Accessibility links

logo-print
დევნილთა მხარდამჭერი ორგანიზაციული აქტივობები გრძელდება. ამჯერად ოცდაათამდე ადამიანი პრეზიდენტის სასახლის წინ შეიკრიბა და მედიის წინ რამდენიმეწუთიან ჯაჭვში ჩადგა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ფურცელი, წარწერით: ”მე-ც დევნილი ვარ”.

წარწერა ”მეც დევნილი ვარ” პირველი იყო, რაც თვალში მომხვდა. წარწერა ჩვეულებრივი შავი ასოებით თეთრ ფურცელზე, მოზრდილი შრიფტით. უბრალოდ, ასო ც სხვა შავი ასოების ფონზე წითელია…

ხელში მოქალაქეებს სხვა ფურცლებიც უკავიათ: ”ნუ გვდევნით დევნილებს”; ”რატომ გვდევნით დევნილებს?”… სადღაც ქალბატონი შევნიშნე, ვარკეთილის ბაგა-ბაღიდან, ყველაზე მოზრდილი ტრანსპარანტით: ”დაგვიბრუნეთ თავშესაფარი…” სად არიან დანარჩენი დევნილები? - ვკითხე დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარეს მანუჩარ სიგუას.

მანუჩარ სიგუა: დევნილებს ფინანსურადაც უჭირთ, რომ მოვიდნენ. ანუ გზის ფული არ აქვთ ხშირად, თორემ ჩვენს რიგებში დგანან, ყველა თბილისში გამოსახლებული დევნილი ჩვენს ორგანიზაციებშია გაწევრიანებული…

სულ პრეზიდენტის სასახლის წინ მაქსიმუმ ოცდაათამდე ადამიანია. აქედან, ჩემი ვარაუდით, ათამდე ადამიანი მედიის წარმომადგენელია. დაახლოებით ერთი ამდენი საერთაშორისო თუ ადგილობრივ დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის წევრია. უმრავლესობა ამ ადამიანებისა ერთმანეთს ტელეკამერებით, მობილური ტელეფონებით, კალმით და ფურცლებით ველაპარაკებით… ვიღებთ ინტერვიუებს, კეთდება განცხადებები, მოწოდებები… აქტიურობენ შუახნის ქალბატონები, ხშირად ჩაწითლებული დაღლილი თვალებით. უფრო ხშირად ხმამაღლა საუბრობენ, ემოციურად. აზრი არ აქვს, მაინც არავის ესმის ჩვენიო, ამბობენ. ორგანიზატორებს ხშირად უწევთ გამეორება: ახლა გავაკეთოთ ეს, ახლა გავაკეთოთ ის, ახლა ჯაჭვი შევკრათ. ხმაური და ინტერვიუების მიცემა სულ რამდენიმე წუთით სწორედ ამ დროს წყდება…

ათამდე ადამიანი ჯაჭვში დგება, პრეზიდენტის სასახლისკენ ზურგით. ფოტოგრაფი რამდენიმე ადგილიდან რამდენიმე კადრს იღებს. ხელში მოქალაქეებს თეთრი ფურცლები უჭირავთ, შავი და წითელი წარწერით: ”მე-ც დევნილი ვარ”… დგომა ჯაჭვში ხუთიოდე წუთს გრძელდება.

დევნილთა აქციის მონაწილეები
ამის შემდეგ ყველა ისევ რუტინაში ებმება - ისევ ინტერვიუები ჟურნალისტებთან, საუბრები კალმით და ფურცლებით მომარჯვებულ უცხოელებთან, უფრო კონკრეტულად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორ წარმომადგენელთან… ხალხის ნაკადში მოხუცებული ქალბატონი ჩნდება, ხელში თეთრი ფურცლების დასტით:

რა ხდება აქ?- კითხულობს… მას შემდეგ, რაც გებულობს, რომ დევნილთა მხარდამჭერი აქციაა, ამბობს, რომ პრეზიდენტის სახელზე წერილებს რამდენიმე წელია წერს:

”არც ჩემს შვილთან არის პასუხი და არც ჩემთან.”

მოხუცებული ქალბატონის შვილი, მისი თქმით, რამდენიმე წელია ციხეში ძროხის ქურდობისთვის ზის…
მოხუცებული ქალბატონი ორიოდე წუთს ჩერდება და გზას განაგრძობს. მის კვალზე სასახლის გასწვრივ დიდ რკინის გამჭოლ ღობეს გავუყევი, შესასვლელი კარებიდან ოციოდ მეტრში, დაცვის გასწვრივ, ოთხკუთხა ჯიხური დგას - პრეზიდენტის საზოგადოებასთან საკომუნიკაციო ოთახი.

საზოგადოებასთან ურთიერთობის ოთახი რამდენიმე კვადრატული მეტრია, რამდენიმე მისაღები სარკმლით. მათგან ორი მუშაობს. კედელზე დაფა კიდია, ზედ სამიოდე განცხადებით, მათ შორის - განცხადების ფორმით.

ოთახში ორიოდე ადამიანი განცხადებას წერს. შუახნის ქალბატონი პასტით ნაწერი დაჭმუჭნილი ფურცლების გულდასმით გადათეთრებას ცდილობს, მიახლოებულს მოზრდილი სათვალეებიდან მიყურებს, ფურცლები კეცავს და მეუბნება:

”ეს ისეთი განცხადებაა, რომ მხოლოდ ადმინისტრაციამ უნდა განიხილოს, სხვამ არავინ…”

პრეზიდენტთან საურთიერთობო შუშის ჯიხური დავტოვე და ისევ გარეთ გამოვედი. ხის ჩრდილში აქცია ”მე-ც დევნილი ვარ” შეთხელებულია, ოცამდე ადამიანი იქნება დარჩენილი. შევამჩნიე თეთრ პერანგში, თეთრი თმით, 78 წლის კოტე ნიკოლოზოვიჩ ბიბლაია, - ასე თავად გამაცნო თავი, - ოჩამჩირელი დევნილი. მანამდე ახალგაზრდა ჟურნალისტს საბჭოთადროინდელ ამბებს უყვებოდა. ცოტა ხანს გვერდზე ვიდექი, ხმადაბალი და მშვიდი საუბრის მანერამ მიმიპყრო.

კოტე ბიბლაია: უმაღლესი კატეგორიის ექიმი ვარ, 32 წელი მთავარი ექიმი ვიყავი, ახლა ქუჩა-ქუჩა დავდივარ, ბაბუ, როგორც ”შარლატანი”. ქუჩის ბიჭი ვარ, ბაბუ, ნაღდი.

საათზე მეტ ხანს იდგნენ პრეზიდენტის სასახლის წინ ხეების ჩრდილში. ჯერ მედია გაიფანტა ნელ-ნელა, მერე დევნილთა ნაწილი. ბოლოს ორგანიზატორებმა ნახევრად ხუმრობით თქვეს,”რეგლამენტი ამოიწურაო”, და დაიშალნენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG