Accessibility links

logo-print

აღმოჩნდება თუ არა მედია ხაფანგში თბილისის ანძის გაყიდვის შემთხვევაში


ქართული მედიის ნაწილი ისევ ქუჩის აქციებშია ჩართული - ამჯერად პროტესტის მიზეზი თბილისის ანძაზე გამოცხადებული ინტერნეტაუქციონია, რომელმაც ანძის მფლობელი ახალი კომპანია უნდა გამოავლინოს და 4 წლით გადაეცეს მმართველობაში შპს ”ალფა-კომის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილი - თბილისის ანძა და მასთან დაკავშირებული სხვა ობიექტები. კოალიცია ”მედიაადვოკატირებისათვის” მასში შემავალი ორგანიზაციების სახელით მოითხოვს ჩატარდეს ტენდერი ან გაიმართოს კონკურსი გამჭვირვალე პირობებით, რადგან, მათი შეფასებით, საფრთხე, რომელიც დამოუკიდებელ ტელევიზიებსა და რადიოებს ემუქრებათ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, საკმაოდ რეალურია.

”ნუ ებრძვით მედიას” – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ჟურნალისტები ისევ ქუჩაში გადიან - მდუმარე საპროტესტო აქცია 28 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაიმართა. მიზეზი თბილისის ანძაზე გამოცხადებული აუქციონია, რაშიც, ერთი შეხედვით, უკანონო არაფერია, თუმცა მედიის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი მფლობელისთვის ანძის გადაცემით დამოუკიდებელი მედია ხაფანგში აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ ტელეკომპანია ”კავკასიის” დამფუძნებელმა ნინო ჯანგირაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით მიმართა:

”ეკონომიკის სამინისტრომ მე, როგორც აუქციონში მონაწილეობის მსურველს, მომცეს ინფორმაცია გასაყიდი ობიექტის შესახებ. ამ ინფორმაციას, ჩემი მრავალი მცდელობის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტრო არ მაძლევს, ხოლო გამოტანილი განაცხადის მიხედვით შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა იყიდება - ტელეანძების ქსელი თუ, მაგალითად, რესტორნების ქსელი. მე მოვითხოვ ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად გავასაჩივრებ აუქციონის შედეგებს სასამართლოში. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ამ აუქციონის შეჩერებას და თუ მაინცდამაინც ახალი მმართველი უნდა ჰყავდეს ანძას, ამისათვის ჩატარდეს ტენდერი ან კონკურსი ყველასათვის გამჭვირვალე პირობებით.”

26 ივლისს ჩვენ უკვე მოვისმინეთ ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას განცხადება, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიდის:


”პროცესი არის მთლიანად გამჭვირვალე, აუქციონის მეშვეობით ხდება და ნებისმიერ კომპანიას აქვს საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონში. საჭირო ინვესტიციის ოდენობა არის 12 მილიონი და ნებისმიერ კომპანიას, რომელიც იტყვის, რომ გააუმჯობესებს სერვისს და ახალ ტექნიკას შემოიტანს, მმართველობა გადაეცემა 4 წლით.”

28 ივლისს აქციაზე არ გამოჩენილან ნაციონალური მაუწყებლების წარმომადგენლები, რასაც ტელეკომპანია ”კავკასიის” ხელმძღვანელი იმით ხსნის, რომ მათ ანძის გასხვისებით საფრთხე არ დაემუქრებათ:

”როგორც ჩანს, ის ჯგუფი, რომელიც შემოდის ანძის მმართველად, არის ხელისუფლების თანამეგობრობის წარმომადგენელი და, შესაბამისად, ნაციონალურ მაუწყებლებს საფრთხე არ ემუქრება. საფრთხე დაემუქრება ყველა დანარჩენ ტელეკომპანიასა თუ რადიოს. კერძოდ, ის, რომ ახალი ინვესტორი ტარიფს გაზრდის, რის შემდეგაც შეუძლებელი გახდება მაუწყებლობა და რაც ყველაზე დიდი საფრთხეა სამომავლოდ, ესაა ის, რომ 2015 წელს, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა გადავიდეთ ციფრულ მაუწყებლობაზე, არავის აღარანაირი შანსი აღარ გვექნება და ეს კომპანია, ანძის ახალი მმართველი, იქნება ერთადერთი მონოპოლისტი კომპანია და ჩვენ ყველა ვალდებულები ვიქნებით მის ხაფანგში ვიცხოვროთ.”

იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ იფიქროს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულებაზე, რაც 2015 წლისათვის ციფრულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, და ეს პროცესი უმტკივნეულო იყოს ტელე-რადიო კომპანიებისათვის, ხდება პირიქით, - შენიშნავს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე:

”მიდის ბრძოლა იმისთვის, როგორ აიღონ გარკვეულმა ფინანსურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ტელეანძა, რითაც მათ ხელთ ექნებათ მაკონტროლებელი ბერკეტი - იმ ტარიფებით, რომელსაც დააწესებენ, მუშაობის გაუსაძლისი რეჟიმი შეუქმნან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს.”

რატომ ითხოვენ ჟურნალისტები ტენდერის ჩატარებას ან სხვა ტიპის კონკურსის გამართვას? - გაზეთ „რეზონანსის” ჟურნალისტის, ელისო ჩაფიძის არგუმენტი ის არის, რომ ამ გზით პირობები იქნება უფრო მკაფიო და აღარ გაჩნდება ის ეჭვი, რაც არცთუ შორეულ წარსულში პრესის გავრცელების ჯიხურების გარშემო გაჩნდა. მაშინაც, იხსენებს ელისო ჩაფიძე, პრესის გავრცელება ერთი მონოპოლისტის ხელში უნდა აღმოჩენილიყო და ამ გზით პრესაზე კონტროლი დაწესებულიყო.


რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე ფიქრობს, რომ თბილისის ანძის გაყიდვის გადაწყვეტილება ასევე საეჭვოდ ემთხვევა პერიოდს, როდესაც საქართველოს წინ აქვს სამი არჩევნები:

”როცა ინფორმაციის დისტრიბუცია ერთ ხელში ექცევა, ეს საშიში სწორედ წინასაარჩევნო პერიოდებშია. განსაკუთრებით საფრთხე ექმნება მედიას რეგიონებში, მცირე ტელეკომპანიებს და კრიტიკულად განწყობილ მედიას.”

შეგახსენებთ, რომ ”ალფა-კომი”, რომელსაც 4 ივლისამდე ”საქართველოს ტელერადიოცენტრი” ერქვა, თბილისის 274-მეტრიან სატელევიზიო ანძასთან ერთად, ექსპლუატაციას უწევს 38 საშუალო და დიდი ზომის ანძას.საქართველოს რეგიონებში, სიხშირეებთან დაკავშირებულ სხვა სერვისებთან ერთად, კომპანია ემსახურება 30-ზე მეტ რადიო და 16 ტელეკომპანიას. ”ალფა-კომის” დირექტორის მოადგილეს ბორის ადამიას უკვირს, რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი ანძის გარშემო, მაშინ როდესაც ის კვლავაც რჩება სახელმწიფოს მფლობელობაში. ის არც ტარიფის მოსალოდნელ გაზრდას ადასტურებს და აცხადებს, რომ ამას კანონი არეგულირებს და არა რომელიმე ახალი მმართველის სურვილი:

”ტარიფი არასოდეს მოდის ჰაერიდან და ის კონკრეტული ეკონომიკური გაანგარიშებით დგინდება, ხარჯთაღრიცხვიდან. მით უმეტეს, რომ კანონში მაუწყებლობის შესახებ წერია, რომ უნდა იყოს ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი. „ალფა-კომს“ და არც სხვა მმართველს არა აქვს უფლება, რომ შეცვალოს ეს, თუ არ არის ის ხარჯზე ორიენტირებული. არ არის ასე და არც უნდა იყოს ვინმეს სურვილზე დამოკიდებული, რომ ამდენს და ამდენს გადავახდევინებ ამა თუ იმ ტელეკომპანიას.”

ბორის ადამია ტელეკომპანიების სხვადასხვა უფლებრივ მდგომარეობაში ჩაყენების საკითხზე საუბრის დროსაც მაუწყებელთა შესახებ საქართველოს კანონს იშველიებს და ამბობს, რომ ასევე არავის აქვს უფლება გამოარჩიოს რომელიმე ტელე ან რადიოკომპანია პირადი სიმპათიების მიხედვით და შეუქმნას პრობლემები.

მომავალ ორშაბათს, პირველ აგვისტოს, მედიამ საყვირების აქცია ისევ ეკონომიკის სამინისტროსთან დაგეგმა. წორედ ამ დღეს იხურება აუქციონი, რომელმაც თბილისის ანძის ახალი მმართველი უნდა გამოავლინოს.
XS
SM
MD
LG