Accessibility links

logo-print

ჩინეთის დასავლეთ რეგიონში ძალადობას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა


ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება, რომ ქვეყნის დასავლეთში, სინიანის უიღურთა ავტონომიურ რეგიონში გუშინდელი დღის შემდეგ სულ მცირე 12 ადამიანი მოკლეს. „სინხუას“ ცნობით, პოლიციამ დღეს ქალაქ კაშიში ხუთი ეჭვმიტანილი მოკლა, კიდევ სამი კი დააპატიმრა. სააგენტოს ცნობით, გუშინ კაშიში ორმა კაცმა სატვირთო მანქანა გაიტაცა, „მძღოლი დანით სასიკვდილოდ დაჭრა, მანქანა კი ფეხით მოსიარულეებს შეაჯახა“. სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, 28 დაშავდა. მედიამ თავდამსხმელები „შეიარაღებულ ტერორისტებად“ მოიხსენია. სინიანის მკვიდრი უიღურები თურქულენოვანი ხალხია, ტრადიციით სუნიტური ისლამის მიმდევარი. უიღურებს და ჩინეთში ეთნიკური უმრავლესობის შემადგენელ ხანებს შორის შეტაკებები ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა. 2009 წელს დაპირისპირების გამძაფრებას სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა. სინიანის რეგიონში ნავთობის ინდუსტრია ვითარდება, რაც რეგიონში ხანების დიდი ჯგუფების საცხოვრებლად გადასვლას იწვევს.
XS
SM
MD
LG