Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


ამ კვირაში უცხოეთის პრესაში საქართველოზე რამდენიმე წერილი გამოქვეყნდა, რომლებიც კვირის დასაწყისში ჯაშუშობაში ბრალდებულ ფოტორეპორტიორებს ეძღვნებოდა. საქართველოსვე მიეძღვნა კიდევ ერთი წერილი, რომლის ავტორი აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობასაც ეხება.

„ვაშინგტონ პოსტი“ გასულ პარასკევს იუწყებოდა, რომ სამი ქართველი ფოტოგრაფი ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს. გაზეთი მკითხველს ამცნობდა, როგორ წარიმართა ეს ხანმოკლე საქმე, როგორ აღიარეს ეჭვმიტანილებმა დანაშაული, როგორ აღიარა სამივემ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს ინფორმაციას აწვდიდნენ, თავდაპირველი მტკიცების შემდეგ, უდანაშაულონი ვართო. „ვაშინტონ პოსტი“ წერს, რომ ამ საქმემ კიდევ უფრო გაამწვავა ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობა, რომ რუსეთმა ამ საქმეს „ყალბი“ უწოდა. „ვაშინგტონ პოსტი“ წერს სასჯელის შესახებ და თვლის, რომ აღნიშნული სასჯელი ჯაშუშობის ბრალდებისთვის ძალიან მცირეა. სტატიის ავტორი ხედავს, ამასთან, რომ განაჩენი არ ემთხვევა გამომძიებელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ქურციკიძე ჯგუფის ლიდერი იყო. თავიდან ბრალდებამ განაცხადა, წერს გაზეთი, რომ ეჭვმიტანილთა საქმეს სასამართლო 1 სექტემბერს განიხილავდა. ამან ბევრს გაუჩინა ეჭვი, რამდენად კანონიერია პარასკევის გარიგება და სასამართლო პროცესი. გაზეთს მოჰყავს მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელის ეკა ბესელიას ნათქვამი, რომ მთავრობა „დამარცხდა“, ვერ დაასახელა რა ფოტოგრაფების ბრალის დამადასტურებელ ვერც ერთი მტკიცებულება. გაზეთს მოჰყავს კერძო დიპლომატიური აკადემიის რექტორის, სოსო ცინცაძის სიტყვებიც, „აბსოლუტურად რეალურია ის, რომ ფოტოგრაფებმა თავისუფლება იმით მოიპოვეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებზე დიდი ინფორმაცია მიაწოდესო“.
გასულ კვირაში ჩვენ გაგაცანით „ვაშინგტონ ტაიმსში“ გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „ბრალდებებმა მოსკოვთან „გადატვირთვის“ ღილაკი შეიძლება გათიშოს“, რომლის ავტორიც, ელი ლეიკი, იუწყებოდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების მონაცემებით, სექტემბერში თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან მომხდარი აფეთქება იმ შეთქმულების შედეგია, რომელსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი ხელმძღვანელობდაო. საქართველოში სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 30 წლით პატიმრობა ევგენი ბორისოვს, რუსეთის დაზვერვის სახელმწიფო სამმართველოს ოფიცერს, რომელიც, ბრალდების თანახმად, არის საქართველოში 12 აფეთქების ან აფეთქების მცდელობის - მათ შორის, თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, 22 სექტემბერს მოწყობილი აფეთქების - ორგანიზატორი.

„თუ საქართველოს ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება, ეს ნიშნავს, რომ რუსი სამხედროების გარკვეული ჯგუფი გეგმავდა აშშ-ის ტერიტორიაზე სისხლისმღვრელ თავდასხმას სამი თვით ადრე, ვიდრე შეერთებული შტატების სენატში მიემხრობოდნენ მოსკოვთან სტრატეგიული შეიარაღების შესახებ ახალი ხელშეკრულების რატიფიკაციას“, წერს „ვაშინგტონ ტაიმსი“. სტატიის ავტორს მოჰყავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური განყოფილების უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადება, რომ მან თბილისში, შეერთებული შტატების საელჩოსთან, აფეთქების გამოძიების დეტალები გააცნო ამერიკელ ოფიციალურ პირებს ამ კვირაში ვაშინგტონში ვიზიტისას. „ვაშინგტონ ტაიმსი“ აღნიშნავს, რომ ევგენი ბორისოვი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებენ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის პროვინციაში საქმიანობს. ამ სტატიას გამოეხმაურა ჯოშუა კუცერა წერილში, სათაურით „ვერასდროს გამოიცნობთ, ვის ადანაშაულებს საქართველო აფეთქებებში“, რომელიც „იურეიჟანეტმა“ დაბეჭდა. კუცერა იქვე, სტატიის დასაწყისშივე, წერს, რომ კარგი, გამოიცნობთ, ეს რუსეთი იქნებაო, და „ვაშინგტონ ტაიმსის“ სტატიიდან ფრაგმენტები მოჰყავს. კუცერა განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაიორი ბორისოვი დეკემბერში გამოაცხადა ეჭვმიტანილად და თქვა, ევროკავშირს ამ ბრალდებათა განმამტკიცებელი საბუთები აქვსო. თუმცა ევროკავშირს, კუცერას თანახმად, პრობლემისგან თავი შორს დაუჭერია.მაშინ, წაიკითხავთ წერილში, ეს ბრალდებები არ გამოუყენებიათ, ახლა კი ისინი კვლავ ამოტივტივდა, აცხადებს კუცერა და ამ ინფორმაციას ადარებს რუსეთის მედიის, მისი თქმით, პარადოქსულ და უსაფუძვლო წერილებს, რომელთა თანახმად, აშშ საქართველოს იარაღს აწვდის. ჯოშუა კუცერა ფოტოგრაფების საქმესაც ახსენებს და ამბობს, ამ თემაზე უთანხმოება და „ვაშინგტონ ტაიმსის“ სტატია ერთმანეთს დაემთხვა და ისეთი სურათი შეიქმნა, რომ საქართველო აზვიადებს რუსეთის, როგორც უნივერსალური საფრთხობელას, როლსო. და მას მაინც მიაჩნია, რომ შთაბეჭდილება არ შეიცვლება, რომ საქართველო, როცა რუსეთის მისამართით ხმამაღლა გაჰყვირის, იმ ბიჭუნას ემსგავსება, რომელიც ყვიროდა „მგელი მოდისო“. ჯოშუა კუცერას აკვირვებს, რაში უნდა დასჭირვებოდა რუსეთს აშშ-ის საელჩოსთან აფეთქებების მოწყობა - შეიძლება მისი მიზნები საქართველოსა და აშშ-ის მიმართ დამაფიქრებელი იყოს, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ რუსეთს ავნებდაო. მას მოჰყავს კიდევ ერთი ფრაგმენტი „ვაშინგტონ ტაიმსიდან“, კერძოდ, ის ადგილი, რომელიც აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობაში ეგრეთ წოდებულ „გადატვირთვას“ შეეხება. გაზეთი წერდა, თუ ეს ბრალდება სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს თავდასხმა ყველაზე სერიოზული კრიზისის მაჩვენებელია აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობაში ცივი ომის შემდეგ და აბათილებს ყველანაირ გადატვირთვას ორი ქვეყნის ურთიერთობაშიო. „იურეიჟანეტის“ სტატიაში კი ავტორი ბოლოს ასეთი მტკიცებით გამოდის: რაც უფრო მეტს იყვირებს საქართველო, „მგელი მოდისო“, ვაშინგტონში მით უფრო მეტი გონიერი ადამიანი იქნება „გადატვირთვის“ მადლიერი და შეკითხვას დასვამს საქართველოს, როგორც პარტნიორის, საიმედოობასთან დაკავშირებითო.

გაზეთმა „ნიუ იორკ ტაიმსმა“ „ვაშინგტონ ტაიმსის“ მტკიცებას რუსეთის ოფიცრის აფეთქებაში მონაწილეობის შესახებ მოკლე წერილი მიუძღვნა, სადაც აშშ-ის დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის ხუთშაბათის განცხადებაა მოყვანილი. გაზეთისთვის წყაროს უთქვამს, შეიძლება რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერი იდგა საქართველოში შარშან მოწყობილი - მათ შორის, აშშ-ის საელჩოსთან მომხდარი - აფეთქებების უკან, მაგრამ არ არის იმის მტკიცებულება, რომ დაგეგმილი იყო აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმებიო. ამავე ოფიციალურ პირს, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა, რადგან საქმე საიდუმლოა, „ნიუ იორკ ტაიმსისთვის“ უთქვამს, ჩანს, ეს მოსაზრებები უფრო რუსეთის საქართველოსთან ურთიერთობას ეხება, ვიდრე აშშ-თანო. მისი აზრით, ბრალდება არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ გაკეთებულიყო დასკვნა, თითქოს აფეთქებები მართლაც მოსკოვის დავალებით იყო მოწყობილი. „ნიუ იორკ ტაიმსის“ წყაროს მოსაზრებით, ეს დარტყმა უფრო ქართველების წინააღმდეგ იყო მიმართული, ვიდრე აშშ-ისა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG