Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

314-ე (ჯაშუშობის) მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა


2 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი, რომლითაც გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე და ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლს ასაჩივრებენ, როგორც კონსტიტუციასთან შეუსაბამოს, და მის შეცვლას მოითხოვენ.

მოსარჩლეების განცხადებით, 314-ე მუხლი, რომლითაც ცოტა ხნის წინ ფოტორეპორტიორები გაასამართლეს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს (არავინ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა), ასევე, კონსტიტუციის 24-ე მუხლს (ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლს, რომელიც ხელისუფლებას ავალდებულებს კანონი მაქსიმალურად ზუსტი და მკაფიო იყოს.
თქვენ შეიძლება ვინმეს მიაწოდოთ რაიმე ღია ინფორმაცია, რომელსაც არანაირი საიდუმლო გრიფი არ ადევს და დაგდონ ბრალი იმაში, რომ ამით საქართველოს ინტერესებს მიაყენეთ ზიანი...

ფოტორეპორტიორების საქმე რომ არა, სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის შესახებ მსჯელობა შესაძლოა არც დაწყებულიყო. სწორედ 2011 წლის ივლისში დაფიქრდა საზოგადოება პირველად და, რაც მთავარია, ღიად, რა საფრთხეებს შეიცავდა ზემოხსენებული მუხლი და პირველად გაუჩნდა ამ საფრთხის განცდა მედიას. შეფასებებიც მისი შინაარსის გაანალიზებას მოჰყვა და მალევე გამოიკვეთა, რომ ამ მუხლის ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონტიტუციას, ექსპერტთა შეფასებით კი, სასჯელი, რომელსაც ეს მუხლი ითვალისწინებს, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს: სასჯელის ზომა ძალიან მაღალია, - მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც გაზეთ ”რეზონანსის” მთავარ რედაქტორ ლაშა ტუღუშსა და ადვოკატ ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად ხელს აწერს სარჩელს, რომლითაც ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს ამ მუხლის შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ.

“314-ე მუხლში დანაშაულის ფორმულირება ორი ნაწილისაგან შედგება - ერთი ეხება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალის მიწოდებას უცხოური ორგანიზაციისათვის და მეორე ნაწილი შეეხება სხვა ინფორმაციის მიწოდებას უცხოეთის დაზვერვის ან სხვა ორგანიზაციისთვის საქართველოს ინტერესების საზიანოდ. თქვენ შეიძლება ვინმეს მიაწოდოთ რაიმე ღია ინფორმაცია, რომელსაც არანაირი საიდუმლო გრიფი არ ადევს და დაგდონ ბრალი იმაში, რომ ამით საქართველოს ინტერესებს მიაყენეთ ზიანი, და საქმეც 314-ე მუხლით აღიძვრება.”

კიდევ ერთხელ ჩავხედოთ სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლს, რომელშიც ვკითხულობთ:

1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა, ანდა გამოძალვა, ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

2. ჯაშუშობა, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან რამაც საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.
შესაძლოა ადამიანმა ჩაიდინოს კონკრეტული ქმედება, თუმცა არა წინასწარი შეცნობით, და მას არც კი ჰქონდეს გააზრებული, რომ დანაშაული ჩაიდინა...

ახლა გავარკვიოთ, რა წერია საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელში:

”სარჩელში გვიწერია, რომ მეორე ნაწილი, ანუ ”აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება” - აი, ეს ფრაზა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მოვითხოვთ მის გაუქმებას. ჩვენი სარჩელის მეორე ნაწილი კი სასჯელის ზომის გაუქმებას მოითხოვს, რადგან მიგვაჩნია, რომ სასჯელის ეს ზომაც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.”

თავისი კონსტიტუციური უფლება - საკანონმდებლო წინადადებით მიემართა პარლამენტისათვის - გამოიყენა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმაც, რომელმაც პარლამენტს ასევე მოსთხოვა 314–ე მუხლის პირველი ნაწილის იმგვარი ფორმულირება, რომ გამოირიცხოს ნორმის კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტების შესაძლებლობა.

”კანონის მუხლი უნდა იყოს განჭვრეტადი, მკაფიო და ნებისმიერ ადამიანს აძლევდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის დანაშაული შეიძლება რეალურად დადგეს, თუ დაირღვევა 314-ე მუხლის მოთხოვნა. ჩვენ ვაწყდებით ამ მუხლში ისეთ დებულებებს, როგორიცაა ”სხვა ინფორმაცია”, ”სხვა ორგანიზაცია”, ანუ შესაძლოა ადამიანმა ჩაიდინოს კონკრეტული ქმედება, თუმცა არა წინასწარი შეცნობით და მას არც კი ჰქონდეს გააზრებული, რომ დანაშაული ჩაიდინა.”
ეს არის საბჭოური ტრადიციების მიხედვით შექმნილი მუხლი, რომელიც ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა...

2011 წლის ივლისამდე, ანუ ფოტორეპორტიორების დაკავებამდე, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოში რამდენიმე ადამიანი გაასამართლეს, მათ შორის: სახელმწიფო ჩინოვნიკი სიმონ კილაძე, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია და გახმაურებული სპეცოპერაციის, ”ენვერის” დროს დაკავებული 13 ადამიანი. რატომ მაშინ ვერ შენიშნა ვერავინ 314-ე მუხლის ბუნდოვანება? ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ერთი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ კანონის ეს ნორმა, თუ არ ჩავთვლით ზემოთ ნახსენებ შემთხვევებს, საქართველოში პრაქტიკულად არ გამოყენებულა, და მეორე ფაქტორი შესაძლოა იყოს ის, რომ ამ ბრალდებით ჟურნალისტები დააკავეს, რამაც გააჩინა სწორედ ეჭვი: რა საიდუმლო ინფორმაცია შეიძლებოდა მათ ჰქონოდათ?

ლაშა ტუღუში ამბობს, რომ აღნიშნული მუხლი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ ყველას, ვისაც საქმე აქვს ინფორმაციის მოპოვებასა და გაცემასთან:
ლაშა ტუღუში

”ეს არის საბჭოური ტრადიციების მიხედვით შექმნილი მუხლი, რომელიც ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ჩვენ დავინახეთ, რომ შესაძლოა დაკავებულები აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც არანაირი კავშირი არა აქვთ ჯაშუშობასთან, მაგრამ სწორედ ამ მუხლის ინტერპრეტაციით ისინი სწორედ ჯაშუშობაში დაადანაშაულონ.“

საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი კახა ანჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ამ საკითხზე კომიტეტს ჯერ არ უმსჯელია და ერთიანი პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს. მას უჭირს პირადი მოსაზრების გამოთქმაც, რადგან არ იცნობს არგუმენტებს, რომლებიც სარჩელში დევს. რაც შეეხება პარლამენტის მზაობას იმსჯელოს კანონის კონკრეტული მუხლის ნაკლოვანებებზე, კახა ანჯაფარიძე ამბობს, რომ იურიდიული კომიტეტი დისკუსიისათვის მზადაა და რომ მათი ინტერესია კანონის ყველა ნორმა იყოს სრული და არ არღვევდეს ადამიანის უფლებებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG