Accessibility links

logo-print
ოპოზიციური „რვიანის“ დაშლის შემდეგ ყოფილი პარტნიორი პარტიები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განაგრძობენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვას. 1 აგვისტოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე მომუშავე ჯგუფი შეიკრიბა,
ექვსი პარტიისაგან შექმნილმა პოლიტიკურმა კოალიციამ „თავისუფალი არჩევნებისათვის“ კი ხელისუფლებას მოუწოდა, ამომრჩეველთა სია წინასწარი რეგისტრაციისა და ბიომეტრული მონაცემების საფუძველზე შეადგინოს. ასევე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად პარტია „თავისუფალი საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 45 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერითაა მხარდაჭერილი. როგორ აპირებენ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას?

1 აგვისტოს საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის წევრებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ უმასპინძლა. პავლე კუბლაშვილის თქმით, ჯგუფის წევრებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს შეთანხმებაში ასახული ნორმების კანონად ქცევის გზაზე:

„ეს არის ის ცვლილებები, რომლებიც შეთანხმებული და ხელმოწერილია რვა პარტიის მიერ. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილებები საბოლოო სახეს მიიღებს რამდენიმე კვირაში და შემდეგ დაიწყება მათი განხილვა საქართველოს პარლამენტში.“

სარედაქციო ჯგუფის წევრები განსახილველ საკითხებს ორ ნაწილად ყოფენ. „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლის მამუკა კაციტაძის თქმით, პირველ ჯგუფში გაერთიანებულია ისეთი საკითხები, რომლებიც ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. მაგალითად: საარჩევნო ბარიერის სიდიდე, ვადების განსაზღვრა და ასე შემდეგ. რაც შეეხება მეორე ნაწილს:

ჩვენ არ ვითხოვთ ელექტრონული ხმის მიცემას, ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ სიის შედგენას ბიომეტრული მონაცემების საფუძველზე, რასაც უნდა 8 მლნ დოლარი და 4 თვე...
„ეს არის სამი მიმართულებით კომისიის შექმნა, რომელმაც უნდა იმუშაოს სიების დახვეწაზე, ადმინისტრაციული რესურსის კონტროლსა და მედიამონიტორინგზე.“

მამუკა კაციტაძის თქმით, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. 1 აგვისტოს შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ „სამართლიანი არჩევნების“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, ახალი თაობა - ახალი ინიციატივისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები.

საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებას ცდილობს ოპოზიციური „რვიანის“ ბაზაზე შექმნილი კოალიცია „თავისუფალი არჩევნებისათვის“, რომლის წარმომადგენლებმა, უცხოელ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, ხელისუფლებას მოუწოდეს, ამომრჩეველთა სია წინასწარი რეგისტრაციისა და ბიომეტრული მონაცემების საფუძველზე შედგეს. კობა დავითაშვილის თქმით, საკითხი დეტალურად შეისწავლეს კომპანია „სმარტმატიკის“ წარმომადგენლებმა და დაადგინეს, რომ მონაცემთა ბაზის შექმნას არ სჭირდება რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი და რამდენიმე წელიწადი.

„ლიდერი კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ საქართველოში. მათი შედგენილია ამომრჩეველთა სიები ბოლივიაში, ფილიპინებში... ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია, რომ ეს თანხა არ შეიძლება იყოს 8 მლნ დოლარზე მეტი. ჩვენ არ ვითხოვთ ელექტრონული ხმის მიცემას, ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ სიის შედგენას ბიომეტრული მონაცემების საფუძველზე, რასაც უნდა 8 მლნ დოლარი და 4 თვე“, განაცხადა კობა დავითაშვილმა.

კოალიციის ამ ინიციატივას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მმართველ პარტიასთან ერთად მომუშავე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, დეპუტატ გურამ ჩახვაძის კომენტარი:

„ჩემმა კოლეგებმა უარი განაცხადეს ჩვენს ჯგუფში ამ ფორმატში მუშაობაზე, მაგრამ როცა იქნება საუბარი ახალ საარჩევნო კოდექსზე, დახურული თემები არ გვექნება და ამ საკითხზეც შეიძლება გაიმართოს მსჯელობა.“

საარჩევნო ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პარიტეტის საფუძველზე, გამარტივდება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა და, შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა...
თუმცა საკითხისადმი მმართველი პარტიის დამოკიდებულების გამო ნაკლებსავარაუდოა, რომ საკითხის განხილვამ დადებითი შედეგი გამოიღოს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის თქმით, ფულისა და დროის გარდა, არის არაერთი ფაქტორი, რომელიც ამ ეტაპზე ოპოზიციის ინიციატივის განხორციელებას შეუძლებელს ხდის:

„პროცესი, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, გამოიწვევს დიდ გაუგებრობას არჩევნების დღეს. ბევრი ადამიანი ვერ მოასწრებს პირადობის მოწმობის აღებას და ამის გამო ექნება პრობლემა ხმის მიცემის დროს. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ მოქალაქეებმა ხმის მიცემა ვერ შეძლონ.“

თუმცა, ამ მოდელის გარდა ოპონენტები ხელისუფლებას კანონში შესატან სხვა ცვლილებებსაც სთავაზობენ. კანონპროექტების პაკეტის ავტორი, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, რომლის ინციატივას თან ახლავს 45 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა, ამბობს:

„კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში უნდა შენარჩუნდეს 150 დეპუტატიანი პარლამენტი, რომელიც არჩეული იქნება რეგიონალური პროპორციული სისტემით. საარჩევნო ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პარიტეტის საფუძველზე, გამარტივდება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა და, შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.“

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში არ მალავენ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები აქვთ. პავლე კუბლაშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილთან მიღწეული შეთანხმება კანონის სახეს უახლოეს ერთ თვეში მიიღებს, სექტემბერშივე შევა ცვლილება კონსტიტუციაში, რომელიც დეპუტატების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG