Accessibility links

logo-print

რამდენად ეფექტიანი შედეგები აქვს სოფლის დახმარების პროგრამებს


”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ანგარიშის პრეზენტაცია

”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ანგარიშის პრეზენტაცია

უკვე მესამე წელია საქართველოში სოფლის დახმარების პროგრამა მიმდინარეობს და მასზე დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიხარჯა. სოფლებისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი გზების მოხრეშვას ან სხვა ხანმოკლე შედეგის მქონე პროექტებს მოხმარდა - ასეთ დასკვნამდე მივიდა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“. არადა, პროგრამის თავდაპირველ მიზნად სოფლებში გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობა დასახელდა.

სოფლის დახმარების ინიციატივა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამი წლის წინ წამოაყენა და საქართველოს ყველა სოფელს, მათი სიდიდისა და პრობლემატიკის მიხედვით, ძირითადად 2-დან 5 ათასამდე ლარი გამოუყვეს. ეს თანხა სოფლებს თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაეხარჯათ, მხოლოდ ერთი მიზნის, გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტის მისაღწევად. იმის გასარკვევად, თუ რამდენად მოხერხდა ეს, ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50 სოფელში ადგილობრივი ჟურნალისტების დახმარებით კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია 29 ივლისს სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” გაიმართა. ის, თუ რა საქმეში დაიხარჯა სოფლებისთვის გამოყოფილი ფული, რამდენიმე სოფლის მაგალითზე ეკონომიკის ექსპერტმა რევაზ საყევარიშვილმა მიმოიხილა:

რევაზ საყევარიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი
”სოფელი ველისციხე ამ პროგრამის ჰიტია, რომელიც ძალიან ბევრჯერ რეგიონალურ მედიაშიც აღმოჩნდა. ასევე აღმოჩნდა, რომ ამ სოფელში ორი წლის განმავლობაში 40 ათას ლარად 4 კაბინიან აბანოს აშენებენ, რომელიც ჯერაც ვერ დაასრულეს და რომელშიც, შემდეგ გაირკვა, რომ, წინასწარი გაანგარიშებით, თითო მოსახლემ რომ ისარგებლოს, 5 ლარი უნდა გადაიხადოს, რაც ელემენტარულად იმ სოფლის მოსახლეობისთვის წარმოუდგენელი ხარჯია. რისთვის შენდება ეს აბანო, კაცმა არ იცის.”

ველისციხის თაობაზე სხვა აზრი გამოთქვა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელიც კვლევის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდა. კერძოდ, სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ველისციხის აბანო 8 კაბინიანია, მისი მშენებლობა დასრულებულია და აბანოს უკვე იყენებს მოსახლეობა.

მოიხრეშა გზები და წაიღო წყალმა, წელს არაფერია საერთოდ გაკეთებული. აღმართებზე ხრეში არ ჩერდება...
აბანოს მაგალითისგან განსხვავებით, გაცილებით კურიოზულად გამოიყურება აჭარის ერთი სოფლის შემთხვევა, რომლის შესახებაც ქრისტიან-დემოკრატების ერთერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა, ისაუბრა:

”სოფელ განახლებაში, ხელვაჩაურის რაიონში, დამონტაჟდა ერთი ცალი განათების ბოძი. ეს ბოძი არ უნდა დამონტაჟებულიყო ამ თანხით, იმიტომ რომ ეს კერძო კომპანიების საქმეა და მათ აქვთ ეს ვალდებულება აღებული. ბოძი მდებარეობს მთის წვერზე, სადაც გარშემო ტყეა და გადის მხოლოდ რამდენიმე ბილიკი და საოცრად გამოიყურება ჰაერში გამოკიდებული ბოძი, რომელშიც დაიხარჯა რამდენიმე ათასი ლარი.”

ასეთი კურიოზული შემთხვევები საკმაო რაოდენობით არის. მაგალითად, სოფლის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მიზნის მისაღწევად გამოყოფილი თანხით ერთ-ერთი სოფლის გამგებელმა ბილიარდის მაგიდა შეიძინა, ერთმა კიდევ გამგეობის შენობის კედელი შეღება და ასე შემდეგ.

კურიოზული შემთხვევების გარდა, სოფლის დახმარებისთვის გამოყოფილი დიდი ნაწილი გზების შეკეთებაში, მოხრეშვაში დაიხარჯა. თუ რა შედეგით სრულდება ასეთ პროექტებში თანხის ჩადება, ეს რადიო თავისუფლებას თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგნის ერთმა მოსახლემ უთხრა:

”მოიხრეშა გზები და წაიღო წყალმა, წელს არაფერია საერთოდ გაკეთებული. აღმართებზე ხრეში არ ჩერდება. ამიტომ გვინდა, რომ ცოტა დიდტონიანი გზა გაგვიკეთონ, რომ დაკავდეს ხრეში.”

ასეთი შემთხვევები მრავლად არის, თუმცა, პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრის გარდა, რომელიც სოფლის კრების პრეროგატივაა, წარმოჩნდა მოსახლეობის არაინფორმირებულობისა და ნაკლებად ჩართულობის პრობლემა. ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” პროექტების დირექტორის ნინო ევგენიძის განცხადებით, სოფლის დახმარებისთვის დახარჯული თანხები გრძელვადიან განვითარებას არ ხმარდებოდა:

ნინო ევგენიძე, ეკონომიკის ექსპერტი
”ძირითადად ხდებოდა მხოლოდ გზების მოხრეშვის სამუშაოები და მოგეხსენებათ, რომ ეს მოქმედებები გამართლებულია მხოლოდ წვიმიდან წვიმამდე. ხდებოდა გზების ჩარეცხვა. გარდა ამისა, ძირითადი პრიორიტეტები იყო, სიტყვაზე, სახლებისთვის ინვენტარის შესყიდვა, რასაც არ შეეძლო ეკონომიკური ეფექტის მოტანა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ, როგორც რეგიონალური განვითარების ზედამხედველმა, პროექტის გავრცელების უკვე 3 წელზე უნდა მოახერხოს ყოველგვარი კონტროლის მექანიზმების და პრიორიტეტების განსაზღვრის წესის შემუშავება, რაც ამ თანხის ხარჯვას მიზნობრივს და ეფექტურს გახდის.”

ნინო ევგენიძის აზრს, რომ საჭიროა სოფლის დახმარების პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების კონტროლის ეფექტური მექანიზმის შემუშავება, ბევრი ეთანხმება. „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პრეზენტაციაზე შეკრებილ ექსპერტებს თუ პოლიტიკოსებს არ უთქვამთ, რომ სოფლის დახმარების პროგრამის გაგრძელება საჭირო არ არის. პირიქით, ქრისტიან-დემოკრატები მისი დაფინანსების გაორმაგებასაც კი მოითხოვენ, რადგან ფიქრობენ, რომ ზოგიერთი სოფლისთვის გამოყოფილი 2 ათასი ლარი საკმარისი არ არის რეალური პრობლემის გადასაჭრელად.

თუმცა ეკონომიკურ წრეებში სოფლის სუბსიდირების პროგრამების თაობაზე არის სხვაგვარი აზრიც. თავისუფალი ეკონომიკის მომხრე ექსპერტები არაეფექტურად მიიჩნევენ სახელმწიფოს ნებისმიერ ჩარევას ეკონომიკურ ცხოვრებაში. მათ აზრს ისიც ამყარებს, რომ სოფლის დახმარების პროგრამისთვის გამოყოფილი დაახლოებით 100 მილიონი ლარის შედეგი ნაკლებად თვალსაჩინოა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG