Accessibility links

logo-print
პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი 26-27 ივლისს საქართველოს ეწვევა. პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სამხრეთ კავკასიის ექვსდღიანი ტურნეს ფარგლებში ხორციელდება. ბრონისლავ კომოროვსკი 26 ივლისს საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვა, 27 ივლისს კი სომხეთში გაფრინდება.

პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი ოფიციალურ შეხვედრებს 26 ივლისს ბათუმში გამართავს. ბათუმშივე შეხვდება თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს, 27 ივლისს კი მოვლენათა ეპიცენტრი გადაინაცვლებს თბილისში, სადაც, საქართველო-პოლონეთის ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, მოგვიანებით კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბბინას ეწვევა.
ძირითადად მაინც პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენთვის არის სწორედ ევროკავშირისა და ნატოს კონტექსტში მნიშვნელოვანი, სადაც პოლონეთს შეუძლია თავისი სიტყვა თქვას...

პოლონეთის პრეზიდენტის რანგში ბრონისლავ კომოროვსკი საქართველოში პირველად იმყოფება. მას შემდეგ, რაც პოლონეთმა მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 6 თვით ევროკავშირის თავმჯდომარეობა გადაიბარა, შეიძლება ითქვას, რომ პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში პირველად იმყოფება ასევე როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის თავკაცი. ეს უკანასკნელი გარემოება განსაკუთრებით საგულისხმოდ მიაჩნია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს:

”ორმხრივი ურთიერთობები ყოველთვის წინა პლანზეა, როდესაც უმაღლეს დონეზეა ვიზიტი, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მეგობრული სახელმწიფოა, ძირითადად მაინც პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენთვის არის სწორედ ევროკავშირისა და ნატოს კონტექსტში მნიშვნელოვანი, სადაც პოლონეთს შეუძლია თავისი სიტყვა თქვას. დღესდღეობით რადგანაც ის ასრულებს ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარის როლს, ანუ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობა აქ მეტი შანსები და შესაძლებლობებია, რათა ჩვენ გამოვიყენოთ ეს ვიზიტი სწორედ ამ მიმართულებით.“

ევროკავშირის თავმჯდომარეობის განმავლობაში პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება და ევროპული ბაზრის გაძლიერება იქნება. პოლონეთი აქტიურად მუშაობს ევროკავშირის გასაფართოებლად ბალკანეთის მიმართულებით და ევროკავშირის სამეზობლო ურთიერთობების გასაღრმავებლად აღმოსავლეთის მიმართულებით. ამ მიმართულებაში უკრაინასთან, ბელორუსიასთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად არის საქართველოც. კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტის განმავლობაში საჭიროა ზუსტი განსაზღვრა იმისა, რა სახის მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს პოლონეთისაგან.

პოლონეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობამდე ათიოდე დღით ადრე საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის გჟეგოჟ სხეტინას საქართველოში ვიზიტის დროს გაიმართა. 20 ივნისს, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბარში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა:

მეორე და მესამე საკითხები არც ისეთი რთულია. იმავე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით: დღევანდელი, არსებული ლიბერალიზაცია სინამდვილეში მირაჟი იყო და რეალურად ამან დიდი არაფერი მოიტანა...
”ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რის გაკეთებას ვისურვებდით ჩვენ და ჩვენი პოლონელი მეგობრები მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, როდესაც პოლონეთი იქნება ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ქმნის გარკვეულ შესაძლებლობებს და შანსს, რომ დავაჩქაროთ ყველა ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის.”

მაინც რა პროცესების დაჩქარებას და აქცენტირებას ისურვებდა ევროკავშირის ინსტიტუტებში ქართული მხარე პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს? ამ შეკითხვით ექსპერტს, ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტ გია ჯანდიერს მივმართეთ. ოკუპირებული რეგიონების საკითხი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებების დაწყება და სავიზო რეჟიმის მეტი ლიბერალიზაცია - გია ჯანდიერმა ეს სამი საკითხი გამოყო.

”პირველი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ ამ საკითხის დაძვრა პოლონეთისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. მეორე და მესამე საკითხები არც ისეთი რთულია. იმავე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით: დღევანდელი, არსებული ლიბერალიზაცია სინამდვილეში მირაჟი იყო და რეალურად ამან დიდი არაფერი მოიტანა. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხს, პოლონეთი შეიძლება დაგვეხმაროს იმაში, რომ მოლაპარაკებები წელსვე დაიწყოს”, აღნიშნავს გია ჯანდიერი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ კი 25 ივლისს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რადგან პოლონეთი საქართველოს აქტიური ლობისტია საერთაშორისო არენაზე, მნიშვნელოვანია, რომ იგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს.
XS
SM
MD
LG