Accessibility links

logo-print
22 ივლისს ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტი, რომელსაც 76 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მრავალ ისეთ თემას ააქტუალურებს, რომლებიც უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, განსაკუთრებით დასავლეთის მედიაში, არაერთი საჯარო დისკუსიის საგანი გამხდარა. საქმე ეხება არც მხოლოდ ტერორიზმის საფრთხეს, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ყოველდღიურ რეალობას წარმოადგენს და არც მხოლოდ მემარჯვენე ექსტრემიზმსა თუ ნეოფაშიზმს, რომლისგან დაზღვეული არც ისეთი სოციალურად მოწესრიგებული და ტოლერანტული ქვეყანა აღმოჩნდა, როგორიც ნორვეგიაა. მხედველობაში მაქვს თავად ის სტერეოტიპები, რომლებიც ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით სწორედ დასავლურ ქვეყნებში ჩამოყალიბდა და რომელმაც 22 ივლისს ოსლოს სამთავრობო უბანში მოხდარი აფეთქების პირველივე კომენტარებში აჟღერდა: ესაა ისლამური ტერორიზმი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ-იორკის ტერაქტის შემდეგ ზოგადად ტერორიზმის სინონიმადაა ქცეული.

„11 სექტემბერმა“ დასავლურ ცნობიერებაში მტრის ახალი სტერეოტიპი შექმნა ისლამისტი ტერორისტების სახით. რასიზმის ფარულ იდეოლოგობასა და კულტურათა შორის შუღლის გაღვივებაში ეჭვმიტანილი ამერიკელი პოლიტოლოგის, სემუელ ჰანტინგტონის თეორია იდეოლოგიური ომის ცივილიზაციათა შეტაკებაში გადასვლის შესახებ, თითქოს რეალობის სახე მიიღო. ევროპელი მემარცხენეების, განსაკუთრებით კი მწვანეების პროექტი მულტიკულტურული ევროპის შექმნაზე, ეჭვქვეშ დადგა. დასავლეთი პოლიტიკურად მარჯვნივ გადაიხარა.

ამის ნიადაგზე გააქტიურებულმა კონსერვატორებმა „კულტურული დომინანტობისა“ და, არცთუ იშვიათად, დასავლურ-ქრისტიანულის აღმოსავლურ-ისლამურზე კულტურული აღმატებულობის ლოზუნგები გამოაცოცხლეს. გაჩნდა საფრთხე, რომ დასავლური საზოგადოება ჯვაროსნული ლაშქრობების იდეოლოგიურ ატმოსფეროს უბრუნდებოდა. სამყაროსადმი გახსნილობის ნიმუში – დასავლური ცივილიზაცია - თითქოს დანარჩენი მსოფლიოსაგან იზოლაციისა და საკუთარი საზღვრების შემოღობვის და იმ ღირებულებების დაკარგვის გზას დაადგა, რომელთა შემქმნელი და დამცველი თავადვე იყო. ერთ-ერთი პროექტის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებს ჩრდილოეთ აფრიკაში ტერიტორიები უნდა ექირავათ და იქ ლტოლვილთა საერთო-ევროპული ბანაკები შეექმნათ, ისე, რომ „მესამე სამყაროდან“ ლტოლვილებს ევროპის ტერიტორიაზე ფეხი აღარ შემოედგათ. ასეთი ცვლილებების კუთხიდან თუ შევხედავთ, 11 სექტემბრის ტერაქტი დასავლურ ღირებულებებზე, ყველაზე მეტად კი მულტიკულტურულობის იდეაზე დარტყმა აღმოჩნდა, რაც წარმატებით გამოიყენეს ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ევროპელმა თუ ამერიკელმა კონსერვატორებმა მემარცხენე კონკურენტების წინააღმდეგ.

რას ნიშნავს მულტიკულტურულობა? უპირველეს ყოვლისა, ესაა სახელმწიფოს მხრიდან ეროვნული კულტურის დომინანტურობასა და ეთნიკური უმცირესობების ასიმილაციაზე უარის თქმა: ყველა თანასწორუფლებიანია და განსხვავებულ კულტურებსა თუ რელიგიებს მშვიდობიანი თანაარსებობის საშუალება აქვს, რაც თითოეული მათგანის გამდიდრებასა და გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს. ამის საპირისპიროდ კი ნაციონალური კულტურის ჰეგემონია და მისი მცდელობა, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები საეჭვო და პოტენციურად მტრულ ელემენტებად განიხილოს, კოლექტიურ პარანოიამდე მიყვანილ „კონტროლის საზოგადოებას“ ქმნის, სადაც მთელი ყურადღება უცხოსა და მტრის სტერეოტიპებზეა გადატანილი. 22 ივლისს ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტი სწორედ ამგვარი სტერეოტიპებისა და მტრის ხატების გამოძახილი იყო, ხოლო თავად ამ სისხლისღვრის ავტორი კი არა ისლამისტი ექსტრემისტი ან „მესამე სამყაროდან“ დასავლეთში შემოპარული უცხო, არამედ ქერათმიანი „არიელი“ და ქრისტიანი ფუნდამენტალისტია, რომლის სიძულვილისა და ძალადობის სამიზნე სწორედ არაქრისტიანები, ემიგრანტები და მულტიკულტურულობის მიმდევარი მემარცხენეები არიან.

ჯერ კიდევ 2001 წლის ნიუ-იორკის ტერაქტთან დაკავშირებით უმბერტო ეკო წერდა იმ საფრთხეზე, რომელიც დასავლეთში მცხოვრებ ემიგრანტებისა და ისლამურ სამყაროსაგან მტრისა და ტერორისტის ხატის შექმნას შეიძლება მოჰყოლოდა. ეკო იმაზეც ამახვილებდა ყურადღებას, რომ რელიგიური ტერორი და ექსტრემიზმი ისლამს არ გამოუგონია და თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ არც ერთი სარწმუნოების მიერ არ დაღვრილა იმდენი უდანაშაულო სისხლი, რამდენიც საუკუნეების მანძილზე სწორედ ქრისტეს სახელით იქნა განხორციელებული. ჯერ კიდევ 1099 წელს, როდესაც ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს, მთელი ისლამური სამყარო შოკში იყო იმ სიმხეცის ნახვით, რაც ახლო აღმოსავლეთში „ქრისტეს მხედრებმა“ ჩაიდინეს. ბრიტანელი ისტორიკოსი და ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი სტივენ რანსიმენი წერდა, რომ ტოლერანტობა სოციალური სიქველეა და არა რელიგიური და რომ არც ერთი მონოთეისტური რელიგია არაა თავისუფალი შეუწყნარებლობისა და შუღლისგან. რელიგიის, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანობის აგრესიული პოტენციალის მოსათოკად დასავლურმა ცივილიზაციამ შექმნა სეკულარული სახელმწიფო, რომელშიც რელიგიური ინსტიტუციების საქმიანობა რეგლამენტირებულია კანონმდებლობით და მათ პოლიტიკაში ჩარევისა და სახელმწიფოზე ზემოქმედების ბერკეტები ჩამორთმეული აქვთ.

ნორვეგიის ამბებამდე სულ ორიოდე კვირით ადრე კი ლამის მთელი საქართველო მოიცვა რელიგიური ისტერიის ტალღამ, როდესაც უშუალოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს მითითებით მრევლი და სამღვდელოება აპროტესტებდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელმაც საქართველოში მოქმედ ექვს არამართლმადიდებლურ რელიგიურ ინსტიტუციას იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭა. ეს კი საპატრიარქოს მხრიდან მართლმადიდებლობის ინტერესების შებღალვად და ეროვნულ საფრთხედ იქნა თარგმნილი, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ასეთი დასკვნების არანაირ საშუალებას არ იძლეოდა. საპატრიარქოს მოწოდება უმალვე აიტაცეს როგორც მართლმადიდებლურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა, ასევე ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობამ, რომლებიც უკვე დიდი ხანია საკუთარი პოლიტიკური ბანკროტობის კომპენსაციას მართლმადიდებლური პოპულიზმით ცდილობენ. სულ ორიოდე დღეში საქართველო, განსაკუთრებით კი თბილისი, რელიგიური და ეთნიკური შუღლის ღია პროპაგანდის არენად იქცა. ეკლესიის მიერ ატეხილ განგაშს მოჰყვა „მორწმუნეთა“ მრავალრიცხოვანი საპროტესტო მანიფესტაციები, რომელთა მონაწილეთა აბსოლუტურ უმრავლესობას კანონი წაკითხული არ ჰქონდა, მაგრამ ისინი საკუთარ თავს მართლმადიდებლობისა და სამშობლოს დამცველებად მიიჩნევდნენ, რადგანაც ისინი „მოძღვრებმა“ ასე დამოძღვრეს. ცოტა ხანში კი ტრადიციული ქართული მტრის ხატიც გამოიკვეთა – სომხები, რომლებსაც თურმე ამ კანონის საფუძველზე სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერიც შეუძლიათ წაგვართვან.

ამგვარი შეძახილები და გამონათქვამები არა მხოლოდ პრელოგიკური აზროვნების ნიმუშებია, არამედ საზოგადოებრივი ცნობიერების გაექსტრემალურების სიმპტომიც: საზოგადოება, რომელიც, ისევე, როგორც 32 წლის ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბერინგ ბრეივიკი, საკუთარი ფსიქიკური პრობლემების გადამუშავებას მხოლოდ უცხოსა და განსხვავებულის მიმართ სიძულვილისა და აგრესიის გამოხატვით ცდილობს და მუდამ განტევების ვაცის ძიებაშია. თუ რა იმალება რელიგიური ისტერიისა და ეთნიკური სიძულვილის უკან, ჩემი აზრით, ყველაზე ცხადად თბილისში ერთ-ერთი საპროტესტო მანიფესტაციის მონაწილემ გამოთქვა: „საქართველოში ქართველებს უნდა ჰქონდეთ უპირატესობა და მართლმადიდებლებს უნდა ჰქონდეთ უპირატესობა და ყველა სარწმუნოება ერთად არ უნდა იყოს გათანასწორებული...“ იმავე აზრს ტიპური ექსტრემისტული დემაგოგიით ამყარებს ერთი მღვდლის სიტყვაც, რომ „დედაჩემი და სომეხის დედა თანაბარი უნდა იყოს?!“ ამგვარი ლოგიკა კი არაფრით არ განსხვავდება ისეთი ნეოფაშისტური ექსტრემისტების აზროვნებისაგან, რომლებიც მულტიკულტურულობასა და უმცირესობათა უფლებების აღიარებას უმრავლესობის ღირსების შელახვად მიიჩნევენ. უმრავლესობის „პრივილეგია“ კი, როგორც ჩანს, უმცირესობის დამცირებისა და დისკრიმინაციის წმინდათა წმინდა უფლებაა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG