Accessibility links

logo-print
გორში ადამიანის უფლებებს ძირითადად ორი არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თანამშრომლები ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების მცხოვრებთა და დევნილთა უფლებებს იცავენ. მათი თქმით, პრობლემები სწორედ აქ ექმნებათ ხოლმე. ცენტრის გორის ოფისის ხელმძღვანელის საბა წიწიკაშვილის თქმით, სამართალდამცავები მათ გადაადგილებასა და საქმიანობას უთვალთვალებენ. მისი განცხადებით, გორში ბოლო ასეთი შემთხვევა იყო დაკავებული ფოტორეპორტიორების სოლიდარობის აქციის დროს, როცა ერთი მანქანა აქციის მონაწილე ჟურნალისტებს გვერდიდან არ შორდებოდა, იქ მსხდომი ადამიანები კი გამომწვევად იქცეოდნენ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში სამართალდამცავების თვალთვალი ჯერ არ შეუნიშნავთ, თუმცა ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემები ორგანიზაციას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას ექმნება ხოლმე.

გორელი უფლებადამცველები ყველაზე დიდ პრობლემად საქმიანობაში ხელშეშლას და ინფორმაციის მიუღებლობას მიიჩნევენ, ყველაზე დახურულ ორგანიზაციებად კი შსს-ს, პროკურატურას, თავდაცვის სამინისტროს და სასამართლოს ასახელებენ. სასამართლო თითქოს გასცემს ინფორმაციას, მაგრამ, უფლებადამცველების თქმით, ეს ინფორმაცია არასრულია, რადგან გვარ-სახელები და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები დაფარულია. მათი აზრით, გასაკვირია, თუ რატომ მალავს სასამართლო იმ საჯარო პირების ვინაობას, ვისაც კორუფციის ბრალდებით ასამართლებენ.
XS
SM
MD
LG