Accessibility links

logo-print
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების საკითხებზე თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მონაწილეებმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივ-სოციალურ პრობლემებზე იმსჯელეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციის მასპინძლები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, ”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” და საქართველოს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის მოხსენების თემა კონფერენციაზე საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის მიმოხილვა იყო. მოგვიანებით გიორგი ტუღუშმა ჩვენთან საუბარშიც დაადასტურა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასახარბიელო მდგომარეობა საქართველოში სისტემური ხარვეზების შედეგია და პრობლემათა კომპლექსში ერთ-ერთი მთავარი ადგილი სასამართლო სისტემას უჭირავს:

”იყო შემთხვევები, როდესაც შესაძლებლობაშეზღუდულმა პირმა მიმართა სასამართლოს იმის გამო, რომ იგი დააჯარიმეს არასწორი პარკირებისათვის. თუმცა მან ეს პარკირება განახორციელა არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც წესის დარღვევა სურდა, სხვანაირად არ შეიძლებოდა მისთვის ავტომანქანის დაპარკირება. თუმცა იმის გამო, რომ საკანონმდებლო ბაზა არასრულია, ამ ადამიანმა დავა ვერ მოიგო სასამართლოში, იმისდა მიუხედავად, რომ, როგორც ამბობენ, დიდი სურვილი ჰქონდა მოსამართლესაც მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ამის საშუალება მას კანონმდებლობამ არ მისცა.”

არასრული საკანონმდებლო ბაზის პირობებში, გიორგი ტუღუშის აზრით, საქართველოში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პილოტური გადაწყვეტილებების პრეცედენტულობის მიზნით, მოსამართლეებმა და ადვოკატებმა ტრენინგები უნდა გაიარონ. საფიქრებელია კანონმდებლობის შემდგომი დახვეწაც. თუმცა, როგორც ”კონსტიტუციის 42-ე” მუხლის გამგეობის თავმჯდომარე თამარ გაბისონია ამბობს, კონფერენციის ფარგლებში გამოჩნდა, რომ ბევრ სხვა ქვეყანაში გამართული კანონმდებლობის პირობებშიც კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თავს დაცულად ვერ გრძნობენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საზოგადოება მეტად იყოს ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რამდენად აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანთა მარგინალიზაციის შემცირება და მათი უფლებების დაცვა. ამ მიმართულებით სამოქალაქო სექტორის მიერ დასახულ ამოცანებზე თამარ გაბისონია ამბობს:

”ჩვენ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, - ესენია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“, შევიმუშავეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ძირითადი იდეა არის ის, რომ ჩვენ დავიცვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათ შორის, თუკი საჭირო გახდა, წარმოვადგინოთ მათი უფლებები სასამართლოში. მინიმუმ სამი საქმის აღების ვალდებულება ვიკისრეთ იმისთვის, რომ დავიცვათ ამ კატეგორიის ხალხი.”

თამარ გაბისონია განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მარგინალიზაციის შემცირების პროექტი სამეტაპიანია და იგი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შექმნასაც გულისხმობს.

რაც შეეხება კონფერენციას, მისი უცხოელი სტუმრების მიერ ჩამოთვლილი პრობლემები - განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსულებისა - ძალიან ახლოს დგას საქართველოს პრობლემებთან და განსაზღვრულია, ერთდროულად, როგორც საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არსებული სტერეოტიპებით, ისე სახელმწიფოს პასიურობით.

” მთავარი პრობლემა გადაადგილებაა. ჩვენ, ეტლებზე მსხდომებს, გვიჭირს შენობებში შესვლა თუ გამოსვლა. ჩვენი შესაძლებლობები ამ მხრივაც შეზღუდულია, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში”, ამბობს ლიდა, რომელიც კონფერენციაზე დასასწრებად სომხეთიდან ჩამოვიდა.

შენობიდან გარეთ გამოსვლის პრობლემაზე - ანუ ეგრეთ წოდებულ ”ყუთის კომპლექსზე” - საუბრობს ბელორუსიიდან ჩამოსული ევგენი. თუმცა იგი აღნიშნავს იმასაც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სასიკეთოდ ბელორუსიაში პატარა პროგრესი შეინიშნება:

” ჩვენთან გაჩნდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ოფისი, რომელიც კერძო პირების მიერაა ინიცირებული. სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ოფისმა ჯერ მხოლოდ დაიწყო მუშაობა და მისი საქმიანობის ხარისხზე საუბარი, შესაბამისად, ნაადრევია, მაგრამ მე, როგორც მომხმარებელი, ვფიქრობ, რომ ის იმუშავებს.“

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი აქტიურობის მიზნით, ამ ცოტა ხნის წინ საქართველოშიც შეიქმნა კიდევ ერთი ორგანიზაცია - ”მოძრაობა - ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” . ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ახმეტელი ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანს აქვს უამრავი უნარი, რომლის გამოყენების საშუალება არ ეძლევა:

” ჩვენ ვერ ვაქტიურობთ სათანადო დონეზე, თვითონ ეტლიანები. სექტემბერში რაღაცა აქტიურობები იგეგმება. და არა მარტო სექტემბერში. ზამთრის სპორტშიც ჩავებმებით და ბევრ რაღაცაში ჩავებმებით, რომ საზოგადოებას ვანახვოთ, რამდენად შეგვიძლია აქტიურობა, თუ გზა და გადაადგილების საშუალება გვექნება.”

პრობლემების სიმრავლეზე მიუთითებს გიორგი ძნელაძეც, თავმჯდომარე კოალიციისა „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“:

”სულ ცოტა ხნის წინ ეტლით მოსარგებლე ადამიანი მიუღებელი იყო საზოგადოებაში. ეხლა ნელ-ნელა ეს თემა იცვლება, მაგრამ დღეს ვაწყდებით იმავე პრობლემას. ეტლით მოსარგებლე ადამიანს, მაგალითად, არ აძლევენ მართვის მოწმობას. რა, არ შეიძლება მანქანა ატარონ? ამისთვის სთხოვენ დამატებით ცნობებს ექიმისგან. რატომ უნდა განმისაზღვროს მე ექიმმა, შემიძლია თუ არა ვატარო. თუ თქვენ არ გთხოვენ, მე რატომ მთხოვენ? არის ბევრი ასეთი დისკრიმინაციული მომენტი.”

გიორგი ძნელაძე აღნიშნავს, რომ, დისკრიმინაციის ფაქტების მიუხედავად, ბოლო წლებში შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მიმართ დამოკიდებულება გამოსწორებულია, თუმცა სახელმწიფო პოლიტიკა მაინც მოიკოჭლებს. მისი განმარტებით, პრაქტიკულად უმოქმედოა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მთავრობასთან შეიქმნა.
XS
SM
MD
LG