Accessibility links

logo-print

რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯი საქართველოსთან მოლაპარაკებების ფონზე


28 ივლისს, როცა ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი მიმდინარეობდა რუსეთსა და საქართველოს შორის, რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთთან საბაჟო ურთიერთობების განმტკიცება გადაწყვიტა. დმიტრი მედვედევის მიერ დუმაში სარატიფიკაციოდ შეტანილი დოკუმენტი თბილისისთვის იმის მანიშნებელია, რომ რუსეთს საქართველოსთან კონსტრუქციული მოლაპარაკება არ სურს. თუმცა მოსკოვი კვლავაც იმედოვნებს, რომ ვმო-ში გაწევრიანების საკითხი 2011 წლის ბოლომდე მისთვის სასიკეთოდ გადაწყდება. რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე პროცესში და როგორია მზადება მე-5 რაუნდისთვის?

რუსეთის პრეზიდენტის ამგვარი ნაბიჯი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ რუსეთს არ სურს ქართულ მხარესთან მოლაპარაკების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვა...
კრემლში არავის განუმარტავს, თუ რატომ გაუგზავნა დმიტრი მედვედევმა დუმას ოკუპირებულ აფხაზეთთან საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმება მაინცდამაინც ახლა, მაშინ როცა ამ შეთანხმებას სოხუმში დაახლოებით ერთი წლის წინ, კერძოდ კი, 2010 წლის 16 ოქტომბერს მოეწერა ხელი.

ის, რასაც მოსკოვი ”საერთაშორისო შეთანხმების” ნაწილად განიხილავს, თბილისისთვის საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპების უხეში დარღვევაა და ეს დარღვევა განსაკუთრებული სიმწვავით აღიქმება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე.

”როდესაც ქართული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას დაიწყოს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემების მოგვარება და ამისათვის ახორციელებს კონკრეტულ ქმედებებს, რუსეთის პრეზიდენტის ამგვარი ნაბიჯი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ რუსეთს არ სურს ქართულ მხარესთან მოლაპარაკების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვა”, - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 29 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, უკვე ჩვენთან საუბრისას, კიდევ ერთ შეფასებას ამატებს და ამბობს, რომ რუსეთმა ამით ”კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი” გადადგა:

”ბუნებრივია, ასეთი ტიპის პროვოკაციული ნაბიჯები არ ეხმარება რუსეთს თავის სწრაფვაში, გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. ”

პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმის პარალელურად, რუსეთი გამოთქვამს იმედს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მისი გაწევრიანების საკითხი წლის ბოლომდე დადებითად გადაწყდება. როგორც 29 ივლისს, შვეიცარიის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის შემდეგ განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა გაზეთ ”კომერსანტთან” საუბრისას, არის პერსპექტივა, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხი გატანილ იქნეს ორგანიზაციის გენერალური საბჭოს სხდომაზე, რომელიც 14-16 დეკემბერს გაიმართება.

მართალია, ვმო-ს კონტექსტში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ლაპარაკობენ მტკიცე მხარდაჭერაზე, რომელიც მათ შეერთებულმა შტატებმა თუ ევროკავშირის ქვეყნებმა გამოუცხადეს, მაგრამ მეთვალყურეებისთვის ფაქტია, რომ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესში არაერთი პრობლემა იჩენს თავს.

თუკი ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების გზაზე საქართველოს ერთადერთ წინაღობად მიიჩნევს, მეორე ნაწილისთვის სავსებით ნათელია, რომ რუსეთმა ვმო-ში გაწევრიანებამდე საერთო ენა ბევრ სხვა ქვეყანასთან უნდა გამონახოს. პრობლემური საკითხების ჩამონათვალშია, მაგალითად: სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი რუსეთში, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ხორცის იმპორტი რუსეთში თუ საინვესტიციო რეჟიმი საავტომობილო მრეწველობაში.

რაც შეეხება საქართველოს, ვმო-ში გასაწევრიანებლად რუსეთისთვის აუცილებელი ხმის მიცემის სანაცვლოდ, საქართველო კვლავაც ითხოვს წლების მანძილზე უცვლელი პირობის დაკმაყოფილებას, რაც ”განთიადი-ადლერისა” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-საკონტროლო პუნქტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს.

საბაჟო კონტროლი რუსეთის საზღვრებზე შეიძლება გამჭვირვალე იყოს და სწორედ ეს გვირჩია შვეიცარიულმა მხარემ. ამ გამჭვირვალობის უზრუნველყოფა შესაძლებელია იმგვარად, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს...
სწორედ ხსენებული სასაზღვრო ობიექტების გამჭვირვალე მუშაობის უზრუნველყოფაზე ილაპარაკა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ივლისს, რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” ეთერში საუბრისას. განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო კონტროლზე მახვილდება:

“ჩვენ ვისურვებდით, რომ, როგორც მინიმუმ, საერთაშორისო საჯარო ორგანიზაციას - თუნდაც ნებისმიერს, და ამ კუთხით დიდი არჩევანია - ეკონტროლებინა საქონლის მოძრაობა საქართველოს იმ საზღვრების გავლით, რომლებიც აღიარებულია ყველა პასუხისმგებლიანი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ეს საზღვრები აღიარებულია, მათ შორის, ყველა ჩვენი მეზობლის მიერ, რუსეთის გარდა, და აღიარებულია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ეს რუსეთისთვის მინიმალური ფასია იმისთვის, რასაც ის ღებულობს.“

როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ამ კომენტარს აკეთებდა, ჯერ კიდევ წინ იყო შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი, რომლის შემდეგაც, - კერძოდ, 12 ივლისს, -ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საზღვრების გაკონტროლება უპრობლემო საკითხად დაასახელა:

"საბაჟო კონტროლი რუსეთის საზღვრებზე შეიძლება გამჭვირვალე იყოს და სწორედ ეს გვირჩია შვეიცარიულმა მხარემ. ამ გამჭვირვალობის უზრუნველყოფა შესაძლებელია იმგვარად, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს.”

სერგეი ლავროვს არაფერი დაუკონკრეტებია და არ უთქვამს, გულისხმობს თუ არა შვეიცარიის მიერ შემუშავებული წინადადებები საბაჟო-საკონტროლო პუნქტების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკონტროლებას და რას ფიქრობს ასეთ პერსპექტივაზე რუსეთის მხარე.

მოლაპარაკებათა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობის გამო, წინადადებათა პროექტის დეტალებს არც ქართული მხარე აკონკრეტებს, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, შეთანხმებას საჭიროებს არაერთი საკითხი და მათ შორის ერთ-ერთ უმთავრეს ადგილს სწორედ საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის საკითხი იკავებს.

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ საქართველოს, როგორც კონსტრუქციული დიალოგისთვის განწყობილ მხარეს, მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულება სურს. თუმცა ამ ეტაპზე პროგნოზი საკმაოდ რთული გასაკეთებელია, რადგანაც ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რეალურად რამდენად სურს რუსეთს ვმო-ში გაწევრიანება და, შესაბამისად, რამდენად არის მზად მოსკოვი გარკვეული კომპრომისებისთვის:

”ვნახოთ, ძალიან ძნელი გამოსაცნობია ახლა, რა მიმართულებით წავა მოლაპარაკებები. ამ წუთში საუბარი მიმდინარეობს და გრძელდება, მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეთანხმებასთან ახლოს ვართ და არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეთანხმებისგან ძალიან შორს ვართ.”

მოლაპარაკებათა ოთხი უშედეგო რაუნდის შემდეგ, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი სექტემბერში გაიმართება. თუმცა მანამდე, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა სერგი კაპანაძემ, ”მხარეთა პოზიციების ტექნიკურ დონეზე დასაახლოებლად საბაჟო ექსპერტები იმუშავებენ.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG