Accessibility links

logo-print

აქციებისა და პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტის კვირა


აქცია სამარშრუტო ტაქსების გაიაფების მოთხოვნით

აქცია სამარშრუტო ტაქსების გაიაფების მოთხოვნით

ზაფხულის განსაკუთრებულად ცხელი კვირა მოვლენებითაც დატვირთული გამოდგა. გასული კვირა თბილისში აქციით დაიწყო და აქციითვე დასრულდა, თუმცა აქციები სხვადასხვა მოთხოვნითა და ქალაქის სხვადასხვა კუთხეში გაიმართა. აქცია იყო შუა კვირაშიც. ის მედიის წარმომადგენლებმა დაგეგმეს. თუმცა, მოდით, მივყვეთ ქრონოლოგიურად, მით უმეტეს, რომ გასულ კვირას სხვა არაერთი ყურადსაღები მოვლენაც მოხდა.

უკანასკნელი ორი კვირის ერთ-ერთი აქტუალური თემა ე.წ. „მარშრუტკებით“ მგზავრობის საფასურის გაზრდა გახდა. სწორედ აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ მოქალაქეები თბილისის მერიასთან და, მეტიც, თავად მერთან - გიგი უგულავასთან - მოითხოვეს შეხვედრა. მასთან შეხვედრა ვერ მოხერხდა, თუმცა მერიის ფოიეში დაახლოებით ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ აქციის ორგანიზატორები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ მიიღო, ვისგანაც 20 წუთში აქციის ორგანიზატორმა, ”მომავალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ლაღიძემ, აი ასეთი პასუხი გამოიტანა: „თბილისის მერია სამარშრუტო ტაქსების ხაზების მეპატრონეებს მგზავრობის ღირებულების გაიაფების რეკომენდაციით მიმართავს.”

აქვე ვთქვათ, რომ თბილისში არსებული სამარშრუტო ხაზების უმრავლესობა კვლავ 80 თეთრი ღირს.

26 ივლისის შუაღამის 12 საათზე ამოიწურა სამთვიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს 26 აპრილის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლოთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტლების გასაჩივრება არც კი უფიქრია სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იზიარებს სტრასბურგის სასამართლოს თვალთახედვას, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებას აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა. საქმეში დადგენილი ხარვეზების მიხედვით, სახელმწიფომ საჭიროდ აღარ ჩათვალა სტრასბურგის სასამართლოს 26 აპრილის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრება, - განუმარტავს რადიო თავისუფლებას სახელმწიფოს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ლევან მესხორაძე. ხოლო რაც შეეხება განაჩენის აღსრულებას, მესხორაძის თქმით, შემდგომი ნაბიჯები ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების მიხედვით დაიგეგმება: ”მინისტრთა კომიტეტი საქმის განხილვის შედეგად მიუთითებს სახელმწიფოს, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნეს გატარებული. სახელმწიფო კი გაატარებს იმ ღონისძიებებს, რაც მას ევალება.”

მიხეილ სააკაშვილი და ბრონისლავ კომოროვსკი
26 ივლისსვე ეწვია საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი. გარდა ბათუმის იუსტიციის სახლში ქართველი და პოლონელი პრეზიდენტების მიერ ერთმანეთისთვის გაცვლილი თბილი, მეგობრული და ფორმალური ფრაზებისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 27 ივლისს, ახლა უკვე თბილისმა ქართულ პოლონურ ბიზნეს-ფორუმს უმასპინძლა, რომლის მნიშვნელობის შესახებ ჯერ კიდევ წინა დღეს საუბრობდა პრეზიდენტი კომოროვსკი და ამბობდა, პოლიტიკური ურთიერთობების გარდა, საქართველომ და პოლონეთმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზეც უნდა იზრუნონო. პოლონურ-ქართული ბიზნესის განვითარების საკმაოდ ოპტიმისტური სურათი დახატა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 27 ივლისს ფორუმის გახსნის ცერემონიალზე, ხოლო პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, სრული მხარდაჭერა აღუთქვა: "პოლონეთი კვლავინდებურად მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას დასავლეთის ეკონომიკურ სისტემაში, დასავლეთის უსაფრთხოების სისტემაში, დასავლეთის პოლიტიკურ სისტემაში ადგილის დამკვიდრებისაკენ. მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ შეცვალა პოლონეთი ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებამ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ გარდაქმნა პოლონეთი ნატოსა და ევროკავშირში შესვლისაკენ მისწრაფებამ, როგორ შეგვიქმნა სრულიად ახალი პერსპექტივები და ახალი, ძალიან კარგი შანსები."

საპროტესტო აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან
”ნუ ებრძვით მედიას” – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ჟურნალისტები კვლავ ქუჩაში გავიდნენ. მდუმარე საპროტესტო აქცია 28 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაიმართა. მიზეზი თბილისის ანძაზე გამოცხადებული აუქციონია. თითქოს უკანონო არაფერია, მაგრამ მედიის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი მფლობელისთვის ანძის გადაცემით დამოუკიდებელი მედია ხაფანგში აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ ტელეკომპანია ”კავკასიის” დამფუძნებელმა ნინო ჯანგირაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით მიმართა: ”ეკონომიკის სამინისტრომ მე, როგორც აუქციონში მონაწილეობის მსურველს, მომცეს ინფორმაცია გასაყიდი ობიექტის შესახებ. ამ ინფორმაციას, ჩემი მრავალი მცდელობის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტრო არ მაძლევს, ხოლო გამოტანილი განაცხადის მიხედვით შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა იყიდება - ტელეანძების ქსელი თუ, მაგალითად, რესტორნების ქსელი. მე მოვითხოვ ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად გავასაჩივრებ აუქციონის შედეგებს სასამართლოში. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ამ აუქციონის შეჩერებას და თუ მაინცდამაინც ახალი მმართველი უნდა ჰყავდეს ანძას, ამისათვის ჩატარდეს ტენდერი ან კონკურსი ყველასათვის გამჭვირვალე პირობებით.”

28 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა ნორვეგიაში საქართველოს მოქალაქის, 23 წლის თამთა ლიპარტელიანის დაღუპვის ფაქტი. ის ერთ-ერთია იმ დაღუპულ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკში 22 ივლისს 32 წლის ანდერს ბრეივიკმა მოკლა. როგორც ”ინტერპრესნიუსი” დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში საქართველოს ელჩის დავით კერესელიძის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, თამთა ლიპარტელიანს საქართველოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გადმოასვენებენ.

სამუშაო კვირის ბოლოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გაიმართა დევნილთა მხარდამჭერი აქცია, სახელწოდებით ”მე-ც დევნილი ვარ”. ოცდაათამდე ადამიანმა რამდენიმეწუთიანი ჯაჭვი შეკრა. მათი გზავნილები კი ასეთია: ”ნუ გვდევნით დევნილებს”, ”დაგვიბრუნეთ თავშესაფარი…” რადიო თავისუფლებას ოჩამჩირელი დევნილი, აქციის მონაწილე, 78 წლის კოტე ბიბლაია ესაუბრება: ”უმაღლესი კატეგორიის ექიმი ვარ, 32 წელი მთავარი ექიმი ვიყავი, ახლა ქუჩა-ქუჩა დავდივარ, ბაბუ, როგორც ”შარლატანი”. ქუჩის ბიჭი ვარ, ბაბუ, ნაღდი.”

გასული კვირის ბოლოს, შაბათს, 30 ივლისს, ცნობილი ხდება, რომ აშშ–ის სენატმა წინა დღეს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ“ რეგიონებად აღიარებს. რეზოლუცია, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინეს. „სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა ერთხმად გამოხატა“, – ამბობს სენატორი შაჰინი და იქვე დასძენს, რომ მართალია, ის მოხარულია სენატის აღნიშნული გადაწყვეტილებით და გზავნილით, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას გაეგზავნა, მაგრამ, მისი სიტყვებით, სიტუაცია ისევ მოუგვარებელია, რადგანაც რუსულ შეიარაღებულ ძალებს კვლავ ოკუპირებული აქვთ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები”.
XS
SM
MD
LG