Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო რესპუბლიკა სამართლებრივ-პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა


ედუარდ კოკოითი
ედუარდ კოკოითი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვერც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამტკიცებენ და ვერც არჩევნების თარიღს ნიშნავენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კი უფლებამოსილების ვადა ამ თვის ბოლოს ეწურება. კომისია დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, მაგრამ დეპუტატები სხდომებზე არ დადიან. კვორუმის არარსებობის გამო საკითხი ღიად რჩება. პარლამენტში მისვლაზე „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები უარს აცხადებენ, ამ პარტიაში კოკოითის მხარდამჭერები შედიან.

შეთქმულება საპრეზიდენტო არჩევნების ჩასაშლელად - ასეთი შეფასება მისცა დეპუტატების ქმედებას დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა სტანისლავ კოჩიევმა. ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ კომისიის გარეშე არჩევნების ჩატარება შეუძლებელი იქნება, კომისია კი კენჭისყრამდე 70 დღით ადრე უკვე ცნობილი უნდა იყოს. არჩევნების გადადების შემთხვევაში კი დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუცია დაირღვევა. კოჩიევის აზრით, ის დეპუტატები, რომლებიც კრიზისს ხელოვნურად ქმნიან, ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ.

სამართლებრივ-პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლად კოჩიევს დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრა მიაჩნია, რადგან სწორედ კოკოითის მომხრეები ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს. ცოტა ხნის წინ კოკოითის მომხრე ძალოვანები და დეპუტატები სწორედ პარლამენტისგან მოითხოვდნენ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ერთი და იმავე პირისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრის უფლების მოსაპოვებლად, მაგრამ დეპუტატების აზრი გაიყო და კოკოითის მომხრეებმა ეს საკითხი ვერ გაიტანეს, ახლა კი კანონმდებლობაში არსებული ხვრელები გამოიყენეს და ხელოვნური ბარიერები შექმნეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობით, საარჩევნო კომისიის 7 წევრს პარლამენტი ამტკიცებს, 7 წევრს და თავმჯდომარეს კი პრეზიდენტი ნიშნავს. თუ ახალი კომისია უახლოეს ხანებში არ დამტკიცდა, ნოემბერში არჩევნების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რაც უკვე პოლიტიკურ კრიზისს შექმნის.

ოპოზიციური პარტიის - „სამშობლოს“ (ფედებასტას) - ლიდერი ვიაჩესლავ გობოზოვი ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა დაპირისპირება არჩევნების წინ რესპუბლიკას კარგს არაფერს მოუტანს. მისი აზრით, გარკვეული ძალები ვითარებას ხელოვნურად ძაბავენ.

როგორ მოაგვარებენ სამართლებრივ პრობლემებს დე ფაქტო რესპუბლიკაში, ამის პროგნოზირება ძნელია. კანონმდებლობისა და კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბერს უნდა დაინიშნოს, მაგრამ ჯერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირება არ მომხდარა.

კოკოითის მომხრე ძალოვანები და დეპუტატები მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარ ლიდერს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნა გაუხანგრძლივონ, მაგრამ არჩევნების გადადების შემთხვევაში ოპოზიცია კოკოითის არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში ყველაფერი კრემლის სცენარით მიმდინარეობს და მოვლენები იქ ისე განვითარდება, როგორც ამას მოსკოვში გადაწყვეტენ.
XS
SM
MD
LG