Accessibility links

logo-print
24 ივლისი, კვირა
დღეს მორიგი მივლინებიდან დავბრუნდი ახალციხეში.
შვილები ერთი კვირის უნახავი მყავდა და განსაკუთრებული შეხვედრა გვქონდა.

ჩემი მეგობრის დაბადების დღე იყო. ბორჯომში იხდიდა. იქ ერთი ადგილი გვაქვს შეგულებული და ჩვენი უახლოესი სამეგობრო წრიდან ყველანი ბორჯომში აღვნიშნავთ ხოლმე საზეიმო თარიღებს. ახალციხეში რომ მოვდიოდი, დღეს უკვე გამოვიარე ბორჯომი და დღესვე, კიდევ ერთხელ, უკან ვბრუნდები. ამაზე მეცინება, მაგრამ მაინც სიამოვნებით მივდივარ, მიყვარს ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნა.

ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ სუფრასთან ჩამეძინა. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ ჩემს მეგობრებს შევეცოდეთ - დაისვენოსო - და არავინ გამაღვიძა!

გონს რომ მოვეგე, საკმაოდ გვიან იყო. ჩაის დალევაღა მოვასწარი და ყველანი ახალციხეში დავბრუნდით.

25 ივლისი, ორშაბათი
ზაფხულის კიდევ ერთი მშვენიერი დღე სულ რაღაც ცოტა ხანში წარსულს ჩაბარდება...

დასვენების დღეების შემდეგ ძნელია, დაუბრუნდე ჩვეულებრივ სამუშაო რითმს, მით უმეტეს მაშინ, როცა კვირის ბოლოს განსაკუთრებულად ატარებ და ისვენებ.

დღე იწყება ჩვეულებრივი ყოველდღიური მოქმედებებით: დილით ვიღვიძებ, ვემზადები გასასვლელად. სამსახურში ფეხით დავდივარ და გზაში ბევრ ნაცნობს ვხვდები, ვესალმები და ვესაუბრები. საერთოდ, კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, თანაც ნათქვამია, სალამი ღვთისააო!

ჩემი სამუშაო დღე დილის 10 საათიდან იწყება. ვმუშაობ კონსულტანტად სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროში. ჩვენს სამსახურში არის ერთსულოვნება, ერთმანეთს ყველანი სიხარულითა და სიყვარულით ვხვდებით. ძალიან მიყვარს ჩემი კოლექტივი და მასთან მუშაობა მიადვილდება - ერთი დიდი ოჯახივით ვართ.




დღეისათვის არანაირი შეხვედრა არ არის დაგეგმილი და სამუშაო დღე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ჩვენი სამსახური ძირითადად ემსახურება მოქალაქეებს, რომლებსაც სჭირდებათ სამართლებრივი დახმარება. დღეს მივიღეთ მოქალაქე, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა ესაჭიროებოდა. რადგან სასწრაფოდ მოსამზადებელი იყო განცხადება ბავშვის ავადმყოფობის გამო, დანარჩენი საქმეები გადავდეთ და ამ ადამიანის საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. იყვნენ სხვა მოქალაქეებიც, რომლებსაც სხვადასხვა სახის იურიდიული დახმარება სჭირდებოდათ.

სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროში შესვენება 14 საათზე იწყება. შესვენების დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში“ მივდივარ. ამ ოფისში შვიდ წელიწადზე მეტია ვმუშაობ. ამჟამად ერთ-ერთ პროექტში ვარ თარჯიმნად. რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველანაირი სამუშაო ინფორმაცია ორენოვანი ბროშურის სახით იბეჭდება. მე საინფორმაციო ბუკლეტების გადათარგმნა მევალება. სამუშაო დღეს საღამოს 7 საათზე ვამთავრებ. სახლში ვბრუნდები და მაშინღა ვგრძნობ, რომ დაღლილი ვარ, მაგრამ თავს დასვენების უფლებას არ ვაძლევ, რადგან ამავდროულად დედა ვარ. დარჩენილ თავისუფალ დროს შვილებთან ერთად ვატარებ. მყავს 12 წლის ვაჟი, რომელიც უკვე დიდია და ძალიან აღარ ცელქობს, და შვიდი წლის ქალიშვილი, რომელიც თავისი მხიარული, ენერგიული და საინტერესო ცეკვა-სიმღერით მხვდება, მიფანტავს დაღლილობას და ენერგიას მმატებს. მას შემდეგ, რაც ვრწმუნდები, რომ ოჯახის ყველა წევრი კარგად არის, თავს ვაძლევ უფლებას, დავისვენო და ხვალინდელი დღე ახალი ძალითა და ენერგიით დავიწყო. და იმის იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება...

26 ივლისი, სამშაბათი
მზიანი დილაა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამე წვიმდა. როგორც ყოველთვის, შვილებთან ერთად ოჯახში ვიფუსფუსე, მერე კი სამსახურში წასასვლელად მოვემზადე.

სამუშაო დღე მძიმედ დაიწყო, რადგან მოსული იყვნენ უაღრესად გაჭირვებული მოქალაქეები. მათი პრობლემების მოსმენის შემდეგ შეუძლებელი იყო სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება. ბუნებით ემოციური და მგრძნობიარე ადამიანი ვარ. არ შემიძლია, მშვიდად შევხედო მსგავს მდგომარეობას. ყოველთვის ვცდილობ, არ შემოვიფარგლო მხოლოდ სამსახურით დაკისრებული მოვალეობებით და უფრო მეტი დახმარება გავუწიო ხალხს. მივყვები ხოლმე იმ უწყებებში, რომლებიც მათ საქმეს უკავშირდება. მაგალითად, ამასობაში შესვენების დროც დადგა, რომელიც თავის მოსაწესრიგებლად გამოვიყენე - მუდამ ხალხთან მიწევს ურთიერთობა და სათანადოდ უნდა გამოვიყურებოდე.

შესვენების შემდეგ გავაგრძელე მუშაობა, მოვამზადე სამოქალაქო სარჩელი საოჯახო დავაზე, კერძოდ - განქორწინებაზე. რა თქმა უნდა, ძნელია, გულგრილად უყურო, როგორ ინგრევა ახალგაზრდა ოჯახი, მაგრამ ზოგჯერ განქორწინება ერთადერთი გამოსავალია.

ვის არ ნახავ ჩვენს სამსახურში მოსულს! ქართველები, სომხები, თურქები, სხვა უმცირესობების წარმომადგენლები... ბევრმა მათგანმა ქართული არ იცის და სხვადასხვა სახის იურიდიული დახმარება სჭირდება. მაგალითად, იურიდიული ტექსტის გადათარგმნა-განმარტება, კონსულტაცია მათთვის გასაგებ ენაზე. მე რამდენიმე ენას ვფლობ, სამსახურიდან გამომდინარე ძირითადად სამ ენაზე მიწევს საუბარი, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა მეზობელი ქვეყნის თურქი მოქალაქეებისთვის გამიწევია იურიდიული დახმარება, სატელეფონო ან პირადი კონსულტაცია.

სამუშაო დღის შემდეგ სახლში წავედი. ბავშვები მოუთმენლად ელიან ჩემს მისვლას. დღის განმავლობაში უჩემობას განიცდიან და მხოლოდ მაშინ მშვიდდებიან, როცა უკვე სახლში ვარ. ერთად ვხატავთ, ძილის წინ პატარას ზღაპრებს ვუკითხავ... ასე გადის ჩვენი ცხოვრების კიდევ ერთი დღე.

27 ივლისი, ოთხშაბათი
გათენდა. დილიდანვე აუტანელი სიცხეა... ზაფხულის ასეთ დღეებში ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ დასასვენებლად წავიდეს ან ბუნებაში გავიდეს. მაგრამ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, სამსახურის გამო ბევრ რამეზე გვიწევს უარის თქმა, ვერ ვახერხებთ ქალაქიდან გასვლას და თავს ვერ ვაძლევთ ასეთი ფუფუნების უფლებას. დილა, როგორც ყოველთვის, შვილებთან ერთად დავიწყე. შემდეგ, ჩვეულებისამებრ, მოვემზადე და სამსახურში წავედი.

სამუშაო დღე აქტიურად დაიწყო. შესასვლელში მელოდებოდა დაზარალებული მოქალაქე, რომელსაც შემოსავლის ერთადერთი წყარო - მეწველი ძროხები - მოჰპარეს. სარჩელი მოვუმზადეთ ზარალის ანაზღაურების თაობაზე და ამ სარჩელით მან სასამართლოს მიმართა.

სხვა მოქალაქეებიც მრავლად იყვნენ. ამასობაში შესვენების დროც მოვიდა. თანამშრომელთან ერთად გავედი სასადილოდ. შემდეგ ქალაქში გავიარეთ. არ შეიძლება, ახალციხის ქუჩებში გაიარო და ვერ დაინახო, როგორ შეიცვალა ქალაქის იერსახე. შენდება ახალი ეკლესიები, პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად ახალ შენობაში გადადის. ჩვენს რაიონს მდიდარი ისტორია აქვს, აქ ძალიან ბევრი კულტურული ძეგლია...

სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ სახლში მივდივარ და დარჩენილ დროს ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ.

28 ივლისი, ხუთშაბათი
ცხელი ზაფხულის მორიგი დღე...

დღის მეორე ნახევარში თბილისში ვიყავი წასასვლელი და ამიტომ დილიდან ძალიან ბევრი საქმე მქონდა მოსაგვარებელი. ბავშვებს დილიდანვე სევდიანი თვალები ჰქონდათ, რადგან იცოდნენ, რომ ოთხი დღე ვერ მნახავდნენ. გოგო ბარგის ჩალაგებაში დამეხმარა...

სამუშაო დღე ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. შემოვიდა სხვადასხვა კატეგორიის საქმეები. ჩვენი მოვალეობაა, მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება კონკრეტულ საკითხებზე.

შესვენების დროს მე და ჩემმა კოლეგამ, ანა ხოსიტაშვილმა, გარკვეული დრო თავის მოწესრიგებას დავუთმეთ, საღამოს 6 საათზე კი გეზი დედაქალაქისკენ ავიღეთ. თბილისში ჩამოსვლის მიზეზი სამსახურს უკავშირდება - გვიტარდება მორიგი ტრენინგი თემაზე: „სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის პრობლემური საკითხები“. ტრენინგში ოთხი თანამშრომელი ვმონაწილეობთ. მშვიდობიანად ვიმგზავრეთ, დავბინავდით სასტუმრო „ამბასადორში“ და თავს დასვენების უფლება მივეცით, რათა ხვალინდელ დღეს ახალი ძალებით, ენერგიითა და ენთუზიაზმით შევუდგეთ.

29 ივლისი, პარასკევი
სასტუმროში დღე სხვანაირად იწყება: არანაირი ვალდებულება არ გაგაჩნია არავის მიმართ. დრო მაქსიმალურად საკუთარ თავს დავუთმე და სამუშაო შეხვედრისათვის მოვემზადე. ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ კოლეგები საქართველოს ყველა რეგიონიდან. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ძველი ნაცნობების ნახვა, მით უმეტეს მაშინ, როცა ამდენი ნაცნობი ერთდროულად ხვდება ერთმანეთს. შეხვედრა გაიხსნა და მყუდრო სამუშაო გარემოში წარიმართა. დავიწყეთ სალექციო თემებით, შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავედით და ბოლოს ჩვენი ტრენინგი დისკუსიაში გადაიზარდა.

ოთხ საათზე განათლების სამინისტროში მივედი. სამინისტროს სათარგმნი ჰქონდა დიდძალი მასალა, რაზეც წინასწარ მოვილაპარაკეთ მე და მასწავლებლების გადამზადების პროგრამის ერთმა თანამშრომელმა. ჩვენი მორიგი სამუშაო შეხვედრაც სწორედ დღეს შედგა. ამ საქმეზე კიდევ ბევრჯერ მომიწევს თბილისში ჩამოსვლა.

ამასობაში, უფროსმაც დამირეკა და გამაფრთხილა, რომ ახალციხეში დაბრუნებისთანავე, ახალქალაქში მომიწევს წასვლა - რაღაც მნიშვნელოვანი საქმეაო. ძალიან ძნელია ამდენი წინ და უკან სიარული. დაღლილობის გამო ადამიანმა ბევრ რამეზე შეიძლება თქვა უარი...

30 ივლისი, შაბათი
მეორე სამუშაო დღე სასტუმრო „ამბასადორში“.
დღეს რატომღაც გამიჭირდა ადგომა და გასასვლელად მომზადება, მეძინება და მოთენთილი ვარ. ცოტას ვნერვიულობ ამ სათარგმნ მასალასთან დაკავშირებით, ბევრი სპეციფიკური ტექნიკური ტერმინია გამოყენებული და შესაბამის ლექსიკონებს ვერ ვპოულობ. მაგრამ გასაკეთებელი საქმე უნდა გაკეთდეს მიუხედავად შენი ნებისა. პირადად მე ბევრი მქონია მსგავსი შემთხვევა, ხშირად გამიკეთებია ის, რის გაკეთებაც არ მინდოდა და ეს ნაბიჯი მხოლოდ იმიტომ მაქვს გადადგმული, რომ საჭიროა!!! ცხოვრება ყოველდღიურად გვიწყობს სიურპრიზებს...უბრალოდ, ადამიანი უნდა იყო იმდენად ძლიერი, რომ გაუძლო ყველაფერს, მომხდარი მიიღო, როგორც რიგითი ცხოვრებისეული გამოცდა და ის ღირსეულად ჩააბარო, იამაყო შედეგით და თავაწეულმა იარო.

მე ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ გადავიტანე. 25 წლის ასაკში დავქვრივდი და ორი შვილით მარტო დავრჩი. ჩემმა მშობლებმა დახმარების ხელი გამომიწოდეს და გვერდში დამიდგნენ, მაგრამ მარტო მათი ძალისხმევა შედეგს ვერ გამოიღებდა, რომ არა ჩემი საკუთარი სურვილი, ძალა, შინაგანი რწმენა, სწორი სტრატეგიის არჩევა...

ჩემი დღიურის ბოლოს ვიტყოდი, რომ ადამიანი უნდა იყოს ოპტიმისტი, უნდა სჯეროდეს საკუთარი ძალების, არ უნდა დაყაროს ფარ-ხმალი და უნდა ცხოვრობდეს ხვალინდელი დღის იმედით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG