Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2 აგვისტო, 2011


”ორმაგი შეტევა 314-ე მუხლზე” - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს, განმარტებულია, რა განაპირობებს საკონსტიტუციო სასამართლოსა და პარლამენტში ამ მუხლის არაკონსტიტუციურობის ცნობის მიზნით წარმოებულ კამპანიას. ამ მუხლით, როგორც ცნობილია, ფოტორეპორტიორებს წაუყენეს ბრალი. სტატიაში კი ვკითხულობთ: „იურისტები მთავარ სადავო დებულებად მიიჩნევენ კანონში გაწერილ ფრაზას: ” საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვისა ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა.” ანუ საუბარია არა საიდუმლო ინფორმაციაზე, არამედ ”სხვა ინფორმაციაზე”. რა შეიძლება იყოს ეს ”სხვა ინფორმაცია” და კონკრეტულად რას კრძალავს კანონი? იურისტების განცხადებით, არ არსებობს მითითება რაიმე სხვა ნორმატიულ აქტზე, სადაც შეიძლება ამოვიკითხოთ განმარტება იმის თაობაზე, თუ რომელ ”სხვა ინფორმაციაზეა საუბარი”.“

დღესვე ”რეზონანსში” წაიკითხავთ სპეციალურ რეპორტაჟს სოფელ ერგნეთიდან, რომელიც ცხინვალიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში სიმშვიდეა, დაუცველობის შიში და განცდა მოსახლეობას მაინც აქვს. ”ერთი ავტომატიანი რომ შემოვიდეს, ისე წაგვრეკავს, უკან ვერ მოვიხედავთ”, -ამბობს მოხუცი ქალბატონი, რომელიც იქვე დასძენს, რომ სროლის ხმა სოფელში დიდი ხანია აღარ ისმის და ერთადერთი, რამაც ბოლო პერიოდში სოფლის მყუდროება დაარღვია, თვითმფრინავი იყო, რომელიც სოფლის შორიახლოს დაფრინავდა.

”რატომ გაუშვა სააკაშვილმა სამსახურიდან პირადი დაცვის თანამშრომლები?” - ამ კითხვას დღეს გაზეთი ”ალია” სვამს. გაზეთის თანახმად, ეს ეგრეთ წოდებული ”ფოტოჯაშუშების” სკანდალიდან მოკლე დროში მომხდარა, თუმცა სხვა მოვლენებით გადაიფარა და არ გახმაურებულა. სტატიაში აღნიშნულია, რომ დაცვის თანამშრომლების გათავისუფლება ჩვეულებრივ როტაციად მონათლეს, მაგრამ მოტივაცია სხვა იყო: ”როგორც ჩანს, ქვეყნის პირველმა პირმა პირადი დაცვის გარკვეული ნაწილი ”რბილად” ჩამოიშორა. ბოლო დროს სააკაშვილის გარემოცვიდან გამოჟონილმა ინფორმაციამ მასობრივი ხასიათი მიიღო.”

”პარლამენტი მარიხუანას ლეგალიზაციის კანონს იღებს?!” ამ შეკითხვასაც გაზეთი ”ალია” სვამს. კულუარული ინფორმაციით, კანონის გავრცელების არეალი საკურორტო ზონა იქნება. ”როგორც ბათუმიდან ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი გვეუბნება, - წერს გაზეთი, - მარიხუანას მოხმარება ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის, მაგრამ არსებობს მეორე, ასევე კულუარული ინფორმაცია, რომ ეს იქნება მხოლოდ უცხოელი ტურისტებისათვის განკუთვნილი. როგორც გვითხრეს, საკურორტო ადგილებში გაკეთდება სპეციალური კაფეები, სადაც მარიხუანა ოფიციალურად გაიყიდება.”

”რუსებს აფხაზეთი ნაწილ-ნაწილ მიაქვთ”, ანუ რას სთხოვენ სოფელ აიბგას მცხოვრებლები რუსეთის პრეზიდენტს, გაზეთ ”ახალი თაობის” ფურცლებიდან შეიტყობთ. გაზეთის თანახმად, არ არის გამორიცხული რუსეთსა და აფხაზეთს შორის სადავო თემამ, სოფელ აიბგას კუთვნილების საკითხმა, აფხაზეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის დროს იჩინოს თავი, მით უმეტეს, რომ სოფლის მოსახლეობამ რუსეთის პრეზიდენტს წერილობითი თხოვნით მიმართა, აიბგა რუსულ სოფლად დარჩეს.

სოფელ აიბგას საკითხს დღეს გაზეთი ”24 საათიც” ეხმიანება. სტატიაში ” აიბგა - ოკუპაციისა და მეგობრობის საზღვარი” აღნიშნულია, რომ აფხაზეთის სოფელ აიბგას თემა მას შემდეგაა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა რუსეთის გეგმა, რუსეთ-საქართველოს აფხაზეთის მონაკვეთის გასწვრივ მდებარე ტერიტორიის 160 კვადრატული კილომეტრი ფართობი მიისაკუთროს. ”ამ საკითხის განხილვა, - ვკითხულობთ ”24 საათში”, - რამდენიმე თვის წინ მოსკოვში დაიწყო და აფხაზებიც განაწყენდნენ. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, კრემლმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრის დემარკაციის სამთავრობოთშორისი კომისიის მუშაობა შეაჩერა.” გაზეთ „24 საათის“ თანახმად, ამის მიუხედავად, სოფელ აიბგას ირგვლივ სიტუაცია კვლავ დაძაბულია.
XS
SM
MD
LG