Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯავის რაიონში ოსმა მილიციელებმა რუსი მშენებელი მოკლეს


ჯავის რაიონში ოსმა მილიციელებმა რუსი მშენებელი მოკლეს. ამ ინფორმაციას ოსური და რუსული საინფორმაციო საშუალებები დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ვალერი ვალიევზე დაყრდნობით ავრცელებენ. არ სახელდება არც დაღუპულის და არც თავდამსხმელი მილიციელების ვინაობა. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ოსმა სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს ცხინვალისკენ მიმავალ რუს მუშას, რომელიც მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა. ვალერი ვალიევის ცნობით, დამნაშავეები უკვე დაკავებულები არიან და საქმე გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეცა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადგილობრივებსა და ცხინვალში სამუშაოდ ჩასულებს შორის დაპირისპირება და კრიმინალური გარჩევები ხდება. ისიც აღსანიშნავია, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ადგილობრივი სამართალდამცავები არიან ჩართულნი. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერთხელ უკვე მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების ატესტაცია, ბოლო თათბირზე კი კოკოითიმ ვალიევს მილიციის წმენდა და ამ საქმეში რუსი სპეციალისტების ჩართვა მოსთხოვა.

ცოტა ხნის წინ კოკოითიმ პირადი დაცვა და სახელმწიფო დაცვის სამსახური დაითხოვა. მანამდე მისი დაცვის წევრები და სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები სხვა ძალოვანებთან ერთად პარლამენტში მესამე საპრეზიდენტო ვადის მოთხოვნით შეიჭრნენ, უფრო ადრე კი კოკოითის პირადი დაცვის ორი წევრი ვლადიკავკაზის ღამის კლუბში მათივე იარაღით დაცხრილეს. ერთი მათგანი კოკოითის ბიძაშვილი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის წევრები იარაღით ემუქრებოდნენ კლუბში მყოფ ერთ-ერთ სპორტსმენს, რომელმაც ეს იარაღი თავდამსხმელებს აართვა და ორივე ადგილზე მოკლა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში სამართალდამცავი სისტემა არ არსებობს, რადგან იქ ყველაფერი კლანურ რეჟიმზეა აგებული. მისი აზრით, კორუფციის მაღალი დონე და დიდი რაოდენობით იარაღი ხელს უწყობს მთლიანად რეგიონის კრიმინალიზაციას.

ცხინვალში ადგილობრივებსა და ჩასულებს შორის დაპირისპირება სამი წლის წინ დაიწყო. ომის შედეგად დაზიანებული ქალაქის აღსადგენად იქ არაერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე რუსული სამშენებლო კომპანია ჩავიდა, რომელმაც პირობა არ შეასრულა, დიდი რაოდენობით თანხა მიითვისა და უკვალოდ გაქრა. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა რამდენიმე რუსული კომპანიის ხელმძღვანელიც დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს. იყო კომპანიები, რომლებმაც სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს. ცხინვალში ახლაც ახსენებენ კომპანია „ჩეჩენსტროის“, რომლის მიერ გადახურულ სახურავებში მალე წყალმა ჩაჟონა. ყველაზე ხშირად დაპირისპირება სწორედ ჩეჩენ მუშებსა და ადგილობრივებს შორის ხდებოდა ხოლმე.
XS
SM
MD
LG