Accessibility links

logo-print
ზუგდიდში დევნილთა გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, მათ საცხოვრებელ ფართს ფოთის რაიონში - მალთაყვაში - სთავაზობენ, თუმცა ზუგდიდში, ერთ-ერთი კომპაქტური ჩასახლების ადგილას მცხოვრები 40-მდე დევნილი ოჯახი ამ ეტაპზე შეთავაზებაზე უარს აცხადებს. დღესვე რამდენიმე ორგანიზაციამ საქართველოში გაეროს ოფისის წინ აქცია გამართა, სახელწოდებით ”მეც დევნილი ვარ”. დევნილების ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის შესახებ მორიგი რეკომენდაციით კი, სახალხო დამცველმა დღესვე მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს.

ზუგდიდში, შალვა დადიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში კომპაქტურად მცხოვრები დევნილები ფართის დატოვებასა და მალთაყვაში გადასვლაზე იმ მოტივით აცხადებენ უარს, რომ შემოსავლის გარეშე დარჩებიან. დევნილების განცხადებით, ამჟამად თხილის აღების სეზონი იწყება, საიდანაც ისინი შემოსავალს ელიან:
ახლა აქ თხილის სეზონია და 2 თვე რომ იქ გავჩერდეთ, ყველაფერს დავკარგავთ...

”მოგვცენ 15 დღე და გადავალთ, გადავიტანთ ბარგს, ოთახები არ დაგვილუქონ. ეს ჩვენ არ ვიცოდით. ერთი 10 დღით ადრე ხომ უნდა გვცოდნოდა, ხალხნო, ამოიღეთ ხმა!”

”გუშინ მოვიდნენ და გვითხრეს, უნდა გადახვიდეთ ფოთშიო და 2 თვე უნდა გაჩერდეთ იქო, ყოველღამე მოვა კომისია და შეგამოწმებთო, თუ არ დახვდებითო, გაგასახლებენ ისევო. 2 თვის მერე კი შეგიძლია იარო იქეთ და აქეთ.”

”ახლა აქ თხილის სეზონია და 2 თვე რომ იქ გავჩერდეთ, ყველაფერს დავკარგავთ.”

დევნილების ინფორმაციით, მათ მალთაყვაში შეთავაზებულ საცხოვრებელ ფართში მომდევნო 2 თვე აუცილებლად უნდა იცხოვრონ, რათა მათ ეს ფართი მოგვიანებით არ ჩამოერთვათ, შეთავაზებაზე უარის თქმის მოტივით.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო კომენტარს არც ამ თემაზე აკეთებს და არც საქართველოს სახალხო დამცველის იმ რეკომენდაციაზე, რომელიც ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა მინისტრის, კობა სუბელიანის სახელზე გაგზავნა. რეკომენდაციაში სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს ურჩევს შეისწავლოს ის ობიექტები, რომლებიც დევნილებს გადაეცემათ ან ამჟამადაა მათ საკუთრებაში, ან იგეგმება დევნილებისთვის გადაცემა.
უმძიმეს მდგომარეობაში არსებული შენობებიდან უნდა მოხდეს დევნილთა სასწრაფო გასახლება, ვინაიდან იქ ცხოვრება შეუძლებელია...

სახალხო დამცველის რეკომენდაციაში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად მიღებული სურათის მიხედვით, 13 ობიექტია ჩამოთვლილი, სადაც უმძიმესი მდგომარეობაა. საქმე ეხება იმ ობიექტებს, სადაც ამჟამად დევნილები ცხოვრობენ. მათი ნაწილი დევნილთა საკუთრებაშია გადაცემული. ასეთია თბილისში ბაგების სტუდქალაქის მე-4 და მე-5 კორპუსებიც.

ომბუდსმენის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოფო ბენაშვილი ამბობს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში სახალხო დამცველის მიერ რამდენიმე რეკომენდაცია დაიწერა, თუმცა დევნილთა სამინისტროსგან რეაგირება არც ერთს არ მოჰყოლია - უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგი ადასტურებს, რომ არც ერთ კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტზე მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. სოფო ბენაშვილის განმარტებით, სტრატეგიაში, რომლითაც სამინისტრო ხელმძღვანელობს, პირდაპირ წერია, რომ უნდა განხორციელდეს დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილების რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა, თუმცა არსებული მდგომარეობა ამ ობიექტებზე უმძიმესია.
სოფო ბენაშვილი

”ტურბაზა „რიონი“, სურამში სანატორიუმი ”ფოლადი” და სხვა რამდენიმე ობიექტი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათი რეაბილიტაციაც კი შეუძლებელია. ამიტომ რეკომენდაცია იყო ასეთი, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შენობებიდან უნდა მოხდეს დევნილთა სასწრაფო გასახლება, ვინაიდან იქ ცხოვრება შეუძლებელია, ხოლო სხვა შენობების სასწრაფო რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ იგეგმება იქ დევნილების დატოვება ”, - ამბობს სოფო ბენაშვილი.

დევნილების ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მოთხოვნა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და პოლიტიკურ პარტიასაც აქვს. ცოტა ხნის წინ, თბილისში დევნილთა გამოსახლების მორიგი ეტაპის შემდეგ, 2 აქცია გაიმართა, სახელწოდებით ”მეც დევნილი ვარ”. დღეს ამავე სახელწოდების აქცია საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის შენობასთან მიმდინარეობდა. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თანათავმჯდომარე ირაკლი ციკოლიამ აქციის დაწყებამდე რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ აქციის მიზანია საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიპყრობა დევნილთა საკითხებისადმი, რათა ამ ორგანიზაციების რეაგირება უფრო მკვეთრი გახდეს:

ის, რაც ხდება, არის ადამიანის უფლებების დარღვევა და ამაზე ევროკავშირმაც და გაერომაც ხმა უნდა ამოიღოს, იმიტომ რომ ევროკავშირი აფინანსებს დევნილების განსახლების პროექტს.”

ირაკლი ციკოლიასვე განცხადებით, აქციები სახელწოდებით ”მეც დევნილი ვარ” გაგრძელდება და მორიგი აქცია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთანაც გაიმართება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG