Accessibility links

logo-print
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ჯერი აშშ-ის სენატზეა, რომელმაც კენჭი უნდა უყაროს დეფოლტის თავიდან აცილებისათვის საჭირო შეთანხებას. დოკუმენტი ნებას აძლევს მთავრობას გაზარდოს დავალიანების ლიმიტის ზღვარი 2.4 ტრილიონი დოლარით, თუმცა თითქმის იმდენივეთი უნდა შეამციროს ხარჯები 10 წლის განმავლობაში.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩვენ ვდგამდეთ საუკეთესო ნაბიჯს იმ საკანონმდებლო აქტით, რომელიც დღეს ჩვენ წინაშეა წარმოდგენილი...

აშშ-ის სენატში საბიუჯეტო შეთანხმების შესახებ კენჭისყრა სამშაბათს ღამით იგეგმება, როდესაც ევროპაში დილის 6 საათი იქნება. წინა დღით კი ქვეყნის ისტორიაში პირველი დეფოლტის თავიდან აცილების გეგმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დიდი უმრავლესობით მიიღო. შეთანხმების მიღებას 216 ხმა სჭირდებოდა, მაშინ როცა კენჭისყრაზე 269 მომხრე დაფიქსირდა. შეთანხმების მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით, ორად გაიყვნენ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მომხრე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები - როგორც 1 აგვისტოს განაცხადა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატთა ლიდერმა ნენსი პელოსმა, ის არ არის „მოხიბლული“ ასეთი შეთანხმებით, რომელსაც ხმას მისცემს მხოლოდ იმისათვის, რომ ქვეყანას თავიდან ააცილოს შესაძლო დეფოლტის საფრთხე:

„ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩვენ ვდგამდეთ საუკეთესო ნაბიჯს იმ საკანონმდებლო აქტით, რომელიც დღეს ჩვენ წინაშეა წარმოდგენილი. მე არ ვარ ამით გახარებული, მაგრამ ვამაყობ დოკუმენტის ზოგიერთი ღირსებით, რის გამოც ხმას ვაძლევ მას.“
გაბრიელ გიფორდსი

აღსანიშნავია, რომ დეფოლტის საწინააღმდეგო შეთანხმების კენჭისყრაზე კონგრესის შენობაში პირველ აგვისტოს, დიდი ხნის იძულებითი შესვენების შემდეგ, პირველად გამოჩნდა დემოკრატი კონგრესმენი გაბრიელ გიფორდსი, რომელსაც კოლეგები აპლოდისმენტებით შეხვდენენ. კონგრესმენი ქალი იანვარში არიზონაში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს თავის არეში მძიმედ დაჭრეს. გიფორდსი მარცხენა ხელის აწევით მიესალმა კოლეგა კანონმდებლებს, რომლებმაც ორშაბათს ქვეყნისათვის სასიცოცხლო შეთანხმება მიიღეს. როგორც ზემოთ ითქვა, ახლა ჯერი ამერიკელ სენატორებზეა, რომლებმაც დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ 3 აგვისტოს.

ეს არის ბოლო ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ს დეფოლტის გამოცხადება მოუწევს. ეს კი კატასტროფულ ეკონომიკურ რყევებს გამოიწვევს აშშ-სა და მსოფლიოში, რომელიც ბოლომდე ჯერაც ვერ მოსულა გონს ორი წლის წინანდელი გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ. აშშ-ის სენატში, სადაც დემოკრატები დომინირებენ, შეთანხმებას საჭირო 60 ხმის მიღება გარანტირებული აქვს. თუმცა საბიუჯეტო ცვლილების შეთანხმება შეიცავს წინადადების პაკეტს, რომლის მიმართ რესპუბლიკელთა და დემოკრატთა ბანაკში აზრთა სხვადასხვაობაა. როგორც ზემოთ ითქვა, შეთანხმება უფლებას აძლევს მთავრობას ვალი 14,3 ტრილიონ დოლარამდე გაზარდოს, რითაც ქვეყანა დეფოლტს აიცილებს თავიდან. თუმცა მიღწეული კომპრომისი ითვალისწინებს აშშ-ის საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას, რაც მომავალი ათი წლის მანძილზე 2,5 ტრილიონი დოლარით შეამცირებს დეფიციტს - თანაც ისე, რომ გარკვეული კატეგორიის გადასახადები არ გაიზრდება, რაზეც დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
XS
SM
MD
LG