Accessibility links

შეერთებულმა შტატებმა თავიდან აიცილა დეფოლტის საფრთხე


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს თავისი ხელმოწერით კანონად აქცია კანონპროექტი, რომელიც ზრდის სახელმწიფო სესხის ოდენობაზე დაწესებულ ლიმიტს და, შესაბამისად, არ უშვებს შეერთებული შტატების ისტორიაში პირველ დეფოლტს, ანუ უარს საფინანსო ვალდებულებების შესრულებაზე. ობამამ კანონპროექტს ხელი მოაწერა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც კანონპროექტს მხარი დაუჭირეს სენატში გამართულ კენჭისყრაზე და ამით მიემხრნენ რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ლიდერების მიერ მიღწეულ კომპრომის. ობამას განცხადებით, „კომპრომისი იძლევა გარანტიას, რომ დეფიციტი შემცირდება ორ ტრილიონ დოლარზე მეტით. ეს არის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვიცხოვროთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“. სენატში გამართული კენჭისყრის დროს 74 კანონმდებელი მიემხრო დეფოლტის ასაცილებელ კანონპროექტს, წინააღმდეგი იყო 26 სენატორი. ორშაბათს კენჭისყრა გაიმართა წარმომადგენელთა პალატაში, სადაც კანონპროექტს 269 მომხრე და 161 მოწინააღმდეგე ჰყავდა. დღეს დამტკიცებული კანონით, შეერთებული შტატების სახელმწიფო სესხის ოდენობაზე დაწესებული ლიმიტი, 14,3 ტრილიონი დოლარი გაიზრდება 2,4 ტრილიონი დოლარით, ამასთან დაგეგმილია 2,1 ტრილიონი დოლარის დაზოგვა მომდევნო 10 წლის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG