Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად გარკვეულია თბილისის ანძის მომავალი


რაც უფრო ცოტა დრო რჩება ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონის დახურვამდე, მით უფრო მრავლდება ამ პროცესთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები. სწორედ 18 ივლისს დაწყებულმა ინტერნეტაუქციონმა უნდა გამოავლინოს ახალი კომპანია, რომლის 4-წლიან მმართველობაშიც გადავა შპს ”ალფა-კომის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილი, ანუ თბილისის ანძა და მასთან დაკავშირებული სხვა ობიექტები. მედიასივრცეში გაჩნდა შიში, რომ ამ ნაჩქარევი და ბუნდოვანი პროცესების უკან მეტად არასახარბიელო პერსპექტივები იმალება მაუწყებლებისთვის, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს თვალთახედვით, პროცესი სათანადოდ გამჭვირვალეა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ინტერნეტაუქციონი, რომელმაც შპს ”ალფა-კომს”, ასე ვთქვათ, შემცვლელი უნდა გამოუძებნოს, 1 აგვისტოს 17 საათზე დაიხურება. ცნობილია, რომ ”ალფა-კომი”, რომელსაც 4 ივლისამდე ”საქართველოს ტელერადიოცენტრი” ერქვა, თბილისის 274-მეტრიან სატელევიზიო ანძასთან ერთად, ექსპლუატაციას უწევს 30-ზე მეტ მცირე ზომის ანძას საქართველოს რეგიონებში. სიხშირეებთან დაკავშირებულ სხვა სერვისებთან ერთად, კომპანია ემსახურება 30-ზე მეტ რადიო და 16 ტელეკომპანიას.

აუქციონში მონაწილე პირებისთვის გაურკვეველია, თუ რა უფლება-მოვალეობები ეკისრებათ მათ...

თუმცა მართვის უფლებით გადასაცემი საწარმოს პროფილი არ კონკრეტდება ინტერნეტაუქციონის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რაც გაუგებარ სიტუაციას ქმნის ბევრისთვის და მათ შორის არის, მაგალითად, ტელეკომპანია ”კავკასიის” ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი.

”ამ ინფორმაციით, რაც საიტზე დევს, ვერ მიხვდები, ანძაზეა ლაპარაკი თუ, მაგალითად, სახინკლეების ქსელზე. ამის შესახებ საერთოდ არაფერი არ წერია. ინვესტორის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციაა ეს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ჯანგირაშვილმა, რომელმაც, როგორც ანძის მმართველობით დაინტერესებულმა პოტენციურმა ინვესტორმა, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერანაირი დამატებითი ინფორმაცია ვერ მიიღო ეკონომიკის სამინისტროდან. შესაბამისად, ჯანგირაშვილი ვარაუდობს, რომ პროცესი შეგნებულად არის გაუმჭვირვალე და რომ ხელისუფლება ანძის გადაცემას თავისი ახლობელი პირებისთვის აპირებს.

აუქციონის განაცხადში მართლაც არანაირი ინფორმაცია რომ არ არის შეტანილი მართვის უფლებით გადასაცემი ობიექტის პროფილის შესახებ, ეს თვალშისაცემია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის, ნინო კაპანაძისთვისაც, თუმცა ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ყურადღებას ასევე ამახვილებს ახალი მმართველის გაურკვეველ უფლებებზე:

პროცესი არის მთლიანად გამჭვირვალე, აუქციონის მეშვეობით ხდება და ნებისმიერ კომპანიას აქვს საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონში...


”აუქციონში მონაწილე პირებისთვის გაურკვეველია, თუ რა უფლება-მოვალეობები ეკისრებათ მათ. მანამდე მაუწყებლობის შესახებ კანონით ევალებოდა ”ტელერადიოცენტრს”, ანუ ამჟამად უკვე "ალფა-კომს", რომ მას მოეხდინა მაუწყებელთა არადისკრიმინაციული დაშვება და ტარიფების გამოანგარიშება კონკრეტული მომსახურებიდან. მაგრამ ამ აუქციონის პირობებში არ არის მითითება, რომ საწარმოს ახალმა მმართველმა უნდა უზრუნველყოს იმავე უფლების გატარება.”

აუქციონის განაცხადთან დაკავშირებული კონკრეტული შენიშვნებისა და კითხვის ნიშნების მიუხედავად, ამ თემაზე ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა 26 ივლისს ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია:

”პროცესი არის მთლიანად გამჭვირვალე, აუქციონის მეშვეობით ხდება და ნებისმიერ კომპანიას აქვს საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონში. საჭირო ინვესტიციის ოდენობა არის 12 მილიონი. და ნებისმიერ კომპანიას, რომელიც იტყვის, რომ გააუმჯობესებს სერვისს და ახალ ტექნიკას შემოიტანს, მმართველობა გადაეცემა 4 წლით.”

ანძის ახალი მმართველისთვის გადაცემაში თავისთავად არაფერია უკანონო და ეს საკითხი აბსოლუტურად არავის შეაწუხებდა, თუკი ხელისუფლებასა და მედიას შორის იქნებოდა შესაბამისი ნდობა, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე. ის დიდწილად სწორედ ნდობის დეფიციტს აბრალებს მედიასივრცეში წარმოშობილ შიშს, რომ ხელისუფლებას მფლობელიც წინასწარ ჰყავს შერჩეული და რომ ახალი კერძო კომპანია მაუწყებლებს ძველ დავალიანებებს ცუდად გაუხსენებს:

”კერძო სტრუქტურა, პირველ რიგში, დებიტორული დავალიანების ამოღებას დაიწყებს სასამართლოს მეშვეობით. და მას შეუძლია სანქციები გაატაროს და შეუწყვიტოს მაუწყებლობა ამა თუ იმ კომპანიას. ანძის ბიზნესი უფრო სოციალური და პოლიტიკური დატვირთვის ბიზნესია... ამ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი პრობლემაა, ფინანსური პრობლემების გამო მაუწყებლები დაკეტო, ამას ვერავინ ვერ გაამართლებს...”

ამასთან დემურ გიორხელიძე სვამს შეკითხვას, რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ ანძისთვის ახალი მმართველის გამოძებნა ახლა, როდესაც ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, საქართველო 2015 წლის 1 იანვრისთვის უკვე გადასული უნდა იყოს ციფრულ მაუწყებლობაზე. ექსპერტისთვის გაუგებარია, რა აზრი აქვს, რომ ახალმა მმართველმა 4 წლის მანძილზე 12 მილიონი დახარჯოს აღჭურვილობაზე, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ აბსოლუტურად გამოუსადეგარი იქნება. დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ შეკითხვაზე პასუხის მოძიება რადიო თავისუფლებამ სახელმწიფო უწყებებში ვერ მოახერხა. ხოლო ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელის ნინო ჯანგირაშვილის ვარაუდით, ანძისთვის ახალი მმართველის გამოძებნის ამჟამად მიმდინარე პროცესი სწორედაც რომ ციფრული მაუწყებლობის ხანისთვის დიდი მონოპოლიის შექმნას უკავშირდება:

”ჩაიგდებენ ხელში მთელ ამ ინფრასტრუქტურას, შემდეგ იქ ნელ-ნელა დაამონტაჟებენ ციფრულ ყველაფერს და შემდეგ უკვე, როცა ციფრულზე გადასვლის დრო მოვა, მერე გვეტყვიან - აი, აგერ არის ტექნიკური ნაწილი, აგერ არის ყველაფერი და მიდით ახლა, იქირავეთ...”

ნინო ჯანგირაშვილი ამბობს იმასაც, რომ, როგორც არ უნდა დასრულდეს ანძის აუქციონი, ის ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად მიმართავს სასამართლოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG