Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოსნი მუბარაქი სასამართლოს წინაშე წარდგა


სასამართლო პროცესი პირდაპირი ეთერით გადაიცემა
სასამართლო პროცესი პირდაპირი ეთერით გადაიცემა
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში დღეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის სასამართლო პროცესი დაიწყო. მათ ბრალი ედებათ უმძიმეს დანაშაულში - ადამიანების დახოცვიდან დაწყებული და კორუფციით დამთავრებული. თუკი სასამართლო პროკურატურის ბრალდებას გაიზიარებს, მაშინ ჰოსნი მუბარაქს სიკვდილით დასჯა ელოდება.
ნამდვილად არ არის მართებული, რომ მუბარაქის მსგავსმა ადამიანმა, რომელსაც ასეთი ბიოგრაფია აქვს და რომელმაც ქვეყნისათვის გააკეთა ის, რაც გააკეთა, ასე დაამთავროს სიცოცხლე...

ეგვიპტის ყოფილი ლიდერის, ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი 3 აგვისტოს დაიწყო კაიროს პოლიციის აკადემიის შენობაში, აკადემიისა, რომელსაც თავის დროზე „მუბარაკის სახელობის პოლიციის აკადემია“ ეწოდებოდა. შენობის წინა პერიმეტრზე წესრიგის დასაცავად ასობით პოლიციელი იყო მობილიზებული. სასამართლო პროცესის დაწყებამდე შენობის წინ მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მუბარაქის მომხრეებსა და ყოფილი დიქტატორის მოწინააღმდეგეებს შორის, რომლებიც მხარს უჭერდნენ ყოფილი პრეზიდენტისა და მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი რეჟიმის წარმომადგენლების გასამართლებას. სასამართლოს წინ იყო ჰოსნი მუბარაქის მომხრე მოჰამედ ბაგათი, რომელიც ფიქრობს, რომ მუბარაქის მსგავს ლიდერს დაფასება და მოფრთხილება სჭირდება:

„მახსოვს, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მაცივარი დიდი დეფიციტი იყო, ხოლო კანალიზაციის წყალი პირდაპირ ქუჩებში იღვრებოდა. მე ვიზრდებოდი და ჩემს თვალწინ შენდებოდა ეგვიპტე, და ეს ნამდვილად არ არის მართებული... ნამდვილად არ არის მართებული, რომ მუბარაქის მსგავსმა ადამიანმა, რომელსაც ასეთი ბიოგრაფია აქვს და რომელმაც ქვეყნისათვის გააკეთა ის, რაც გააკეთა, ასე დაამთავროს სიცოცხლე. ის ლიდერია და ქვეყანამ უნდა ინატროს მისი მსგავსი ხელმძღვანელი.“
საჭიროა, რომ ადამიანებმა დაიცვან წესრიგი და ისხდნენ თავიანთ ადგილებზე. ეს საჭიროა ჩვენთვის, რომ შევასრულოთ ჩვენი სამუშაო და სასამართლო პროცესი თავისი გზით წარიმართოს...

ჰოსნი მუბარაქმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არ ცნობს დამნაშავედ თავს წაყენებულ ბრალდებებში. ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ედება კორუფციასა და დემონსტრაციის ძალით დაშლაში, რომლის შედეგად იანვარ-თებერვალში უსაფრთხოების ძალებმა 850 დემონსტრანტი დახოცეს. მუბარაქის გარდა, განსასჯელის სკამზე არიან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰაბიბ ელ ადლი, ექვსი მაღალი რანგის პოლიციელი და მუბარაქის შვილები გამალი და ალაა, რომლებსაც კორუფციაში ედებათ ბრალი. სასამართლო პროცესზე 3 აგვისტოს მუბარაკის შვილებმაც განაცხადეს, რომ თავს არ ცნობენ დამნაშავედ. სასამართლო პროცესი, რომელსაც მოსამართლე აჰმედ რაფაატი ხელმძღვანელობს, ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცემა. პირველ სხდომაზე მოსამართლემ აუდიტორიას რამდეჯერმე მოუწოდა წესრიგისაკენ:

„საჭიროა, რომ ადამიანებმა დაიცვან წესრიგი და ისხდნენ თავიანთ ადგილებზე. ეს საჭიროა ჩვენთვის, რომ შევასრულოთ ჩვენი სამუშაო და სასამართლო პროცესი თავისი გზით წარიმართოს.“
ჰოსნი მუბარაქი სასამართლოზე

სასამართლო პროცესზე 83 წლის ჰოსნი მუბარაქი ავადმყოფურად და სუსტად გამოიყურებოდა. ეგვიპტის ყოფილი ლიდერი, რომელიც საკურორტო ქალაქ შარმ ელ-შეიხის ჰოსპიტალში ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ გადიოდა მკურნალობას, ამჟამად გისოსებს მიღმა იმყოფება განსასჯელებთან ერთად. მუბარაქი პირველი არაბი ლიდერია, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისიდან არაბული სამყარო მოიცვა. თანამდებობა ასევე დატოვა ტუნისის პრეზიდენტმა ზინე ალ აბიდინემ, რომელმაც საუდის არაბეთს შეაფარა თავი. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ჰოსნი მუბარაქმა კი დაიფიცა, რომ ეგვიპტის მიწაზე დაასრულებს სიცოცხლეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG