Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


განვლილი კვირის მანძილზე დასავლეთის პრესაში ბევრი პუბლიკაცია მიეძღვნა საქართველოს, რისი მთავარი მიზეზიც იყო დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმე.

ბრიტანეთის ყოველდღიური „დეილი ტელეგრაფი“ და „გარდიანი“ მკითხველს აუწყებენ, რა ბრალდებები წაუყენეს საქართველოში 7 ივლისს დაკავებულ ფოტორეპორტიორებს და აუწყებენ იმასაც, რომ მათი დაპატიმრების შესახებ ცნობას საქართველოში ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ვიდეოფირზე აღბეჭდილმა აღიარებითმა ჩვენებებმა, „ძნელი წარმოსადგენია, დააკმაყოფილოს კრიტიკოსები, მათ შორის საქართველოს მთელი რიგი მედიასაშუალებები და ორგანიზაციები, რომლებმაც გამოაქვეყნეს განცხადება, რომ ისინი ვერ დაარწმუნა პოლიციამ საეჭო გარემოებებში მიღებული აღიარებითი ჩვენებებით", წერს „დეილი ტელეგრაფი“ და 19 ივლისის ნომერში იმასაც აღნიშნავს, რომ არ გამორიცხავენ ფოტოგრაფების თავდებით გათავისუფლებას. როგორც ცნობილია, მოგვიანებით ეს ვარაუდი გამართლდა და 22 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ნათია გედენიძე და რომ მათ პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

საქართველოში ფოტორეპორტიორების დაკავებას ეხება სტატიაც, რომელიც 21 ივლისს გამოაქვეყნა საინტერნეტო გამოცემა „იურეიჟა ვიუმ“, თუმცა კონტექსტი უფრო ფართოა. სტატიის ავტორის, მოლი კორსოს ინფორმაციით, 2004 წლის დასაწყისიდან, ანუ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით 39 ადამიანი დააკავეს - გამოდის, რომ წელიწადში თითქმის 6 კაცს აკავებენ, რაც, სტატიის ავტორის მონაცემებით, გაცილებით მეტია, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით. ავტორი ცდილობს გაერკვეს, საქმე ჯაშუშომანიასთან გვაქვს თუ ჯაშუშობის რეალურ პრობლემასთან. ამ შეკითხვაზე მოლი კორსო, ბუნებრივია, სხვადასხვა პასუხს იღებს. მათ შორის, პასუხს ვაშინგტონში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის, „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ თანამშრომლის, არიელ კოენისაგან. ეს უკანასკნელი იზიარებს შეფასებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოთქვამენ, რომ რუსეთი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ზომას საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ, დასძენს კოენი, ეს ქმედებები არ ათავისუფლებს საქართველოს ლიდერებს ვალდებულებისაგან, დაიცვან მაღალი სტანდარტები დანაშაულის დასამტკიცებლად ჯაშუშობისა თუ ტერორიზმის შემთხვევებში.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე საყურადღებო სტატიას აქვეყნებს „ვაშინგტონ ტაიმსიც“. მასში საუბარია რუსული სპეცსამსახურების კვალზე, რომელიც ქართული მხარის განცხადებით, დასტურდება თბილისში შეერთებული შტატების საელჩოსთან სექტემბერში მომხდარ აფეთქებასთან მიმართებით. საქართველოში სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 30 წლით პატიმრობა ევგენი ბორისოვს - რუსეთის დაზვერვის სახელმწიფო სამმართველოს ოფიცერს, რომელიც, ბრალდების თანახმად, არის საქართველოში 12 აფეთქების ან აფეთქების მცდელობის, მათ შორის თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, 22 სექტემბერს მოწყობილი აფეთქების ორგანიზატორი.

„თუ საქართველოს ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება, ეს ნიშნავს, რომ რუსი სამხედროების გარკვეული ჯგუფი გეგმავდა აშშ-ის ტერიტორიაზე სისხლისმღვრელ თავდასხმას სამი თვით ადრე, ვიდრე შეერთებული შტატების სენატში მიემხრობოდნენ მოსკოვთან სტრატეგიული შეიარაღების შესახებ ახალი ხელშეკრულების რატიფიკაციას“, წერს „ვაშინგტონ ტაიმსი“. სტატიის ავტორს მოჰყავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური განყოფილების უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადება, რომ მან თბილისში შეერთებული შტატების საელჩოსთან აფეთქების გამოძიების დეტალები გააცნო ამერიკელ ოფიციალურ პირებს ამ კვირაში ვაშინგტონში ვიზიტისას. „ვაშინგტონ ტაიმსი“ აღნიშნავს, რომ ევგენი ბორისოვი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებენ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის პროვინციაში საქმიანობს.

„აფხაზეთი ადამიანური სახით“ - ასე ეწოდება სტატიას, რომელიც 22 ივლისს გამოაქვეყნა „ინტერნეიშნლ ჰერალდ ტრიბიუნმა“. სტატიის ავტორია ცნობილი რუსი მწერალი, სხვათა შორის, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის ბლოგერი, ვიქტორ იეროფეევი, რომელიც სტატიის დასაწყისში აღნიშნავს - აფხაზეთის ბედი მაშფოთებს მას შემდეგ, რაც იქ პირველად ვიყავი ჩასული ხუთი წლის წინო. სტატია დასავლური გამოცემისთვისაა დაწერილი და, თუ მასში მოყვანილი ინფორმაციით ვიმსჯელებთ, აფხაზეთის გარკვეულ პოპულარიზაციას ემსახურება. „ვინ იცის მსოფლიოში რაიმე აფხაზეთის შესახებ?ის შეიძლება კოსოვოს შეადარო, თუმცა უფრო ანტიკოსოვოა. როგორც რუსეთს არ სურს დამოუკიდებელი კოსოვოს აღიარება, ისე დასავლეთს არ სურს ცნოს აფხაზეთი. 200 000-მდე აფხაზი ორ ცეცხლს შუა - რუსეთსა და საქართველოს შორის - არის მოქცეული.“

ამის შემდეგ იეროფეევი მკითხველს აცნობს აფხაზეთის ისტორიას, როგორც მას, სავარაუდოდ, თვით აფხაზეთში გააცნეს, რომ ის იყო სამეფო, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში „აღმოჩნდა“. ქვემოთ კი ვკითხულობთ განსაკუთრებით მრავლისმეტყველ წინადადებას: „საქართველოსთან ომმა წარმოშვა ათასობით ქართველი ლტოლვილი - პრობლემა, რომელიც არ მოგვარებულა და, როგორც ჩანს, არც მოგვარდება“. რამ წარმოშვა ან რატომ და ვის გამო არ მოგვარებულა და არ გვარდება, ამაზე იეროფეევი არაფერს ამბობს. პრობლემა, უბრალოდ, არსებობს. ამ და სხვა შეხედულებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვიქტორ იეროფეევის სტატიაში, რომელსაც აქვეყნებს „ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნი“. ამავე სტატიას წაიკითხავთ გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ საინტერნეტო გამოცემაში, საავტორო სვეტების გვერდზე.

დაბოლოს, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ კიდევ ამერიკულ გამოცემას - ყოველთვიურ „ამერიკან სპექტეიტორს“ და მის ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით „კომპიუტერები ომის იარაღია“. მისი ავტორია ჯედ ბებინი, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში თავდაცვის მინისტრის მოადგილე და უსაფრთხოების პოლიტიკაზე დაწერილი რამდენიმე ბესტსელერის ავტორი.

ყურადღების ცენტრში დგას შეკითხვა, უნდა ჩაითვალოს თუ არა კიბერშეტევები საომარ მოქმედებად. ავტორი ამ შეკითხვას სვამს 2007 წლის გაზაფხულზე ესტონეთის მთავრობის, ხოლო 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობის ვებსაიტებზე განხორციელებული კიბერშეტევების კონტექსტში. ჯედ ბებინი მსჯელობს ომის ცნებაზე, მოჰყავს განმარტებები, რომლებსაც იძლევიან ომებზე დაწერილი ისტორიული თუ თეორიული ნაშრომების გამოჩენილი ავტორები, მათ შორის კარლ ფონ კლაუზევიცი, მოჰყავს მაგალითები ისტორიიდან და დაასკვნის, რომ რუსეთის (კიბერ)შეტევები ესტონეთსა და საქართველოზე იყო საომარი მოქმედებები და, შესაბამისად, ამ ქვეყნებს ჰქონდათ სრული უფლება, კონვენციური შეიარაღებული ძალები გამოეყენებინათ თავდასხმების საპასუხოდ.
XS
SM
MD
LG