Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 25 ივლისი, 2011


„ქართული პოლიტიკური ცხოვრების პარადოქსები“ - ასეთია სათაური დღევანდელი ”მთელი კვირის” მოწინავე სტატიისა, რომელიც შეეხება ლევან გაჩეჩილაძის მიმართ ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებს - მან ჩემი გეგმების გამჟღავნებისათვის 5 მილიონი აიღოო. ”მთელი კვირა”ყველაფერ ამას ასეთ შეფასებას აძლევს: ”ერთადერთი შედეგი, რაც ამ მოვლენებს უნდა მოჰყვეს, ალბათ ისაა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრსა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებას საფუძვლიანი გადახალისება-განწმენდა ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა გასვრილია.”

ოქრუაშვილის გამონათქვამებს დღეს თითქმის ყველა ქართულ გაზეთში შეხვდებით, განსაკუთრებით ხშირად მოიხსენიება თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ ნინო ბურჯანაძის დახასიათება - მას 1 კი არა, 0,1 გრამი ჭკუაც არასოდეს ჰქონია თავშიო.

ოქრუაშვილის ბრალდებებს ”კვირის პალიტრაში” ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე პასუხობენ. გაჩეჩილაძე მოკლედ პასუხობს, ასეთ ბრალდებებზე იმუნიტეტი მაქვსო, და სიტყვას კოკა გუნცაძეს გადასცემს, რომელიც ყოფილი თანაგუნდელის მიმართ სიტყვებს არ იშურებს, უწოდებს მას გაფარჩაკებულ და გაბახებულ კაცს, ქალაჩუნას, კაცს, რომელიც ქვეშ ისვრის და მერე სხვებს აბრალებს საკუთარ სიმხდალეს... კოკა გუნცაძემ დასძინა, კაცი მრისხანების დღეს რომ გამოაცხადებს და მერე გაჩეჩილაძეს და ბურჯანაძეს დააბრალებს, მათ გამო ვერ ჩამოვედიო, რაღაზე უნდა ელაპარაკო. სინამდვილეში ოქრუაშვილს ჩამოსვლის ერთი ადგილი არა აქვსო.

აქვე ნახავთ მოკლე ინტერვიუს გიორგი აბდალაძესთან, რომელიც ციხეში გატარებულ დღეებზე ლაპარაკობს. ჟურნალისტი საგანგებოდ აღნიშნავს, აბდალაძის მდგომარეობა და ის პირობები, რომლებიც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მიიღო ფოტორეპორტიორმა, თავისუფალი გამოკითხვის საშუალებას არ იძლევაო. აბდალაძე ამბობს, როდესაც აღიარებით ჩვენებაზე დავთანხმდი, გავაფრთხილე, რომ თარიღები გადაემოწმებინათ, არ ვიცი, რატომ არ გადაამოწმეს. ეტყობა, ძალიან გაეხარდათ ჩემი თანხმობა და ჩანაწერის გახმაურება იჩქარესო".

”კვირის ქრონიკას” და ”ასავალ-დასავალს” დღეს ერთმანეთის მსგავსი პირველი გვერდები აქვთ - ორივეგან პატრიარქის ფოტოა გამოსახული, მინაწერით, წმინდა სინოდის კრების შემდეგ პატრიარქს ტირილი დაუწყიაო. უფრო დაწვრილებით ამ კრების შესახებ ”კვირის ქრონიკა” წერს, სადაც ნახავთ სინოდის წევრების სახელებსა და გვარებს, იმის აღნიშვნით, თუ ვინ დაუჭირა მხარი შეხვედრის დროს ”სააკაშვილსა და გარეგინ მეორეს და ვინ დარჩა ერთგული პატრიარქის და საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიისა“. გვერდზე ფოტოებსაც აქვეყნებს ”კვირის ქრონიკა”.

”ასავალ-დასავალი” კი პირველ გვერდზე კალიის ფოტოს აქვეყნებს, ასეთი მინაწერით: „სააკაშვილის მონობაში მყოფ საქართველოს უფალმა კალია შემოუსიაო“. თავად ამ სტატიას გაზეთი ერთ გვერდს უთმობს - აქედან ძირითადი ნაწილი ძველი აღთქმის ციტატებია.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG