Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სახე(ლ)ებმა” წლის სახეები დააჯილდოვა


„სახე(ლ)ების” დაჯილდოების ცერემონია
„სახე(ლ)ების” დაჯილდოების ცერემონია
მიმდინარე კვირას პუბლიცისტური ენციკლოპედია ”სახელების” მეცხრე გამოცემის წარდგენისა და წლის სახეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წლის სახეები 25 ნომინაციაში სხვადასხვა სფეროში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისა და ღვაწლისათვის დაჯილდოვდნენ. სახელების წლევანდელი დაჯილდოება განსაკუთრებული იყო რადიო თავისუფლებისთვის.

”სახელები” სისხლის ბანკივითაა: ვიბარებთ ქვეყნის ყველა არტერიიდან ერთი წლის ამბებს, სახეებს, სახელებს... დღეს, ციფრულ ეპოქაში, ვაფურცელებთ და ვინახავთ” - ეს მცირე ამონარიდი პუბლიცისტური ენციკლოპედიის ”სახელების” მეცხრე გამოცემის რედაქტორის სვეტიდანაა, რომელსაც ნანა აკობიძე აწერს ხელს. 2010 წლის ”სახელები” წინა წლებისაგან იმით განსხვავდება, რომ ის ამჯერად ორ ტომად გამოიცა. თუკი გამოცემის პირველ ტომში მკითხველს შეუძლია წაიკითხოს ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი ერთწლიანი ქრონიკა, მეორე ტომი მხოლოდ და მხოლოდ ”ბიზნეს-სახეებს” ეძღვნება.

”სახელებმა” არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და უკვე მეცხრედ, ენციკლოპედიის პრეზენტაციის პარალელურად, ”წლის სახეების” ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი საქველმოქმედო აუქციონის თანხლებით გამართა. ”სახელების” მთავარი რედაქტორი და გამომცემელი ნანა აკობიძე საუბრობს იმის შესახებ, თუ რა პრინციპით ხდება ”წლის სახელების” შერჩევა:

”პროცედურა საკმაოდ მარტივ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენ არ ვაცხადებთ ნომინაციებს და ამ ნომინაციებში არ წარვადგენთ რამდენიმე კანდიდატურას. ჟურნალისტ-ექსპერტს, რომელსაც ევალება ჩვენი მხრიდან წლის მნიშვნელოვანი მოვლენების თავმოყრა ერთი კონკრეტული სფეროს ირგვლივ, თავიდანვე აქვს მიცემული ამოცანა, რომ გამოკვეთოს წლის ლიდერის სახე”, - ამბობს ნანა აკობიძე.

"სახელების" დაჯილდოვების ცერემონია
საუკუნის მეცნიერი, საუკუნის ხელოვანი, წლის სახელისუფლებო პერსონა, წლის სპორტული სახელი, წლის დიპლომატიური მოღვაწე, წლის ჟურნალისტი - ეს იმ ნომინაციების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ”სახელებმა” დაჯილოდების ცერემონიალზე გამოავლინა. ერთ-ერთი პირველი კი ”საუკუნის სპექტაკლი”, ”მოხუცი ჯამბაზები” გახლდათ.

გურამ საღარაძე სპექტაკლში ”მოხუცი ჯამბაზები” ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ის რადიო თავისუფლებას საკუთარ ემოციებს უზიარებს:

”იმაზე დიდი ბედნიერება რა არის, როდესაც საზოგადოება აღიარებს სპექტაკლს. და არა მარტო სპექტაკლს, არამედ მთელ იმ მონაწილეებს, რომლებიც ამ სპექტაკლში თამაშობენ. და, მართლაც, კარგი ხალხი ვართ შეკრებილი. მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა. ჩვენ ბედნიერები ვართ და ღმერთმა ქნას, კიდევ გავაგრძელოთ მომავალშიც”, - ამბობს გურამ საღარაძე.

მუსიკალურ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ”სახელებმა” მთავარი ჯილდო ლიანა ისაკაძეს გადასცა:

”ეს არის ყველაზე დიდი წოდება, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. მე ყველაზე მეტად ის ფაქტი მიხარია, რომ საზოგადოებამ დამასახელა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს უყვარს ჩემი შემოქმედება”, - ამბობს ლიანა ისაკაძე.

სწორედ ლიანა ისაკაძე იყო ის ერთ-ერთი ნომინანტი, რომელმაც საკუთარი სამაჯური და ბეჭედი აუქციონზე ერთ-ერთ ლოტად გამოიტანა. მისი სამკაულები 1600 ლარად გაიყიდა. აუქციონზევე გაიყიდა მწერალ გურამ დოჩანაშვილის ავტოკალამი, ის ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა. მსახიობმა თენგიზ არჩვაძემ კი აუქციონზე საკუთარი სანთებელა გამოიტანა. მას ჯილდო კინოსა და თეატრში შესრულებული უკვდავი როლებისათვის ერგო. აუქციონის შედეგად, 20 ათასზე მეტი ლარი შეგროვდა და ის ორი მიმართულებით განაწილდა. თანხის ნახევარი საქართველოს ყველა რეგიონში ას წელს გადაცილებულ 75 უხუცესს გადაეცემა, მეორე ნაწილი კი -ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ პალიატიური მზრუნველობის ცენტრს. აუქციონში საკუთარი წვლილი დიზაინერმა ავთო ცქვიტინიძემაც შეიტანა. მან ზურაბ ნიჟარაძის ნახატი - ”სვანი გოგონა” - 2550 ლარად შეიძინა. აღსანიშნავია, რომ 9 წლის ”სვანი გოგონას” ესკიზი 1968 წელს შეიქმნა, ხოლო ჩანახატის ფერწერულ ტილოდ ქცევა მხატვარმა აუქციონამდე სამი დღით ადრე გადაწყვიტა:

”შემთხვევით მოვკარი თვალი და ძალიან მომეწონა. გარდა ამისა, ტილოს შექმნას არაჩვეულებრივი ისტორია აქვს. გოგონას ძალიან ლამაზი სახე და ნაღვლიანი თვალები აქვს. არაჩვეულებრივი ნამუშევარია და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ნახატის შეძენით მონაწილეობა მივიღე ქველმოქმედებაში”, - ამბობს ავთო ცქვიტინიძე.

წლის დიპლომატად ჟურნალისტ-ექსპერტებმა მასაიოში კამოჰარა, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დაასახელეს. მას ჯილდო საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ გადასცა. ეს ჯილდო ჩემთვის დიდი პატივიაო, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მასაიოში კამოჰარა:

”ნამდვილად არ ველოდი ამ ჯილდოს. მე ხომ ჩემს საქმეს ვასრულებ - იმას ვაკეთებ, რაც მევალება. ასე რომ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი და ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო.”

სათქმელია ისიც, რომ წელს ”სახელებმა” ქართულ მწერლობაში საუკეთესო სახეების ძიებისა და სტიმულირებისათვის ჯილდო გადასცა ლიტერატურულ პრემიას ”საბა”. თი ბი სი ბანკის პიარ-სამსახურის ხელმძღვანელი მაია ძირკველიშვილი აღნიშნულ ჯილდოს ”საბას” ყველა გამარჯვებულს უძღვნის:

”მე როგორც მახსენდება, ”სახელების” ისტორიაში ასეთი ჯილდო არც ერთ კონკურსს არ მიუღია. ეს ცოტა უჩვეულო არის ”საბასთვისაც” და ”სახელებისთვისაც”. ძალიან გვიხარია და ვულოცავ ”საბას” ყველა მფლობელს იმის აღიარებას, რომ მათ მართლაც ძალიან კარგი ლიტერატურული პრემია გადაეცათ.”

წლის ტელეპროექტად ”სახელებმა” ”ნიჭიერი” გამოავლინეს, წლის აღმზრდელი 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია გახდა, წლის სახელმწიფო მოხელის სტატუსი რამაზ ნიკოლაიშვილმა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მოიპოვა, წლის ფოტოხელოვანის სახელი იური მეჩითოვს ერგო, წლის საინფორმაციო სააგენტოდ ”სახელებმა” ”ინტერპრესნიუსი” დააჯილდოეს.

დაბოლოს...

”აუცილებლად უნდა გამოვავლინოთ წლის ჟურნალისტი. ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ენციკლოპედიური გამოცემა ”სახელები” აჯილდოებს მარინა ვაშაყმაძეს, რადიო თავისუფლება.

მარინა ვაშაყმაძე: დიდი მადლობა. უსმინეთ რადიო თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG