Accessibility links

ადვოკატებმა ევროკავშირის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ევროკავშირისგან ითხოვენ, აიღოს ვალდებულება უზრუნველყოს ევროკონვენციის მე-6 მუხლის ფუნქციონირება - გარანტირებული დაცვის უფლება. ადვოკატთა განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ადვოკატთა კორპუსზე პერმანენტული შეტევა მიმდინარეობს და მათ არ ეძლევათ პროფესიული საქმიანობის წარმართვის საშუალება. საპირისპირო აზრი აქვთ აღნიშნულის თაობაზე მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებს. სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და ადვოკატებისათვის ხელის შემშლელ გარემოზე მიუთითებდა თავის ანგარიშში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგიც.
ჩვენი მიზანია ევროკავშირმა გაუწიოს დახმარება ადვოკატებს, რომ მათ მიმართ შეწყდეს რეპრესიები...

ოცამდე ადვოკატი ევროკავშირის ოფისთან, ჩხეიძის ქუჩაზე, დღის 12 საათისათვის შეიკრიბა. მათ ხელებზე პლასტმასის ბორკილები ადევთ, თეთრი მაისურები აცვიათ, ზედ კი წითელი ასოებით ინგლისურად აწერიათ: ”Protect Lawyers From the Regime of Saakashvili”, ანუ ”დაიცავით ადვოკატები სააკაშვილის რეჟიმისაგან”. ისინი ცდილობენ ხმა მიაწვდინონ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს - ფილიპ დიმიტროვს.

ეკა ბესელია, ადვოკატი და ხელმძღვანელი მოძრაობისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, ევროკავშირის ოფისის დაცვის სამსახურის თანამშრომელს ადვოკატების შეკრების მიზანს უხსნის:

”ელჩთან გვინდა შეხვედრა. ჩვენი მიზანია ევროკავშირმა გაუწიოს დახმარება ადვოკატებს, რომ მათ მიმართ შეწყდეს რეპრესიები. სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით გვინდა ელჩთან გასაუბრება და როდესაც ის ადგილზე იქნება, იქნებ მოხერხდეს მასთან შეხვედრა.”
ადვოკატი იქცა ფორმალურ მხარედ, რომლის აზრს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და, უფრო მეტიც, ის არის ხელებშეკრული, მტკიცებულებების მოპოვების თვალსაზრისითაც...

”თუკი ჩვენ ვერ დავიცავით საკუთარი თავი, მაშინ სხვებსაც ვერ დავიცავთ”, - ასე დაიწყო აქცია ”ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა და მედიას თანადგომისაკენ მოუწოდა. აქციის გამართვის მიზეზი კი 28 ივლისს ბათუმში დაკავებული ადვოკატის - რამინ პაპიძის - ინციდენტი გახდა. შეგახსენებთ, რომ, უზენაესი სასამართლოს ოფიციალური განცხადების თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ადვოკატ რამინ პაპიძეს 10 დღის ვადით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლის მიმართ აშკარად გამოხატული უპატივცემულობის, სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს ფოიეში მანდატურის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. ამ ინციდენტთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული აზრი აქვთ ევროკავშირის ოფისთან შეკრებილ ადვოკატებს. ისინი იმასაც ამბობენ, რომ ბოლო ხანებში ხელისუფლება პერმანენტულად უტევს ადვოკატთა კორპუსს.

”ადვოკატ რამინ პაპიძეს თავს დაესხა მანდატური და იმის მაგივრად, რომ მანდატური დაეკავებინათ, პირიქით მოხდა. ასევე უკანონოდ დააკავეს ჩვენი კოლეგა თამილა ქუთათელაძე. უკანონოდ დაადეს ბორკილები ნაირა ოტიაშვილს, რომელსაც დააბრალეს აღსრულების პროცესისათვის ხელის შეშლა. ანუ მიმდინარეობს ადვოკატთა კორპუსზე ზეწოლა და სააკაშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა გაანადგუროს დაცვის ინსტიტუტი. ჩვენ ვიწყებთ საპროტესტო აქციებს და არ გავჩერდებით, სანამ ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები არ მოგვაქცევენ ყურადღებას, რათა შეწყდეს ადვოკატთა კორპუსის დევნა”, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზაზა ხატიაშვილი.

კოლეგების საქმიანობისათვის ხელის შეშლას აპროტესტებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილიც. ის რადიო თავისუფლებას კომენტარს "ხელებშეკრული" აძლევს:
გელა ნიკოლაიშვილი

”ის, რაც დღეს სასამართლოში, მართლმსაჯულებისა და საერთოდ სამართალწარმოების სისტემაში ხდება, არის გაუგონარი რამ დიქტატორული რეჟიმებისთვისაც კი. ადვოკატი იქცა ფორმალურ მხარედ, რომლის აზრს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და, უფრო მეტიც, ის არის ხელებშეკრული, მტკიცებულებების მოპოვების თვალსაზრისითაც.”

სხვათა შორის, გელა ნიკოლაიშვილის აღნიშნული კომენტარი, - განსაკუთრებით კი ბოლო ნაწილი, - მაგალითად, გიორგი შავლიაშვილს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომ მოესმინა, მას არაფრით არ დაეთანხმებოდა, რადგან სწორედ რამდენიმე დღის წინ გამართულ ფორუმზე, რომელიც სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმასა და სასამართლო გამჭვირვალობას მიეძღვნა, ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნებოდა, რომ ამ მხრივ პროგრესი დიდია და სასამართლო რეფორმა წარმატებით ხორციელდება.
სასამართლოს გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა არის სასამართლო სისტემის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ხდება ყველა გადაწყვეტილების ელექტრონული დამუშავება...

”სასამართლოს გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა არის სასამართლო სისტემის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ხდება ყველა გადაწყვეტილების ელექტრონული დამუშავება. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მოიძიოს კონკრეტული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ის მიიღებს დაშტრიხული ფორმით, ანუ იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდა მიეწოდოს, კანონის თანახმად, ინფორმაცია დაინტერესებულ პიროვნებას. შექმნილია მოცულობითი საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამა, რომლის შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ონ-ლაინ რეჟიმში ექნება აღნიშნულ სისტემაში შესვლისა და ინფორმაციის მიღების უფლება. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომლის გაცემაც ნებადართულია”, - ამბობს გიორგი შავლიაშვილი.

სათქმელია ისიც, რომ ივლისის დასაწყისში გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის სასამართლო სისტემისადმი მიძღვნილი ანგარიში, სადაც გარდა სხვა არაერთი კრიტიკული შენიშვნისა, ნათქვამია, რომ, მისი ცნობით, ადვოკატებს ხელი ეშლებათ პროფესიული მოვალეობის თავისუფლად შესრულებაში და რომ რიგ შემთხვევაში გამოყენებული იყო მათი დაშინების, არამართლზომიერი დევნის და ზეწოლის სხვა ფორმები, რაც სერიოზულად აფერხებს დაცვის უფლების განხორციელებას და ხელს უშლის ადვოკატებს ეფექტიანად ემსახურონ მართლმსაჯულებას.
XS
SM
MD
LG