Accessibility links

logo-print

პოლონეთი: სმოლენსკის ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობის წილი რუსეთსაც ეკისრება


პოლონეთის სამთავრობო კომისიის დასკვნით, გასულ წელს მომხდარ ავიაკატასტროფაზე - რომელმაც პოლონეთის პრეზიდენტი და კიდევ 95 პირი იმსხვერპლა - პასუხისმგებლობა ნაწილობრივ რუსეთს ეკისრება. დღეს გავრცელებულ განცხადებაში კომისია ასკვნის, რომ კატასტროფის მთავარი მიზეზი იყო პილოტის მიერ დაშვებული შეცდომა - თუმცა ტრაგედიაში ასევე გარკვეული როლი შეასრულა ტექნიკურმა გაუმართაობამ და სმოლენსკის აეროპორტში დისპეჩერებთან ხარვეზებით წარმოებულმა კომუნიკაციამ. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, იეჟი მილერი, კომისიის ანგარიშის წარდგენისას შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „ამგვარ ატმოსფერულ პირობებში თვითმფრინავის მართვა მოითხოვს უნაკლო კომუნიკაციას ორ პარტნიორს შორის - ეკიპაჟს, ამინდის მდგომარეობასა და აეროპორტში მყოფ დისპეჩერებს შორის. ამ შემთხვევაში საუბარია სმოლენსკის აეროპორტზე“. 2010 წლის 10 აპრილს მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ პოლონეთის პრეიზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია და ათობით სხვა სამხედრო თუ სამთავრობო პირი. იანვარში რუსეთის მიერ გავრცელებულ ანგარიშში კატასტროფის ერთადერთ მიზეზად პოლონელი ოფიციალური პირების მიერ დაშვებული ადამიანური შეცდომა იყო დასახელებული - რასაც პოლონეთში მწვავე პროტესტი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG