Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 3 აგვისტო, 2011

  • ნიკო ნერგაძე

ქართული პრესის დიდი ნაწილი დღეს, ისევე როგორც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობს სატელევიზიო ანძის გასხვისებას. ”ყველა სიახლე” ბეჭდავს ინტერვიუს ექსპერტ რამაზ საყვარელიძესთან, რომელიც ამბობს: „როგორც ჩანს, ხელისუფლებას აქვს არცთუ ნათელი განზრახვა ამ ტელეანძის მიმართ. პროცესი, სავარაუდოდ, ისე წარიმართება, რომ ეს ტელეანძა იქნება ჩამხშობი ანძაო”. შემდეგ ის განაგრძობს: ”არ მგონია, ამან საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვიოს, რადგან, სამწუხაროდ, საზოგადოების უდიდეს ნაწილს გაუჭირდება იმის დანახვა, რა კავშირია ანძის გასხვისებასა და მის პირად თავისუფლებას შორისო.”

”რეზონანსი” უბრუნდება მსჯელობას სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის საერთოდ მიზანშეწონილობის შესახებ. გაზეთი წერს, ამ ნორმის მიხედვით, დანაშაულად არის გამოცხადებული უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხო ქვეყნის სხვა ორგანიზაციისთვის საქართველოს ინტერესებისთვის საზიანო სხვა ინფორმაციის გადაცემა. კოდექსში არ არის განმარტებული, რას გულისხმობს "სხვა ინფორმაცია" ან "საზიანო ინფორმაცია". შესაბამისად, შესაძლებელია პირი ქვეყანაში სავსებით ლეგალურად აკრედიტებულ უცხოურ ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო დასაჯონო. „რეზონანსის“ ცნობით, სწორედ ამ ნორმის შესაცვლელად შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ და მედიასამართლის ექსპერტმა სანდრო ბარამიძემ.

”ახალი თაობა” უბრუნდება განხილვას გადაწყვეტილებისა, რომელიც წმინდა სინოდმა მიიღო ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის გაჩენილი განხეთქილების შემდეგ. გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს მამუკა გიორგაძესთან, რომელიც ამბობს, განცდა მართლაც იყო, რომ ჩანაწერი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყოო, თუმცა იქვე დასძენს, ხალხის შეკრება და საპროტესტო აქციების გამართვა სინოდის საქმეაო. მამუკა გიორგაძე სინოდის გადაწყვეტლების ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას: რატომღაც არავინ მიაქცია ყურადღება და ხელისუფლებამაც შეგნებულად მოახდინა იგნორირება განჩინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტისა, რომელიც შეეხება საქართველოს ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს გაუქმებისა და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ განხორციელებული რელიგიური პოლიტიკისა და სხვა ქმედებების უკანონოდ აღიარებას. ანუ ეკლესიამ წინადადებით მიმართ საქართველოს ხელისუფლებას, რომ 1801 წლის შემდგომი 200-წლიანი რუსული ბატონობის პერიოდი უკანონოდ იქნეს აღიარებულიო. მამუკა გიორგაძე დასძენს: სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სულ იყო მინიშნება საქართველოს ეკლესიის ე.წ. პრორუსულობასა და რუსეთის ეკლესიისადმი მის თბილ დამოკიდებულებაზე. არადა, მეტი რა ხელი უნდა გაუწოდოს ეკლესიამ ხელისუფლებას, თუ ის დეკოლონიზაციისა და იმ ნაღმების გაუვნებლობისთვის იბრძვის, რომელიც სოვეტიზაციის შედეგად მივიღეთო.
XS
SM
MD
LG