია, სანამ ფილმის გადაღება არ დასრულდება, არა. მაგრამ ის, თუ როგორ წარმოადგინა ქართულმა მედიამ მომავალი ფილმი, ნამდვილად ჰგავს კიტჩს. ყოველ შემთხვევაში, სეკურალურ ქვეყანაში, სადაც კინო კრიზისიდან ვერ გამოდის და სადაც ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება ჯერ კიდევ პრობლემაა, სადაც უამრავ ადამიანს უჭირს და უამრავი აქტუალური თემა რჩება კინოეკრანს მიღმა, კოსტიუმირებულმა ფილმმა წმინდა ნინოზე მაყურებლის ერთი ნაწილი შეიძლება კი არ ააღელვოს, არამედ გააცინოს. თანაც - ხმამაღლა. დაახლოებით ისე, როგორც დაახლოებით ორი წლის წინ პირველ სატელევიზიო არხზე გასულმა სიუჟეტმა, რომელიც ეძღვნებოდა მოდების ჩვენებას საპატრიარქოში.

კიდევ ერთი დეტალი. ქართული საინფორმაციო საშუალებები, ნაციონალური ტელეარხები საქართველოში ყველასთვის უცნობი, მაგრამ ამერიკიდან ჩამოსული და საპატრიარქოს მიერ მოწონებული რეჟისორის მომავალ ფილმზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავენ, წმინდა ნინოს როლის შემსრულებელმა ამის შემდეგ არც ერთ სხვა ფილმში არ უნდა ითამაშოსო. მე პირადად ერთი კითხვა დამებადა: ნინოს შემსრულებელმა, უმაკიაჟო გოგონამ ფიცი რომ გატეხოს და მას შემდეგ, რაც კინოვარსკვლავი გახდება, მაინც დათანხმდეს გადაღებაზე (მაგალითად, ჰოლივუდში), რა მოხდება ამ შემთხვევაში? რას იტყვის საპატრიარქო? რას იტყვიან ნაციონალური ტელეარხები?

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG