Accessibility links

“ინკვიზიციური მართლმსაჯულება პრეზიდენტის სახელით” - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს, საუბარია იმაზე, რომ საპროცესო გარიგება ადმინისტრაციულ სამართალშიც შემოდის და უახლოესი მომავლიდან ადმინისტრაციული გადაცდომა სხვა პრინციპებით დაისჯება. ცვლილებები ძირითადად შეეხება სანქციების წესს, რასაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი უპირისპირდება. სწორედ იგი აფასებს ცვლილებებს ”ინკვიზიციურ მართლმსაჯულებად”.

გახდება თუ არა პოლონეთი საქართველოსთვის იარაღის მთავარი მომწოდებელი? ამ შეკითხვაზე პასუხს ასევე გაზეთ ”რეზონანსში” წაიკითხავთ. ”რეზონანსის” წყაროა დამოუკიდებელი ანალიტიკური სააგენტო ”სტრატფორის” ანგარიში. ”სტრატფორის” ცნობით, რუსეთის მოსალოდნელი გაღიზიანების მიუხედავად, პოლონეთს სურს საქართველოს უსაფრთხოების სფეროში გარკვეული დახმარება აღმოუჩინოს. ”სტრატფორის” ანალიტიკოსები მიუთითებენ იმასაც, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შეიარაღების შეძენას ნატოს წევრი სახელმწიფოსგან.
პოლონეთის მიერ საქართველოს შესაძლო შეიარაღებას ”რეზონანსის” ფურცლებზე არც ქართველი ექსპერტები გამორიცხავენ.

”რა ქონებას ფლობენ დეპუტატები” - გაზეთი ”ახალი თაობა”დღეს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ლეიბორისტების ხელფასით ინტერესდება. გაზეთის ცნობით, გასულ წელს ლეიბორისტთა შრომის ანაზღაურების სახით 187 500 ლარი გაიცა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს შრომის ანაზღაურების სახით შალვა ნათელაშვილმა 67 000 ლარი მიიღო, კახა ძაგანიამ, გიორგი გუგავამ და იოსებ შატბერაშვილმა კი 40 000.

„გაჩეჩილაძე კვლავ ყურადღების ცენტრშია“, - შენიშნავს ასევე გაზეთი ”ახალი თაობა” და ვარაუდობს, რომ სექტემბრისთვის ოპოზიციაში ახალი კომბინაციის მოწმენი გავხდებით. ანუ პოლიტიკიდან დროებით გაუჩინარებული ლევან გაჩეჩილაძე დაბრუნებას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, წაიკითხავთ ”ახალ თაობაში”, სექტემბრისთვის ლევან გაჩეჩილაძის კახა კუკავას პარტიაში გაწევრიანება იგეგმება: ”კახა კუკავა ამბობს, რომ ლევან გაჩეჩილაძე სწორედ ხელისუფლების მიერ აგორებული სკანდალების გამოა მისთვის და მისი პარტიისთვის მიმზიდველი.” გაზეთი ”ახალი თაობა” აღნიშნავს იმასაც, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, კახა კუკავას ”თავისუფალ საქართველოში” უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ეკა ბესელია და ალექსანდრე შალამბერიძეც ვიხილოთ.
”რეპრესირებულთა რეაბილიტაცია საქართველოში”- ამ თემას დღეს გაზეთი ”24 საათი” ეხება. გაზეთის ცნობით, ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ დააკმაყოფილა საბჭოთა იმპერიის დროს რეპრესირებული საქართველოს მოქალაქეების განცხადება და საქართველოს ხელისუფლებას ამ პირებისთვის ან მათი მემკვიდრეებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. გაზეთის ცნობით, იმ დროისათვის მოქმედი კანონის თანახმად, რეპრესირებულები საქართველოში იღებდნენ სოციალურ დახმარებებს, მაგრამ ერთჯერადი კომპენსაცია მორალური ზიანისთვის, როგორც ბევრ ქვეყანაშია, ჩვენთან დაწესებული არ ყოფილა. ”24 საათის” თანახმად, ვიდრე ევროსასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ქართულ კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა და საბჭოთა იმპერიის დროს რეპრესირებულ პირებს და მათი პირველი რიგის მემკვიდრეებს მორალური ზიანისთვის ერთჯერადი დახმარება მიეცემათ. გაზეთი ასევე იუწყება, რომ იმისათვის, რომ რეპრესირებულთა უფლებები დაცული იყოს, ადვოკატთა ერთი გუნდი ადვოკატირების კამპანიას იწყებს.
XS
SM
MD
LG