Accessibility links

logo-print

ნორვეგიელი მასობრივი მკვლელი დახურული სასამართლოს წინაშე


ნორვეგიელი კაცი, რომელსაც გასულ კვირაში ათობით ადამიანის დახოცვა ედება ბრალად, დღეს პირველად წარდგა ოსლოში სასამართლოს წინაშე. ბრალდებული ანდერს ბერინგ ბრეივიკი ოსლოში აფეთქების მოწყობას და კუნძულ უტოიაზე ხალხის დახოცვას აღიარებს, თუმცა თავს დანმაშავედ არ მიიჩნევს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო, რამაც ეჭვმიტანილს საშუალება არ მისცა სხდომა თავისი ექსტრემისტული, ანტიმუსლიმური შეხედულებებისთვის ერთგვარ პლატფორმად გამოეყენებინა.
ნორვეგიაში პარასკევს მომხდარი ხოცვა-ჟლეტის მოწყობაში ბრალდებულ ანდერს ბერინგ ბრეივიკს ოთხი კვირის განმავლობაში სრულ იზოლაციაში ამყოფებენ. სულ კი მას, წინასწარი პატიმრობის სახით, რვა კვირის განმავლობაში თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეს გადაწყვეტილება ორშაბათს ოსლოში გამართული სასამართლო სხდომის შემდეგ მიიღეს.

ახალი მონაცემებით, კუნძულ უტოიაზე გახსნილ ცეცხლს 68 ადამიანი შეეწირა, ოსლოში, სამთავრობო შენობების სიახლოვეს მომხდარ აფეთქებას კი 8 ადამიანი ემსხვერპლა. უტოიაზე გამართული ხოცვა-ჟლეტის თვითმხილველები ჰყვებიან, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირმა ხალხს მასთან მიახლოება უბრძანა და შემდეგ ცეცხლი გახსნა.

ანდერს ბერინგ ბრეივიკი ორივე დანაშაულს აღიარებს, თუმცა, როგორც აცხადებენ, თავს დამნაშავედ მაინც არ მიიჩნევს. როგორც სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას მოსამართლე კიმ ჰეგერმა განაცხადა, ბრეივიკს სწამს, რომ ეს ნაბიჯი ნორვეგიის და დასავლეთ ევროპის კულტურული მარქსიზმისა და მუსულმანებისგან გადასარჩენად უნდა გადაედგა. მოსამართლის თქმით, ბრეივიკი აფეთქების მოწყობას და კუნძულ უტოიაზე ხალხის დახოცვას აღიარებს:

„სასამართლო აცხადებს, რომ ბრალდებული როგორც პოლიციასთან, დაკითხვაზე, ისე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღიარებს სამთავრობო შენობების სიახლოვეს აფეთქების მოწყობასა და უტოიაში მოწყობილ სროლას, როგორც ბრალდებაშია გათვალისწინებული. ბრალდებულის აღიარებას საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც ამყარებს.“

ამასთან, ჰეგერის თქმით, ბრეივიკმა დახურულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ორგანიზაციაში კიდევ ორ უჯრედთან“ თანამშრომლობდა. მოსამართლის თქმით, ამ განცხადებას პოლიცია იძიებს.

მოსამართლემ ორშაბათის სხდომას მედიის წარმომადგენლები არ დაასწრო, რამაც ბრეივიკს საშუალება არ მისცა სხდომა თავისი ექსტრემისტული მემარჯვენე და ანტიმუსულმანური იდეოლოგიისთვის ერთგვარ ტრიბუნად გამოეყენებინა.
სასამართლოს წარმომადგენლის თქმით, სხდომა იმიტომ იყო დახურული, რომ მიმდინარე გამოძიებას არ შეშლოდა ხელი.
თავდასხმებმა ძლიერი შოკი მოჰგვარა ნორვეგიას - მდიდარ ქვეყანას, რომლისთვისაც პოლიტიკური ძალადობა ჩვეული არ არის და რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო შუამავლად, სხვა ქვეყნების განვითარების მსხვილ დონორად და ნობელის სამშვიდობო პრემიის გამცემ ქვეყნად არის ცნობილი. როგორ მოხდა, რომ ერთმა კაცმა ამდენი თანამოქალაქე დახოცა და, როგორც ჩანს, სინანულს საერთოდ არ განიცდის? - ეს არის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც ნორვეგიაში ყველას აწუხებს.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ბრეივიკი წარმოჩნდება მემარჯვენე, ქრისტიან ექსტრემისტად, რომელიც მულტიკულტურალიზმისა და ისლამის მოწინააღმდეგე იყო და რომელსაც ბრაზს ჰგვრიდა ევროპაში მუსულმანთა მზარდი რაოდენობა.

როგორც პოლიციამ ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთს უთხრა, პლურალისტური საემიგრაციო პოლიტიკის გატარებასა და ნორვეგიაში მუსულმანების რაოდენობის ზრდაში ბრეივიკი 1981-დან 1996 წლამდე პერიოდში სამი ვადით პრემიერ-მინისტრ, ლეიბორისტ გრო ჰარლემ ბრუნდტლანდს ადანაშაულებს. პოლიციის განცხადებით, ბრეივიკმა აღიარა, რომ სწორედ ბრუნდტლანდის მოკვლა სურდა უტოიაზე ყოფილი პრემიერის სიტყვით გამოსვლის დროს. მაგრამ ბრუნდტლანდმა, რომელსაც ხშირად „ერის დედადაც“ მოიხსენიებენ, კუნძული ბრეივიკის ჩასვლამდე დატოვა.
მედიაში ასევე ვრცელდება იმ 1,500 გვერდიანი მანიფესტის ნაწყვეტები, რომელიც ბრეივიკმა დანაშაულების ჩადენამდე რამდენიმე საათით ადრე განათავსა ინტერნეტში.

ამ მანიფესტში გამოთქმულია მოწოდება, ჯვაროსნული ომი გამოეცხადოს ევროპაში მუსლიმთა იმიგრაციას. ამასთან, ბრეივიკი აღწერს მოვლენებს, რომლებმაც მას სიძულვილი გაუღრმავა მუსულმანების და „მარქსისტების“ წინააღმდეგ. ევროპაში მულტიკულტურული პოლიტიკის გატარებაში ბრეივიკი სწორედ მარქსისტებს სდებდა ბრალს.

აქვე კიდევ ერთი ცნობა: უტოიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაკარგულებსა და გადარჩენილებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება თამთა ლიპარტელიანი, რომელიც თავდასხმის მომენტში ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ნათია ჩხეტიანი, თავდასხმას გადაურჩა და ამ დრომდე ნორვეგიაში რჩება.
XS
SM
MD
LG