Accessibility links

logo-print

პოლონეთში თავდაცვის მინისტრი გადადგა


პოლონეთში თავდაცვის მინისტრი ბოგდან კლიხი გადადგა მას შემდეგ, რაც სამთავრობო კომისიის ანგარიშმა ასახა ყოფილ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმვრინავის ეკიპაჟის სერიოზული შეცდომები, 2010 წლის აპრილში ამ თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე. მინისტრის გადადგომის შესახებ პარასკევს, ვარშავაში გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელმაც, მისივე თქმით, მიიღო ბოგდან კლიხის გადადგომა. პოლონეთის მთავრობის კომისიის ანგარიშში ნათქვამია ასევე, რომ რუსეთსაც მიუძღვის ბრალი ავიაკატასტროფაში, რომელმაც პოლონეთის პრეზიდენტისა და თვითმფრინავში მასთან ერთად მყოფი კიდევ 95 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ანგარიშის ავტორები მიდიან დასკვნამდე, რომ ავიაკატასტროფის მთავარი მიზეზი იყო მფრინავის შეცდომა, თუმცა, მიზეზებს შორის ასახელებენ ასევე აღჭურვილობის ხარვეზებს და ცუდ კომუნისკაციას სმოლენსკის აერპორტში მყოფ რუს დისპეჩერებთან. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, იეჟი მილერი, კომისიის ანგარიშის წარდგენისას შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „ამგვარ ატმოსფერულ პირობებში თვითმფრინავის მართვა მოითხოვს უნაკლო კომუნიკაციას ორ პარტნიორს შორის - ეკიპაჟს, ამინდის მდგომარეობასა და აეროპორტში მყოფ დისპეჩერებს შორის. ამ შემთხვევაში საუბარია სმოლენსკის აეროპორტზე“. 2010 წლის 10 აპრილს მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ პოლონეთის პრეიზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია და ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ელიტის კიდევ ათობით წარმომადგენელი. იანვარში რუსეთის მიერ გავრცელებულ ანგარიშში კატასტროფის ერთადერთ მიზეზად იყო დასახელებული პოლონელი ოფიციალური პირების მიერ დაშვებული ადამიანური შეცდომა, რასაც პოლონეთში მწვავე პროტესტი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG