Accessibility links

გასამხედროებული რუსული არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე


რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე ემზადება სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩასატარებლად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკვე ცნობილია, რომ დეკემბრისთვის დაგეგმილ საარჩევნო პროცესებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროები უხელმძღვანელებენ. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ წარმატებისთვის კარგი ნიადაგი შექმნა რუსული პასპორტების მასობრივად დარიგებამ. როგორ გამოიყურება ეს პროცესები საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით?
საარჩევნო უბნების უმეტესი ნაწილი განთავსდება ჩვენი სამხედრო ბაზების ტერიტორიებზე და, როგორც ჩანს, კომისიის წევრებიც ამ ნაწილების წარმომადგენლები იქნებიან...

მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რუსეთი პირველად ატარებს სახელმწიფო დუმის არჩევნებს და მმართველი პარტია, ”ედინაია როსია”, ხმების მოპოვებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც დიდი მონდომებით გეგმავს. როგორც რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის ნიკოლაი კონკინის სამშაბათის კომენტარიდან ირკვევა, საარჩევნო პროცესები ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო ბერკეტების სრული ამოქმედებით წარიმართება. კონკინი ამბობს, რომ ამომრჩევლებს, არც მეტი და არც ნაკლები, სამხედრო ბაზებში უმასპინძლებენ:

”საარჩევნო უბნების უმეტესი ნაწილი განთავსდება ჩვენი სამხედრო ბაზების ტერიტორიებზე და, როგორც ჩანს, კომისიის წევრებიც ამ ნაწილების წარმომადგენლები იქნებიან.”

ნიკოლაი კონკინმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს სამშაბათს ისიც უთხრა, რომ საარჩევნო პროცესები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ”ხელსაყრელი” იქნება იმის გამო, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვე აქვს ხმის მისაცემად აუცილებელი დოკუმენტი - რუსეთის მოქალაქის უცხოეთის პასპორტი.

მოსკოვი აქტიურდება იმ ფაქტორის სრული იგნორირებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული თუ ჩასატარებელი ნებისმიერი ტიპის არჩევნების მისამართით, თბილისის მსგავსად, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას და მსგავსი პროცესები საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორც წესი, არალეგიტიმურად მიაჩნიათ. ამასთან, არაერთ საერთაშორისო დოკუმენტსა თუ ანგარიშში იგივე ორგანიზაციები კატეგორიულად გმობენ უკანონო პასპორტიზაციის პროცესს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში.
ეს ტერიტორიები დამოუკიდებელი სამართლის სუბიექტებიც რომ იყოს, იქ რუსეთის არჩევნების ასე სრული მასშტაბით ჩატარება აბსოლუტურად არალეგიტიმური იქნებოდა საერთაშორისო თვალსაზრისით...

შესაბამისად, ანალიტიკოსების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრეფილ საარჩევნო ხმებს რუსეთს ლეგიტიმურად არავინ ჩაუთვლის. ასე ფიქრობს, მაგალითად, თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის გამგეობის წარმომადგენელი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი კახა სოფრომაძე.

”რომ აღარ ვისაუბროთ იმაზე, რომ არალეგიტიმურია ის აღიარება და, შესაბამისად, ოკუპირებულია ეს ტერიტორიები... ვთქვათ, ეს ტერიტორიები დამოუკიდებელი სამართლის სუბიექტებიც რომ იყოს, იქ რუსეთის არჩევნების ასე სრული მასშტაბით ჩატარება აბსოლუტურად არალეგიტიმური იქნებოდა საერთაშორისო თვალსაზრისით. რადგანაც, თუ ისინი არიან იმ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები, სადაც ცხოვრობენ, წესით, არ უნდა ირჩევდნენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას კახა სოფრომაძემ.

მეტიც, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო დუმის არჩევნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებამ, შესაძლოა, საერთაშორისო სამართლის თვალში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობაც.

ანალიტიკოსების აზრით, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც სწრაფად მოაგვარებდა რუსეთის მიერ წლების მანძილზე შექმნილ პრობლემას - უკანონო პასპორტიზაციის პრობლემას. თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ უკანონო პასპორტების ჩანაცვლება დროთა განმავლობაში მაინც შესაძლებელია და, კერძოდ, იმ დოკუმენტით, რომელსაც თბილისი სთავაზობს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას. ამ საკითხის წარმატება თანმიმდევრული და დიდი შრომის შედეგად წარმოუდგენია გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარეს თენგიზ ფხალაძეს:
თენგიზ ფხალაძე

”ცოტა ხნის წინ ჩვენმა პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ნეიტრალური დოკუმენტის შესახებ... მაგრამ ერთია საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და მეორეა მათი იმპლიმენტაცია. მთავარია, რომ მსგავსი მექანიზმები ამოქმედდეს. ჩვენ ამ შემთხვევაში რამდენიმე მიმართულებით გვიწევს დიპლომატიური ფრონტის გაშლა. ერთია ურთიერთობა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან და მეორეა ურთიერთობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. თუ ამ ნეიტრალური დოკუმენტით ადამიანს საზღვარგარეთ გასვლის საშუალება არ მიეცა, მაშინ ეს დოკუმენტი საერთოდ დაკარგავს აზრს და ხიბლს.”

თენგიზ ფხალაძე ხაზს უსვამს საერთაშორისო მხარდაჭერას საქართველოს ინტერესებისადმი და მაგალითად მოჰყავს ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრებს უარი უთხრა თბილისის გვერდის ავლით მოთხოვნილ ვიზებზე.
XS
SM
MD
LG