Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 1 აგვისტო, 2011


დღევანდელ “ასავალ-დასავალში” ჯაშუშობაში მსჯავრდებულ ვახტანგ მაისაიასთან ინტერვიუ ქვეყნდება. სათაურია - “ალაპარაკდა “საიდუმლო” საქმეში მსჯავრდებული ვახტანგ მაისაია!”. ინტერვიუს თანახმად, მაისაია ხელისუფლებამ იმის გამო დააკავა, რომ მას დაგეგმილი ინტერვიუებისა და სტატიების გამოქვეყნებით მუხროვანის ამბების ფალსიფიკაციაში არ შეეშალა ხელი ხელისუფლებისთვის. რესპონდენტს აგრეთვე განუცხადებია: “314-ე მუხლზე დაყრდნობით მე დამადანაშაულეს ნატოს წევრი ქვეყნის და მთლიანად ნატოს გაერთიანებულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაშიო”, ანუ იმ სტრუქტურასთან თანამშრომლობაში, სადაც “4 წელი ოფიციალურად ვიყავი მივლინებულიო”. ამავე ინტერვიუში მაისაია შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს და ინტერვიუს ბოლოს აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

“კვირის პალიტრის” პირველ გვერდზე მთავარი ადგილი თბილისის ტელე-ანძის მართვის უფლებაზე გამოცხადებულ აუქციონს ეხება - “ნუ გააჩენთ ხანძარს! ახალი ნაღმები თავისუფალი და “აბეზარი” მედიის წინააღმდეგ?!” - ასეთია სტატიის სათაური. ამავე საკითხს ეხება “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სოსო ცისკარიშვილი: “ასეთი გადაწყვეტილება რომ რომელიმე აღიარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს მიეღო, იქ არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ მთლიანად საზოგადოება გამოთქვამდა პროტესტს. აქ კი შეჩვეული ვართ, რომ მედიის მიმართ არაჯანსაღჲ დამოკიდებულება ხელისუფლების სისხლის მამოძრავებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.”

“ქვეყანა, სადაც “აი ია”-ს გამომცემელს ჰეროინზე იჭერენ” - ეს “რეზონანსის” სათაურია. “გაზეთ “აი იას” გამომცემლის, ზურაბ ხუციშვილის დაკავებას მისი ადვოკატი მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს, თუმცა არც პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს - დაკავებული “მომავლის პარტიის” ყოფილი წევრია, მოგვიანებით კი “სახალხო კრებას” შეუერთდა და მაისის აქციებშიც მონაწილეობდა”, - წერს “რეზონანსის” ავტორი.

დღევანდელ გაზეთებშიც ბევრს წაიკითხავთ ოპოზიციაში შექმნილ მდგომარეობაზე. “კვირის ქრონიკა” ლევან გაჩეჩილაძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. ის ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებს პასუხობს: “მართლა გეუბნებით, პირადად ჩემთვის მას კაპიკი არ გადმოურიცხავს”, - აცხადებს გაჩეჩილაძე ოქრუაშვილზე და ამავე ინტერვიუს ბოლოს დასძენს, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა “არანაირად არ გამოსწორებულა”, მისი ვალი “4 მილიონს შეადგენს“ და ამის შესახებ ინფორმაციას “ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებისას” აუცილებლად გამოაქვეყნებს. ამავე ინტერვიუში ლევან გაჩეჩილაძე ამბობს: “მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ ვებრძვით ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო ინტერესებს არა მარტო ამ რეგიონში, არამედ უშუალო ინტერესებს, რუსეთთან ჩხიკინის მიმართებაში, რომელსაც ყველაზე კარგად, ყველაზე მსახიობურად და ყველაზე გიჟურად ასრულებს მიხეილ სააკაშვილი”. ამავე ინტერვიუში გაჩეჩილაძე ეროსი კიწმარიშვილზე ამბობს, რომ მას “არანაირი ზნეობრივი ფასეულობები” არ გააჩნია.

“კვირის პალიტრა”, ინტერვიუ გოგა ხაინდრავასთან: “ვიცი, რატომაც უტევენ გაუთავებლად გაჩეჩილაძეს, - იმიტომ, რომ მან სააკაშვილს სილა გააწნა, არჩევნები მოუგო და როგორც პოლიტიკოსი მიწასთან გაასწორა”. გაზეთის ამავე გვერდზეა ინტერვიუ სოზარ სუბართან: “რატომღაც მოდური გახდა ეროსიზე ჯოხის გადატეხა. დაიწერა, რომ პარტიიდან მიდის, რაც სიმართლე არ არის. ეროსიმ დიდი შრომა გასწია “ქართულ პარტიაში”. დამანახვოს ვინმემ, რომ მასზე მეტი გაუკეთებია.”

“ახალი თაობა” ალექსანდრე შალამბერიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. რესპონდენტი ისეთი ოპოზიციური ძალების გაერთიანების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, რომლებიც “ხელისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ გაურიგდებიან”. “ახალ თაობაშივე” კონსერვატორების ლიდერ ზვიად ძიძიგურთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. ის აცხადებს, რომ 2012 წლის არჩევნები იქნება “ბრძოლა წესების გარეშე... როდესაც ყოველი ხმისთვის, ყოველი უბნისთვის იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა”.
“24 საათი” საქართველოში ივლისში მომხდარ მესამე სარკინიგზო ავარიაზე წერს. გახშირებული ავარიების მიზეზებსა და მგზავრებისთვის შექმნილ პრობლემებზე "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ ტექნიკური პრობლემაა და მასზე გამოძიება მიმდინარეობს.

"რაც შეეხება იმ მგზავრებს, რომელთაც გადაადგილებისას პრობლემა ექმნებათ და მოძრაობის აღდგენამდე ლოდინი არ შეუძლიათ, ბილეთებში გადახდილი თანხა სრულად უბრუნდებათ", - განუმარტავს "24 საათისთვის" "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ირმა სტეფნაძეს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG