Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ”ბერძენი ზორბას” რეჟისორი


ამ კვირაში ათენში 89 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი, რომელიც ანტიკური ტრაგედიების საუკეთესო ინტერპრეტატორად ითვლება კინოს ისტორიაში, თუმცა ჩვენში მას, მიხალის კაკოიანისს, იცნობენ უფრო როგორც ავტორს ფილმისა ”ბერძენი ზორბა”. 1964 წელს გადაღებული ეს სურათი, ენტონი კუინით მთავარ როლში, დიდი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანზაკისის რომანის ეკრანიზაციაა, თუმცა ფილმის პრემიერის შემდეგ ბროდვეიზე არა რომანი, არამედ სწორედ კაკოიანისის ფილმის სცენური ვერსია დადგეს.

რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ასეთი მუსიკის - ეგრეთ წოდებული ”მეგამიქსის” - პოპულარიზაციას (კომპიუტერული და ელექტრომუსიკის მიქსისა) 81 წლის კინორეჟისორი დაეხმარა. დიახ, 81 წლის იყო ბერძენი კინორეჟისორი მიხალის კაკოიანისი, როცა ათენში ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარების ხელშემწყობი ფონდი დააარსა. იმხანად, 2003 წელს, კაკოიანისი ბერძნული კინოს ცოცხალ კლასიკოსად ითვლებოდა - 5-ჯერ იყო წარდგენილი ამერიკულ ”ოსკარზე”. მისი ფილმი ”ბერძენი ზორბა”, ყველა გამოკითხვით, ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ბერძნულ ფილმად იყო მიჩნეული. თითქმის არ დარჩენილა ქვეყანა, 1964 წელს გადაღებული კაკოიანისის ეს ფილმი რომ არ ეჩვენებინათ. სპეციალურად ამ სურათისთვის დაწერილი მიკის თეოდორაკისის მუსიკა მოინათლა მუსიკად ცეკვისთვის ”სირტაკი”, რომელიც, ფაქტობრივად, სწორედ ამ ფილმის პრემიერის შემდეგ გახდა ცნობილი - შეიძლება ითქვას, კაკოიანისის ფილმმა ”ბერძენი ზორბა” შექმნა ”სირტაკი”.

”ბერძენი ზორბა” ერთდროულად სამ ამერიკულ ”ოსკარზე” იყო წარდგენილი, თუმცა თავად კაკოიანისი შემოქმედებით გამარჯვებად ”ზორბას” არ მიიჩნევდა. თავის მთავარ აღმოჩენად იგი ბერძენ მსახიობს მელინა მერკურის თვლიდა. კაკოიანისის ერთ-ერთ პირველ სურათში, ”სტელა”, მერკური - მომავალში საბერძნეთის კულტურის მინისტრი, თეატრისა და კინოს ვარსკვლავი - კაკოიანისის ლექსებზე დაწერილ სიმღერებს მღეროდა.

მაგრამ მთავარი, რითიც სიცოცხლის ბოლომდე ამაყობდა ბერძენი რეჟისორი, ეს იყო ანტიკური ტრაგედიების ეკრანიზაციები და მსახიობი ირენ პაპასი, რომელიც აგრეთვე კაკოიანისის აღმოჩენად ითვლება. 50-იანი წლების ბოლოს შეუდგა კაკოიანისი პოპულარული ტრაგედიების ეკრანიზაციას - ფილმების გადაღების წინ კი კონსულტაცია გაიარა ანტიკური ლიტერატურის საუკეთესო სპეციალისტებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამბობდა, რომ ანტიკური ტრაგედიების ეკრანიზაცია პოლიტიკური ჟესტიცაა, რადგან მსოფლიო არა მარტო ბერძნული ტრაგედიების გენიალურობაში უნდა დაარწმუნოს კიდევ ერთხელ, არამედ უნდა გააერთიანოს კიდეც. ანტიკური ტრაგედიის, ანტიკური გმირის ამ უნარზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანიც. მისი თქმით:

”ის, რაც მათ მოუვათ, ანუ მათი დაღუპვა, ხდება საზოგადოების არა გათიშვის, არამედ საზოგადოების ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანების საფუძველი.”

კაკოიანისს განსაკუთრებით ევრიპიდე უყვარდა და ამბობდა, რომ ევრიპიდეს ენა სწორედაც რომ კინოს ენაა - აგებულია ახლო ხედებზე, პერსონაჟების ახლოდან დანახვას მოითხოვს. კაკოიანისის ”ელექტრა” ასევე იყო წარდგენილი ამერიკულ ”ოსკარზე”. რისმაგ გორდეზიანის თქმით, ევრიპიდე

”ადამიანებს ტოვებს კატასტროფის პირისპირ. მოხდა კატასტროფა და ადამიანი დარჩა, ე.ი. ადამიანი არის მიწიერი. ამიტომაც ევრიპიდეს გმირები არ იყვნენ პოპულარულები კლასიკურ ათენში. ისინი მოგვიანებით ხდებიან პოპულარულები.“

ამ ნაწარმოებების პოპულარობას ხელი შეუწყო მიხალის კაკოიანისმაც. ამ რეჟისორის ფილმები, გადაღებული ანტიკური ტრაგედიების მიხედვით, ერთგვარი სახელმძღვანელოც გახდა ადამიანებისთვის, რომლებიც ანტიკურ ეპოქას სწავლობენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG