Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაგნერი ისრაელის ორკესტრის შესრულებით


გერმანია: ისრაელის კამერული ორკესტრის რეპეტიცია ბაიროითში
გერმანია: ისრაელის კამერული ორკესტრის რეპეტიცია ბაიროითში
ოთხშაბათს გერმანიაში გაიმართა კონცერტი, რომელმაც მრავალწლიანი ტაბუ დაარღვია - ისრაელის კამერულმა ორკესტრმა რიხარდ ვაგნერის მუსიკა შეასრულა.

გერმანიის ქალაქ ბაიროითში, იქ სადაც რიხარდ ვაგნერის მუსიკის მრავალი მოყვარული საგანგებოდ ჩასულა და ჩადის ვაგნერის ნაწარმოებების მოსასმენად, 2011 წლის 26 ივლისამდე არასოდეს დაუკრავს ისრაელის ორკესტრს. გარდა იმისა, რომ ცნობილია რიხარდ ვაგნერის ანტისემიტური შეხედულებები, მისი მუსიკის მოყვარულებს მიეკუთვნებოდა ადოლფ ჰიტლერიც. ამის და ვაგნერისადმი, ზოგადად, ნაცისტების დამოკიდებულების გამოა, რომ ისრაელში დღემდე ბევრს მიაჩნია მიუღებლად, ჰოლოკოსტის მსვხერპლისადმი უპატივცემულობად, ამ დიდი გერმანელი კომპოზიტორის ნაწარმოებების საჯაროდ შესრულება ისრაელში.

სამშაბათს კი ისრაელის ორკესტრმა გერმანიაში ააჟღერა ვაგნერის მუსიკა - სიმფონიური პოემა კამერული ორკესტრისათვის, „ზიგფრიდის იდილია“.

ისრაელის კამერული ორკესტრის დირიჟორი, რობერტო პატერნოსტრო, ალბათ, ბევრის აზრს გამოხატავს, როცა ამბობს, რომ ვაგნერის მსოფლმხედველობა ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ ის დიდებული კომპოზიტორი იყო.

„მე უდიდეს პატივს ვცემ - და მინდა ეს სავსებით ნათლად ითქვას - ხალხს, ვინც იმ საშინელ დროში იცხოვრა, ვინც ჯოჯოხეთი გამოიარა და ვინც ამბობს, რომ არ უნდა, რამენაირი შეხება ჰქონდეს ამასთან. მე ეს მესმის და ეს არის მიზეზი, რომლის გამოც არ გვინდოდა ვაგნერის ისრაელში დაკვრა და არც კი შევეცდებით ისრაელში ამის გაკეთებას“, განაცხადა ბაიროითში რობერტო პატერნოსტრომ. ის ებრაელია, საკუთარი დედისა და არაერთი ნათესავის მონათხრობით იცის, რა იყო ჰოლოკოსტი.

ვაგნერის ანტისემიტური შეხედულებები და მის მიმართ ნაცისტების დამოკიდებულება მტკივნეული თემაა ისრაელის კამერული ორკესტრის დანარჩენი მუსიკოსებისთვისაც, მაგრამ, როგორც პატერნოსტრო იხსენებს, გერმანიაში ვაგნერის ნაწარმოების შესრულების იდეას ყველა მუსიკოსი თავიდანვე დიდი ინტერესით შეხვდა. დირიჟორის თქმით, ამ კონტექსტში მთავარია ის, რომ ის და მისი კოლეგები, უწინარეს ყოვლისა მუსიკოსები არიან და „ყველას სურს, რაც შეიძლება კარგად დაუკრას თავის ინსტრუმენტზე“.

ისრაელში ბოლო წლებში რამდენჯერმე შესრულდა ვაგნერის მუსიკა კონცერტებზე. ყოველი მათგანი სკანდალით მთავრდებოდა და ხანგრძლივ დებატებს იწვევდა. საყურადღებოა, რომ ეს ტაბუ არსებობდა ჯერ კიდევ 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს დაარსებამდე: ის ისრაელის ფილარმონიის ორკესტრმა, მაშინ პალესტინის ორკესტრმა შემოიღო 1938 წელს, გერმანიაში ებრაელებზე ნაცისტების თავდასხმების გამო პროტესტის ნიშნად.

როგორც კლარნეტისტი დან ერდმანი ამბობს, ისრაელის კამერული ორკესტრის მუსიკოსებს ბევრჯერ ულაპარაკიათ ისტორიაზე, რომელიც ვაგნერის სახელს უკავშირდება. „ამ თემაზე ლაპარაკობენ მედიაში, ვლაპარაკობთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან“, ამბობს მუსიკოსი და ადასტურებს, რომ ვაგნერის საჯაროდ შესრულებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს ისრაელში: „ეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხად ითვლება. მაგრამ აქ მყოფი ხალხიდან, ჩემი აზრით, ბევრია მომხრე. და მათ სურთ ვაგნერის დაკვრა. მე კარგ ნაბიჯად მიმაჩნია აქ ჩამოსვლა და დაწყება პროცესისა, რომელსაც შესაძლოა, ოდესმე ისრაელში დაკვრაც მოჰყვეს“.
XS
SM
MD
LG