Accessibility links

logo-print

გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული მოლოდინი


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

26 ივლისის შუაღამის 12 საათზე ამოიწურება სამთვიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს 26 აპრილის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ. თუმცა უკვე ცნობილია, რომ არც გირგვლიანის ოჯახი და არც სახელმწიფო ამ შესაძლებლობის გამოყენებას არ აპირებს და, შესაბამისად, 27 ივლისიდან კანონიერ ძალაში შევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 3 თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება. რატომ არ ჩათვალეს საჭიროდ მხარეებმა საქმის გასაჩივრება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში და რა იმედები უკავშირდება პროცესების შემდგომ განვითარებას?

საქმეში დადგენილი ხარვეზების მიხედვით, სახელმწიფომ საჭიროდ აღარ ჩათვალა სტრასბურგის სასამართლოს 26 აპრილის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრება, - განუმარტავს რადიო თავისუფლებას სახელმწიფოს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ლევან მესხორაძე. ხოლო რაც შეეხება განაჩენის აღსრულებას, მესხორაძის თქმით, შემდგომი ნაბიჯები ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების მიხედვით გადაიდგმება:

”მინისტრთა კომიტეტი საქმის განხილვის შედეგად მიუთითებს სახელმწიფოს, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნეს გატარებული. სახელმწიფო კი გაატარებს იმ ღონისძიებებს, რაც მას ევალება.”

ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ადგილობრივ სამართალწარმოებაში მოხდა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა მის პროცედურულ ნაწილში...
ლევან მესხორაძე არ პასუხობს შეკითხვას - შესაძლებელია თუ არა, რომ სახელმწიფოს მოუწიოს ხელახალი გამოძიების ჩატარება 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეზე. თუმცა რადიო თავისუფლების არქივში ინახება იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურკალიანის მიერ 3 თვის წინ გაკეთებული კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ სახელმწიფო არ აპირებს საქმის ხელახალ გამოძიებას, რადგანაც სტრასბურგის სასამართლოს 26 აპრილის გადაწყვეტილებით მას ეს არ მოეთხოვება.

მართალია, პირდაპირი დირექტივა არ არსებობს, მაგრამ ხელისუფლების ოპონენტები შეგვახსენებენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ”მოსარჩელის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა” სწორედ იმიტომ დაავალა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჩაეტარებინა გამოძიება, რომელიც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შესახებ ”სრული სიმართლის გამოაშკარავებას შეძლებდა და რომელსაც ყველა პასუხისმგებელი პირის ადეკვატური დასჯა მოჰყვებოდა.“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თვალთახედვით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას "აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“. 26 აპრილის გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ, რომ "სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებით, რომელსაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მიმართავდნენ”, რათა ”ამ საზარელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.“

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვები ჩატარდა არასრულად, ცალმხრივად, არაობიექტურად...
ხელისუფლების ოპონენტები ასევე საყურადღებოდ მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ 26 აპრილის გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლო ”გმობს იმ გარემოებას, რომ ხელისუფლებამ თვალი დახუჭა მოსარჩელეების მიერ წამოყენებულ სარწმუნო ბრალდებაზე, რომ დანაშაულის უშუალო ჩამდენები და ზოგიერთი იმ ჯგუფიდან, რომელიც კაფეში შს მინისტრის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, [დანაშაულის] თანამონაწილენი იყვნენ.”

გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე დარწმუნებულია, რომ საქმეში არსებული ბევრი კითხვის ნიშნის შესაბამისად, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი აუცილებლად მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას. მისი თქმით, ეს არის უმთავრესი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობდა მოსარჩელე მხარე და, შესაბამისად, შავგულიძის განმარტებით, აზრი არ ჰქონდა 26 აპრილის განაჩენის შემდგომ გასაჩივრებას დიდ პალატაში:

”ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ადგილობრივ სამართალწარმოებაში მოხდა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა მის პროცედურულ ნაწილში - კერძოდ, საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვები ჩატარდა არასრულად, ცალმხრივად, არაობიექტურად და ამ დარღვევის აღმოფხვრის ერთადერთი გზა, რა თქმა უნდა, არის ხელახალი გამოძიება, შემდგომი სასამართლო განხილვებით.”

შალვა შავგულიძის მსგავსად, გირგვლიანის საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნას მოელის ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი თეა წულუკიანიც, რომელიც 10 წლის მანძილზე მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მას ეჭვი არ ეპარება, რომ 47 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი პოლიტიკური ორგანო - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი - პროცესს წარმატებით მიიყვანს ბოლომდე:

”ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ძალიან სერიოზული მექანიზმი და ძალიან ცოტა ქვეყანა თუ უძლებს ზეწოლას, როცა ამდენი სახელმწიფო გთხოვს გადადგა ესა თუ ის ნაბიჯი.”

თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების აღსრულებას გარკვეული დრო დასჭირდეს, მაგრამ, მისი თქმით, ლოდინი ღირს იმისათვის, რომ საზოგადოებამ შეიტყოს სრული სიმართლე გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG