Accessibility links

„ნოვაია გაზეტა“ მთავარ გვერდზე პლატონ ლებედევის მეოთხეკლასელი შვილის წერილს აქვეყნებს, წერილს ჰქვია ”წერილი მოსამართლეს”: ”გამარჯობათ, პატივცემულო მოსამართლე!”- იწყებს ლებედევის შვილი და ჰყვება, როგორ ელოდება მამას ყოველდღე, როგორ ვერ იძინებს ღამე და როგორ სურს აჩვენოს მას თავისი საყვარელი მულტფილმები, როგორ სურს წავიდეს მასთან ერთად ზოოპარკში:

”დედა მეუბნება, რომ თქვენ თვლით, რომ მამა უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ის ხომ ისედაც ყველაზე კარგია, მას გამოსწორება არ სჭირდება. ძალიან გთხოვთ, გამოუშვათ მამა და მე ვიქნები ყველაზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე…”

ხელნაწერი წერილი ხელმოწერილია: ”მარია პლატონის ასული ლებედევა”.

ნორვეგიაში აფეთქებებზე წერენ რუსული გაზეთები. ადამიანების მასობრივ განადგურებაში ეჭვმიტანილი ნორვეგიის მოქალაქე, როგორც „ნოვაია გაზეტა“ წერს, ვიკინგების შთამომავალია. მოტივი ამ ეტაპისთვის, სავარაუდოდ, იდეოლოგიურ-ნაციონალისტურია. პოლიციის განცხადებით, დაკავებული დაკავშირებულია ნორვეგიის ულტრამემარჯვენე ფრთასთან. 90-მდე მოკლული ადამიანიდან უმრავლესობა ნორვეგიის მემარცხენე მშრომელთა ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი იყო. ასევე, გაზეთებში გაისმის ვერსია, რომ მკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის ცენტრში მხოლოდ ყურადღების გადასატანად დაამონტაჟა, თუმცა აფეთქებას, როგორც ვგებულობთ, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. შემდეგ უკვე მკვლელი კუნძულ უტოიაზე ინაცვლებს, სადაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ნორვეგიის მემარცხენეთა ახალგაზრდული ფრთის 80-მდე წარმომადგენელს კლავს. მას ამ დროს, გამოძიების თქმით, პოლიციელის ფორმა აცვია. ეს ნორვეგიის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერაქტიაო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ქვეყანაში დაშვებულია დროშები, გაუქმებულია კულტურული თუ სპორტული ღონისძიებები. ადამიანები, უბრალოდ, შოკში არიანო, წერენ რუსული გაზეთები. რუსულ გაზეთებში ნორვეგიის პრემიერის განცხადებები ისმის, ჩვენ არ გადავუხვევთ აღებული კურსიდანო…

ჩაძირული „ბოლგარია“ ზედაპირზეა, 200 მეტრში ნაპირიდან. თბომავალი წყლის ფსკერიდან ორი კვირა ამოჰქონდათ. „იზვესტია“ ფოტოებს აქვეყნებს და საუბრობს ხელნაკეთ გადატიხვრებზე, ოთახებზე, რომლებიც გემზე მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა როგორც მიშენებები…მაგალითად, საუნა, რომელიც ჩამონტაჟდა. „საუნაში მყოფმა ადამიანებმა არც კი იცოდნენ, რომ თბომავალი ფსკერისკენ მიდიოდა“.

მიშენებებს და გადატიხვრებს შეეძლო გემის მთლიანობისა და იზოლაციის დარღვევა, რაც შესაძლოა კიდეც გამხდარიყო გემის სწრაფი ჩაძირვის მიზეზი. გარდა ამისა, არ მუშაობდაო რადიოგადაცემის სისტემა, რომელიც ადამიანებს გააფრთხილებდა, რა და როგორ გაეკეთებინათ კრიტიკულ მომენტში. ერთ- ერთი ვერსიით, გადარჩენილებს შორის 70 პროცენტი სწორედ გემის თანამშრომელი იყო, თუმცა ეს დაზუსტებული არ არის. „იზვესტიას“ მიხედვით, „ბოლგარიას“ ნაპირზე ამოტანა და გემის დამატებით გამოკვლევა იგეგმება.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც შევეხებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოლაპარაკებებია რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის, - ამაზე „ვედომოსტი“ წერს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სახელმწიფო ვალის დათქმულ მარჟას - 14,3 ტრილიონ დოლარს - მიაღწია, მოლაპარაკებათა თემა ვალის დასაშვები ზღვარის აწევაა. როგორც „ვედომოსტი“ წერს, ამ მდგომარეობამ შესაძლოა ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.
XS
SM
MD
LG