Accessibility links

logo-print
საქართველოსა და რუსეთს შორის კონტაქტები ეკლესიების დონეზე შედეგს გამოიღებს, განაცხადა 26 ივლისს, კიევის პეჩორის ლავრაში შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. რუსეთის პატრიარქმა კირილემ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიებია და ამ ტერიტორიებზე ”კანონიკური უწესრიგობაა”. პატრიარქების საუბრის მთავარი თემა იყო საეკლესიო ცხოვრება თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შესაძლო ჩასვლა აფხაზეთში.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე უკრაინაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილესა და უკრაინის მიტროპოლიტის ვლადიმირის მიწვევით იმყოფება. 28 ივლისს, რუსეთის განმანათლებლის წმინდა ვლადიმირის ხსენების დღეს, კიევის პეჩორის ლავრაში გაიმართება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, რომელში მონაწილეობას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქიც მიიღებს. მეგობრული ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი - მოლაპარაკებები - მოიცავს როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ზოგადად, ასევე რუსეთის ეკლესიის როლს აფხაზეთში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის აღდგენის საკითხში. მამა დავით შარაშენიძე ამბობს:

ჩვენ შევთანხმდით განვაგრძოთ ჩვენი საუბარი, რათა, ღვთის წყალობით, მომავალში გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ეს გადაწყვეტილებები დაეხმარებოდა ორ ეკლესიას მჭიდრო თანამშრომლობით შეძლონ...
” პრაქტიკულად, სამწუხაროდ, დღეს არ ვრცელდება საეკლესიო იურისდიქცია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკლესია სრულიად ცალსახად აღიარებს საქართველოს ეკლესიის განუყოფლობას, ერთიანობას, მათ შორის, აღიარებს აფხაზეთს, როგორც უმთავრეს ნაწილს ჩვენი ეკლესიისა, საეკლესიო კანონიკურ ნაწილს, სამწუხაროდ ეს არის დე იურე, დე ფაქტო ჩვენ ვერ ვახორციელებთ იქ ჩვენს მისიას, რელიგიურ მისიას.”

მამა დავით შარაშენიძემ რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების შეხვედრის შედეგიანობის სურვილი კიევში გამგზავრებამდე ტელეკომპანია ”ერთსულოვნებასთან” საუბარში გამოხატა. ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რომელზეც დღეს შეიძლება საუბარი, არის ის, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ”კანონიკური წესრიგის” აღდგენის მიზნით საუბარი გაგრძელდეს. ამის შესახებ 26 ივლისს თავად რუსეთის პატრიარქმა კირილემ განაცხადა:

”ჩვენ შევთანხმდით განვაგრძოთ ჩვენი საუბარი, რათა, ღვთის წყალობით, მომავალში გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ეს გადაწყვეტილებები დაეხმარებოდა ორ ეკლესიას მჭიდრო თანამშრომლობით შეძლონ ამ ადგილებში მცხოვრები მართლმადიდებელი ადამიანების ცხოვრების დამშვიდება, კანონიკური წესრიგის აღდგენა და, რაც ყველაზე მთავარია, აღიკვეთოს განხეთქილების ნებისმიერი სახის გამოვლინება.”

თავის მხრივ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პატრიარქს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართული ეკლესიის იურისდიქციის დადასტურებისათვის, მიესალმა ”კარგ დასაწყისს” და იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელებაც კეთილი იქნება. სწორედ ამ კონტექსტში მან უკრაინის რადიო ”ერასთვის” მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიის მესვეურებს მიმართა:

”მე მოვუწოდებ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სასულიერო პირებს შევხვდეთ და ვისაუბროთ, რათა ისინი თავიანთ ძველ ადგილებს დაუბრუნდნენ.”

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში სამღვდელოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირება ბოლო დროს ერთ-ერთ მთავარ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხად გადაიქცა. აფხაზი სამღვდელოების ერთმა ჯგუგფმა - ეგრეთ წოდებულმა ”ახალგაზრდა მღვდლებმა” - აფხაზეთში დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნისთვის ბრძოლა წამოიწყო. 15 მაისს მათ ჩამოაყალიბეს აფხაზეთის ”წმინდა მიტროპოლია” , რომელიც აღიარების მოპოვებას ცდილობს. ამ ჯგუფს აშკარად უპირისპირდება რუსული სამღვდელოებაც.

კანონიკური საზღვრების გადახედვა, საქართველოს ეკლესიის გარდა, არ აწყობს არც რუსეთის ეკლესიას, აღნიშნა ჩვენთან საუბარში თეოლოგმა ლევან აბაშიძემ.

”მას აქვს პრობლემები ბალტიისპირეთში, სადაც არის სადავო ტერიტორია, ანუ ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია რომელიმე იურისდიქციაში უნდა შედიოდეს თუ დამოუკიდებელი უნდა იყოს. მას აქვს პოტენციური პრობლემები უკრაინაში, სადაც არის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი, ავტოკეფალიური ეგრეთ წოდებული ეკლესიები, რომლებსაც ჯერჯერობით არ ცნობს არავინ. ანუ ამ შემთხვევაში ორივე მხარის ინტერესთა დამთხვევა მოხდა და ბუნებრივია, რომ, ერთი მხრივ, საქართველო ამბობს, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორია ეკლესიურადაც და სახელმწიფოებრივადაც და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კი ხაზს უსვამს, რომ არავითარ გადახედვას ადგილი არ ექნება.”

ლევან აბაშიძე ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში საჭიროა გამოინახოს ეგრეთ წოდებული დროებითი გამოსავალი მაინც, რათა მორწმუნე მართლმადიდებლებისთვის აფხაზეთში ნორმალური საეკლესიო ცხოვრება აღდგეს. მისივე თქმით, დროებითი გამოსავალის ერთ-ერთი ინიციატივა მოდის თავად აფხაზეთიდან, სადაც ერთმა ჯგუფმა გამოთქვა მოსაზრება აფხაზეთის ეკლესიის მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციაში გადასვლის შესახებ. ეს ინიციატივა, ლევან აბაშიძის აზრით, მიუღებელია რუსეთისთვის, რომელიც შეეცდება სულიერი წინამძღოლის ფუნქცია აფხაზეთში თავის თავზე აიღოს.

თუ ჩვენ ყავარჯენი გვჭირდება, ეს ყავარჯენი ჯობია კონსტანტინეპოლის იყოს, ვიდრე რუსეთის, - ამბობს, თავის მხრივ, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

”რუსეთის ეკლესიის უკან დგას რუსული სახელმწიფო. რუსული ეკლესია და რუსული სახელმწიფო იდენტურია, ერთი და იგივეა, როცა კონსტანტინეპოლის უკან არც ერთი სახელმწიფო არ დგას, იგი მხოლოდ ეკლესიაა, მეტი არაფერი. შესაბამისად, აფხაზები უფრო გაგებით მოეკიდებოდნენ ჩვენი საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, კონსტანტინეპოლი ჩართულიყო ამ პროცესებში, რის წინააღმდეგნიც არ არიან აფხაზები.“

პაატა ზაქარეიშვილი თავის მოსაზრებას გამოთქვამს საქართველოს პატრიარქის აფხაზეთში რუსეთის პატრიარქის დახმარებით შესაძლო შესვლაზე და ამბობს, რომ უმჯობესია ეს ასე არ მოხდეს. კონფლიქტოლოგის აზრით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აფხაზეთში ამ ფორმით შესვლა უფრო მეტად დაძაბულობას გამოიწვევს, ვიდრე შედეგს, ქულებს კი, საბოლოო ჯამში, ისევ რუსეთი ჩაიწერს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG