Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო საზოგადოება მსჯელობს, სირიის ძალები კი უტევენ


სირია
სირია
მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდებისა, რომ შეწყვიტონ ძალადობა, სირიის უსაფრთხოების ძალებმა დღეს ქალაქ ჰამას მიმართულებით წინ წაიწიეს, ორშაბათს კი, ანტისამთავრობო დემონსტრაციის დარბევის შედეგად, სირიაში 24 კაცი დაიღუპა.

სირიიდან მოსული ინფორმაციით, სამთავრობო ჯარები უკვე მიუახლოვდნენ ქალაქ ჰამას, რათა ჩაახშონ ანტისამთავრობო გამოსვლები. სირიის ხელისუფლება, ჩანს, აინუნშიაც არ აგდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც ამაოდ მოუწოდებს დამასკოს, შეწყვიტოს ძალადობა და თავიდან აიცილოს სისხლისღვრა. ორშაბათს, როდესაც მუსლიმანურმა სამყარომ წმინდა რამადანის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო, ანტისამთავრობო დემონსტრაციის დარბევის შედეგად სირიაში 24 კაცი დაიღუპა, რის თაობაზეც გაერო დახურული შეხვედრის გამართვას აპირებს. ევროკავშირმა კი, თავის მხრივ, კიდევ რამდენიმე სირიელი მოხელის - მათ შორის, თავდაცვის მინისტრ ალი ჰაბიბის - გვარი დაამატა „შავ სიას“, რომელში შეტანილ პირებსაც ეყინებათ ანგარიშები და ეკრძალებათ ევროპის ზონაში შესვლა.
სირიელი ხალხი განსხვავებულ და რეფორმირებულ მთავრობას და მმართველობას ესწრაფვის...

აშშ-ის უმაღლესი რანგის სამხედრო პირმა, ადმირალმა მაიკ მალენმა დღეს ერაყიდან მოუწოდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს, ბოლო მოუღოს ძალადობას და ყური დაუგდოს სირიელი ხალხის მოთხოვნებს:

„სირიელი ხალხი განსხვავებულ და რეფორმირებულ მთავრობას და მმართველობას ესწრაფვის. ბევრი, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მოუწოდებს პრეზიდენტ ბაშარ ასადს და მის მმართველ გუნდს, განახორციელონ ეს ცვლილებები და ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ ძალადობა დაუყოვნებლივ შეწყდება და რომ დაიწყება ასეთი ცვლილების განხორციელება.“

მალენმა, რომელიც ერაყიდან გამოეხმაურა სირიაში მიმდინარე ძალადობას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიაში აშშ-ის სამხედრო ინტერვენციის არანაირი გეგმა არ არსებობს. ამასთან, სამხედრო ინტერვენციის გეგმას გამორიცხავს ბრიტანეთი, თუმცა „ყველას - მათ შორის, თურქეთსა და არაბულ ქვეყნებს - უფრო მძლავრი საერთაშორისო ზეწოლისკენ მოუწოდებს. ზეწოლაზე არ საუბრობს, მაგრამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ორშაბათს განაცხადა, რომ „შეძრულია“ სირიაში მომხდარი ძალადობით:
ჩვენ ღრმად ვართ შეძრული და შეშფოთებული ჰამასა და სირიის სხვა ქალაქებში მიმდინარე ოპერაციებით...

„ჩვენ ღრმად ვართ შეძრული და შეშფოთებული ჰამასა და სირიის სხვა ქალაქებში მიმდინარე ოპერაციებით. ოპერაციების მეთოდი და დრო სრულიად მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მათ.“

სირიის სამთავრობო ჯარებმა ორშაბათს ზედიზედ მეორედ დაუშინეს ჭურვები ქალაქ ჰამას, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ოცდაოთხი ადამიანი დაიღუპა. გასული კვირის მიწურულს კი სირიის რამდენიმე ქალაქში, აქტივისტების ინფორმაციით, 140-მდე ადამიანი იქნა მოკლული. ამ სისხლისღვრასთან დაკავშირებით გერმანია მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ძალადობის დამგმობ რეზოლუციაზე მოსალაპარაკებლად. მაგრამ რუსეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი და ბრაზილია, რომლებიც უკმაყოფილო არიან ნატოს მიერ ლიბიაზე განხორციელებული საავიაციო იერიშებით, სირიის რეჟიმის დამგმობი განცხადების მხარდაჭერაზეც კი უარს ამბობენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG