Accessibility links

logo-print

ნორვეგიის პოლიცია ბრეივიკს ხვალ დაკითხავს


ნორვეგიის პოლიციამ დაასრულა დაღუპულთა ძებნა კუნძულ უტოიასთან, სადაც 22 ივლისს 68 ადამიანი დახოცა ნორვეგიელმა ექსტრემისტმა, ანდერს ბერინგ ბრეივიკმა. დაღუპულებს შორის არის რამდენიმე უცხოელი, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის თამთა ლიპარტელიანი. მისი დაღუპვის ფაქტი დღეს ოფიციალურად დადასტურდა. ნორვეგიის პოლიციამ, რომელმაც მანამდე თბილისისგან ითხოვა თამთა ლიპარტელიანის თითის ანაბეჭდები, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ ცხედარი იდენტიფიცირებულია. ანდერს ბერინგ ბრეივიკი აღიარებს, რომ კუნძულ უტოიაზე ესროდა ახალგაზრდულ ბანაკში მყოფებს მას შემდეგ, რაც დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა ოსლოს ცენტრში. აფეთქებამ რვა ადამიანი შეიწირა. ნორვეგიის პოლიცია ხვალ აპირებს 32 წლის ბრალდებულის დაკითხვას. ეს იქნება ბრეივიკის მეორე დაკითხვა. ნორვეგიის უშიშროების სამსახურის თქმით, ის სულ უფრო მეტად რწმუნდება, რომ ბრეივიკი თანამზრახველების ან ექსტრემისტული ქსელის გარეშე მოქმედებდა. თუმცა, პროკურატურის თანახმად, გამოძიების კომპლექსურობის გამო საქმის სასამართლო განხილვა 2012 წლამდე არ მოხდება.
XS
SM
MD
LG