Accessibility links

სასამართლო განხილვა გადაიდო


თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 აგვისტოსთვის გადადო სასამართლო განხილვა, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ სარჩელის საფუძველზე 4 აგვისტოს იყო დანიშნული. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ დასუფთავების გადასახადის ტარიფის გამოთვლის ახალი წესის გაუქმებას ითხოვს. გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის საკრებულომ 24 ივნისს მიიღო, დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადთან მიბმას ითვალისწინებს. ქრისტიან-დემოკრატების მტკიცებით, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება არღვევს კანონს ”მოსაკრებლის შესახებ”. კანონის თანახმად კი, ერთ სულ მოსახლეზე დასუფთავების გადასახადი თვეში სამ ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

4 აგვისტოს სასამართლო სხდომა თხუთმეტიოდე წუთს გაგრძელდა. სხდომაზე მოპასუხე მხარემ, თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა, საკითხის არსებით განხილვაზე მოუმზადებლობის გამო უარი თქვა და სხდომის გადადება მოითხოვა. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რასაც პარლამენტის ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატის“ თავმჯდომარე, გიორგი ახვლედიანი, გაგებით შეხვდა, თუმცა, იმავდროულად, აღნიშნა გარემოება, რომელიც მან საგანგაშოდ მიიჩნია:

”ამ თხუთმეტი წუთის განმავლობაში არაერთი ფაქტი დავაფიქსირეთ მოსამართლის მხრიდან ძალიან აგრესიული განწყობის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალ სხდომებზე ეს აღმოიფხვრება და ეს ტენდენცია აღარ გაგრძელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გაგრძელდა ეს შინაარსს მოკლებული და საფუძველს მოკლებული აგრესია მოსამართლის მიერ მოსარჩელე მხარის მიმართ, ჩვენც მოგვიწევს ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტების ამოქმედება. ”

თბილისში დასუფთავების გადასახადის წესის შეცვლის გამო საქალაქო სასამართლოს „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 1 ივლისს მიმართა. სწორედ ამ დღეს შევიდა ძალაში დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს, დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით, ყოველ კილოვატსაათზე 5 თეთრს გადაიხდის. ამით დასუფთავების მოსაკრებელი მიმდინარე წლის განმავლობაში მეორედ შეიცვალა: დაახლოებით 6 თვის წინ მოსაკრებლის ტარიფი 2, 50 თეთრი გახდა. თუმცა, ტარიფის გაზრდის მიუხედავად, თბილისის ბიუჯეტმა დაგეგმილი თანხები ვერ ამოიღო. თბილისის მერის მოადგილის, ტარიელ ხიზანეიშვილის განმარტებით, შემოსავლები მატების ნაცვლად დღითი დღე მცირდებოდა და მერიას თვეში დარგის მილიონლარიანი სუბსიდირება უწევდა:

”ჩვენი გათვლებით, შემოსავალი 3 მილიონი ლარი მაინც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოსახლეობის ნაწილში, დღევანდელი მონაცემებით, ფაქტობრივი შემოსავალი 2 მილიონამდე ლარია.”

დედაქალაქის მთავრობასა და საკრებულოს უმრავლესობაში, შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრება, რომ დასუფთავების გადასახადის სხვა ინდიკატორთან მიბმა ვითარების გამოსწორების ოპტიმალური გზა იქნებოდა. პოზიცია საკრებულოს უმრავლესობამ ერთსულოვნად დაიცვა 24 ივნისის სხდომაზე, სადაც გადაწყდა, რომ ეს ინდიკატორია გახარჯული ელექტროენერგია, რომლის მოცულობაც ყველაზე ობიექტურად ასახავს ცალკეული ოჯახის შემოსავლებს.

ალოგიკური, არაკონსტიტუციური, უსამართლო, დაუსაბუთებელი ... -დასუფთავების ტარიფის ელექტროენერგიის ტარიფთან მიბმის გამო გამოხატულ ამგვარ შეფასებებთან ერთად, ოპოზიციამ დასუფთავების გადასახადის ამოღების რამდენიმე ვარიანტი თავადაც წარადგინა, თუმცა საკრებულოში უმრავლესობასთან ოპონირებამ უმცირესობას შედეგი ვერ მოუტანა. ქრისტიან-დემოკრატების დარად, დავა სასამართლო დარბაზში გადაიტანეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც.

რესპუბლიკურმა პარტიამ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „ხალხის პარტიამ“ ერთობლივი სარჩელით საქალაქო სასამართლოს დაახლოებით 2 კვირის წინათ მიმართეს. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის, განმარტებით, სარჩელი ფართოა და საკითხთა ვრცელ სპექტრს მოიცავს:

”ამ გადაწყვეტილებით დაირღვა საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, ვინაიდან ეს კანონი იმპერატიულად ითხოვს საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს ყველა ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ფინანსურ საკითხებს ეხება და ეს არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას დართული, მეორე ეს არის თავად საკრებულოს რეგლამენტი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, იმიტომ რომ დარღვეული იყო აქტის განხილვის საჯაროობის პრინციპები და ვადები და მეოთხე იყო ცნობილი მოსაკრებლის შესახებ კანონი.

ოპოზიციურ პარტიათა ერთობლივი სარჩელი, დასუფთავების ტარიფის გამოთვლის წესის ბათილად ცნობის გარდა, საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღების პროცედურების დარღვევას შეეხება ზოგადად. რესპუბლიკელები, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ხალხის პარტია“ სასამართლო სხდომის დანიშვნის მოლოდინში არიან.
XS
SM
MD
LG