Accessibility links

ნატოს სამშვიდობო ძალებმა კონტროლი დაამყარეს სერბიასთან კოსოვოს საზღვარზე


ნატოს სამშვიდობო ძალებმა კონტროლი დაამყარეს ჩრდილოეთ კოსოვოს ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სერბიის საზღვართან, ბოლო დღეების ძალადობისათვის ბოლოს მოსაღებად. გუშინ ეთნიკური სერბების ჯგუფმა იერიში მიიტანა ერთ-ერთ სასაზღვრო პოსტზე მას შემდეგ, რაც კოსოვოს პოლიციის საგანგებო დანიშნულების რაზმმა ორშაბათს სცადა საკონტროლო-გამშვები პუნქტების დაკავება. კოსოვოში ნატოს სარდლობით მოქმედი სამშვიდობო ძალების, KFOR-ის განცხადებით, დაიხურა იარინიეს სასაზღვრო პოსტი. დღესვე კოსოვოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, კოსოვოს ხელისუფლებას აქვს უფლება, „სრულად აკონტროლოს კოსოვოს ტერიტორია“. გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭო სერბიის თხოვნით გამართავს საგანგებო შეხვედრას კოსოვოში დაძაბულობის გამწვავებასთან დაკავშირებით. დიპლომატების განცხადებით, დღეს ჩატარდება კონსულტაციები დახურულ კარს მიღმა. კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ ბელგრადს დააკისრა ძალადობაზე პასუხისმგებლობა. ბელგრადში კი სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა კოსოვოელ სერბებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ძალადობისაგან. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. სერბია ამ რეგიონს კვლავინდებურად თავისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG